|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაიყიდება თუ არა ქუთაისში მთავრობის სახლი?

 

პრემიერმა იმერეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მთავრობის სახლი, რომელიც ქუთაისში მდებარეობს, სავარაუდოდ,  უნდა გაიყიდოს. „ნიუპრესი“ დაინტერესდა,  რას ფიქრობენ ქუთაისში ამ საკითხთან დაკავშირებით.

ქუთაისში პარლამენტის გადმოტანის იდეა წინა ხელისუფლებას ეკუთვნის.  იდეა კონსტიტუციის დონეზე სისრულეში მოიყვანეს და პარლამენტმაც  ფუნქციონირება დაიწყო,  თუმცა ახალი შენობა ახალმა ხელისუფლებამ დაიწუნა. დღეს ქუთაისში მხოლოდ სესიები იმართება,  პარლამენტის საკომიტეტო  მოსმენები კი თბილისში, პარლამენტის ძველ შენობაში ტარდება.   მთავრობის სახლი უფუნქციო დარჩა.

  როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,  ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლის შენობა  უნდა გაიყიდოს:

,,ჩვენ ვცდილობთ, მოვუძებნოთ ფუნქცია ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობას,რომელიც 350 მილიონი დაჯდა და  მთავრობის სახლს,  რომლისთვისაც 80 მილიონი დაიხარჯა. რა საჭირო იყო ეს შენობები ქუთაისში,  არ ვიცი, როცა სხვა მნიშვნელოვანიპროექტები იყო განსახორციელებელი. მთავრობის სახლთან დაკავშირებით არანაირიპოზიცია არ მაქვს.  ალბათ,  ეს შენობა უნდა გაიყიდოს"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის სასახლე ადვილად რომ ვერ გაიყიდება,  ამას ფინანსთა მინისტრიც აღიარებს.  მისი თქმით, ძნელია მოიძებნოს ადამიანი, ვინც ამ შენობაში 80 მილიონს გადაიხდის. ის ასევე ფიქრობს, რომ  პარლამენტის შენობაში დახარჯული 350 მილიონი ლარით სხვა საქმეების გაკეთება შეიძლებოდა: "არის ქალაქი, რომელსაც აქვს პარლამენტი,  მაგრამ არაქვს წყალი. იმ 350 მილიონით შეიძლებოდა წყალმომარაგების სისტემის გაკეთება,რომელიც მოამარაგებდა არა მარტო ქუთაისს, არამედ მთელ დასავლეთ საქართველოსაც", -განაცხადა ნოდარ ხადურმა.  


პრემიერის ამ ინიციატივას უარყოფითად აფასებენ  ქუთაისელი „ნაციონალები“. „კარგი იქნებოდა, თუ საკომიტეტო მოსმენებიც აქ იქნებოდა.  უმრავლესობამ ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღო,“- ამბობს საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატი დავით გოგისვანიძე.

მთავრობის სახლის შესყიდვის მსურველის გამოჩენის იმედი არც „ნაციონალურ“  მოძრაობაში აქვთ:  „ქალაქში გაუარესებულია  ბიზნესგარემო. ეკონომიკის თვალსაზრისით,  ქალაქს წინსვლის პერსპექტივა არ აქვს.  ძალიან ბევრ სავაჭრო ობიექტს აწერია, რომ იყიდება. დღითიდღე მატულობს რიცხვი მცირე ბიზნესის წარმომადგენლების გაბანკნოტების. ქუთაისს სატრანზიტო ფუნქციაც ჩამოერთმევა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ინვენტარის რაღაც ნაწილი, რაც თანამდეროვე მოთხოვნებს პასუხობდა, არის გადატანილი სხვადასხვა უწყებებში. ამ უპერსპექტივო ქალაქს არანაირი პერსპექტივა არ აქვს, რომ  რაიმე შენობა 80 მილიონად გაყიდოს. როცა მთავრობა აცხადებს, რომ ქუთაისში არ უნდა იყოს მთავრობა და არ  ტარდებოდეს პარლამენტის სხდომები, სხვა ალტერნატივას  უნდა სთავაზობენ ქალაქს. ამ სიტუაციაში  ვერცერთ ინვესტორი ვერ მოიძებნება ქვეყნის მასშტაბით,  ვინც ამხელა თანხას გაიღებს“, - განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

მთავრობის სახლის გაყიდვის  იდეას  ქუთაისში მოქმედი  არასამთავროებო ორგანიზაციების   ნაწილიც არ ეთანხმება.  ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ დამფუძნებელი გია გოქაძე ფიქრობს, რომ   ეს არის ერთი კაცის ჯიბრზე მიღებული  გადაწყვეტილება: „ეს არის ერთი კაცის ჯიბრზე, მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგოდგადადგმული ნაბიჯები. ამის მაგალითებია ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსტიტეტი და საპორტო ქალაქი „ლაზიკა“.  სამწუხაროდ, ეს ადამიანები არ აღმოჩნდნენ მზად ქვეყნისმართვისათვის. რაც შეეხება უშუალოდ მთავრობის სახლს და შემდგომ პარლამენტისადგილმდებარეობის განსაზღვრის საკითხს,  ეს გარკვეულია საქართველოსკონსტიტუციით. მთავრობის სახლი არ არის ივანიშვილის და ღარიბაშვილის პირადიდუქანი, რომელსაც უნდათ გაყიდიან, ან გაასხვისებენ,“- ამბობს გია  გოქაძე.

ხელისუფლების მხრიდან მთავრობის სასახლის დაწუნების ერთ-ერთი მიზეზი, მისი არაპრაქტიკულობაა.  თუმცა ამ მოსაზრებას არ იზიარებს ქუთაისის 59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე  ავთანდილ ოსეფაიშვილი.   2014 წლის არჩევნების პერიოდში მთავრობის სახლის შენობაში საოლქო სააარჩევნო კომისია იყო განთავსებილი.  “იმ დროისათვის, როცა იქ განთავსებული იყო საოლქო საარჩევნო კომისია, სიტუაცია დამაკმაყოფილებელი იყო. საარჩევნო პროცესისთვის იყო ეფექტური ვარიანტი, ადვილად განთავსდა პრესკლუბი, ხდებოდა პირდაპირი ჩართვები, მაქსიმალურად ვიყენებდით შესაძლებლობას დეპუტატებისთის მანდატი გადაგვეცა, თუმცა ჩვენ მხოლოდ ერთი სართული გვეკავა, თუმცა ვერ გეტყვით, რა მდგომარება იყო სხვა სართულებზე“,- განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

გაიყიდება ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლი, თუ სხვა დატვირთვას მიიღებს, ამაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს. ფინანსთა მინისტრის განცხადებას თუ დავეყრდნობით,  შენობის ბედზე   საინტერესო მოსაზრებები პარლამენტარებს აქვთ, თუმცა გადაწყვეტილების მოლოდინში მყოფი მთავრობის სახლი ამ დროისთვის უფუნქციოდ არის დარჩენილი.


ავტორი: ანა ჯიქია