|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვიცი, წყალმა წაიღო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გადარჩა"

"მაღალ სართულზე ვცხოვრობთ და კარგად ვხედავდით ამ უბედურებას“ _მაია მაღრაძემ, რომელიც 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიის თვითმხილველია,  სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა:

"_ რამდენიმე საათის განმავლობაში ყვიროდა და შველას ითხოვდა ადამიანი, რომელიც სტიქიამ ახალ გზაზე წამოიღო ავტომობილით მოძრაობისას.

მანქანიდან გადმოსვლა მოახერხა(მანქანა განათების ბოძმა გააჩერა) და ტრასებს შორის ამაღლებულ ბეტონზე ავიდა. ბოძს ჩაებღაუჭა. ფარანი ჰქონდა.

ანათებდა და განწირულად ყვიროდა. მაღალ სართულზე ვცხოვრობთ და კარგად ვხედავდით ამ უბედურებას. ზუსტად არ ვიცი რამდენჯერ დავრეკე 112-ში.

ყოველ დარეკვაზე ვუხსნიდი რაც ხდებოდა. რომ ადამიანი იყო განწირული და შველას ითხოვდა.  ვთხოვდი, რომ დაერეკათ თავდაცვის სამინისტროში და რამენაირად ერთი ვერტმფრენი, მძიმე სამხედრო ტექნიკის მანქანა, ან ტანკი მოეთხოვათ.

ყოველ ჯერზე მეკითხებოდნენ სად ხდებოდა ეს ამბავი, ყოველ ჯერზე ვუხსნიდი-ბოლოს ყვირილით. ჩემს თვალწინ ადამიანი სიცოცხლისთვის იბრძოდა, დახმარებას ითხოვდა და ვერავინ ვერაფერს ვაკეთებდით.

ერთადერთი ანთებულ ფარანს ვიქნევდი ხელით, იქნებ ხედავს და გამხნევდეს-თქო. რამდენიმე ათეული მანქანა წაიღო წყალმა. მისი მანქანაც. მერე ყველგან შუქი ჩაქრა.

კიდევ უფრო გადაირია მდინარე. კაცი დაიკარგა. კარგა ხნის შემდეგ ქვევით, მოშორებით დავინახე სინათლე. ისევ განწირული ყვირილი.მორიგ დარეკვაზე 112 მიპასუხა, რომ სხვა საქმეები ჰქონდათ. მერე მოვიდნენ სახანძრო მანქანები, მაშველები, მაგრამ ვერაფერი გააკეთეს. შორიდან უყურებდნენ და ანთებული ფარნებით იდგნენ, ვერ მიდიოდნენ(შეუძლებელი იყო). ადამიანი ყვიროდა. ბოლოს საბოლოოდ დაიკარგა მისი ფარნის შუქი და ხმა.წყალმა როგორც იქნა დაიწია და როგორც კი ტრასაზე გასვლა შესაძლებელი გახდა, მაშველები გავიდნენ და ეძებდნენ. 112-მაც დამირეკა, ვხედავდი თუ არა ისევ. (როცა ვხედავდი არ აინტერესებდათ).მე იმედი მაქვს, რომ ის ადამიანი გადარჩა. ვიცი, წყალმა წაიღო, მაგრამ მაინც იმედი მაქვს. ისე იბრძოდა..."

ავტორი: ანი ლიპარიშვილი