|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ელგუჯა თავბერიძე:„დრომ შეცვალა დამოკიდებულება მკითხველსა და ავტორს შორის“

ელექტრონული ცივილიზაციის ეპოქაში ქუთაისში წიგნებზე მოდა ისევ დაბრუნდა. მარადიული ღირებულებების მატარებელმა ტექსტებმა წარმავალი და „ადვილადფუჭებადი“ ინფორმაციის გამავრცელებლებთან ერთად დაიმკვიდრეს ადგილი ე.წ. „სტელაჟებზე“. წარმავალისა და მარადიულის ამ „თანამშრომლობამ“ ჩვენი დროის მკითხველის გააქტიურება გამოიწვია.

აქტიურობის ამ ფაზაში ყურადღების ცენტრში მხატვრული ლიტერატურა რჩება. გამომცემლობებიც, ყოველ შემთხვევაში გამომცემლობა „ხომლი ენ“ (რომელიც, როგორც თავად აღნიშნავენ, ყველაზე დიდი გამომცემლობაა დასავლეთ საქართველოში) აქცენტს მხატვრულ ლიტერატურაზე, ანუ საზოგადოების მთავარ შეკვეთაზე, აკეთებს. „ჩვენი გამომცემლობა არ არის პროფილური, მარტო სამეცნიერო ან საბავშვო, ან მხატვრული  ლიტერატურა ბეჭდოს. მიუხედავად იმისა, რომ გვყავს რედაქტორები, რომელთაც შეუძლიათ სამეცნიერო და საბავშვო წიგნების რედაქტირებაც. ძირითადად მხატვრულ ლიტერატურას გამოვცემთ“,- ამბობს შპს „ხომლი ენ“-ის დირექტორი, მწერალი ელგუჯა თავბერიძე.

მხატვრული, კლასიკური ლიტერატურა მკითხველის არჩევანია. მკითხველთა ახალი თაობის, რომელიც ოცწლიანი წყვეტის შემდეგ მიუბრუნდა კლასიკურ მხატვრულ ლიტერატურას. „იყო პერიოდი, 20 წლის განმავლობაში, როცა მოთხოვნილება იყო ბულვარულ ლიტერატურაზე: დეტექტივზე, სენსაციურ ისტორიებზე, ეროტიკაზე. ბოლო ათი წელიწადია სერიოზულ წიგნებს გაუჩნდა მკითხველი. გაჩნდა თაობა გასული საუკუნის 90-ანი წლების  მერე, რომელთაც ქართული და მსოფლიო კლასიკა, ასე მიყოლებით, სერიის სახით, არა აქვთ.  თანაც პასიურ მკითხველს აინტერესებს მხოლოდ ტექსტი (ნაკლებად დართული შენიშვნები, ბიოგრაფიული მონაცემები და ა.შ.). ამ ტექსტით მიიღოს სიამოვნება, ან მოიწონოს ან  - არა. დღეის მდგომარეობით - ბულვარული ლიტერატურის დრო წავიდა,“- მიაჩნია ელგუჯა თავბერიძეს.

დროს, როგორც მნიშვნელოვან გმირს, ბევრი კორექტივი შეაქვს, მოულოდნელ ურთიერთობებს აჩენს მკითხველს, ავტორსა და გამომცემლობას შორის. პერიოდულად ქმნის და პერიოდულად ხსნის პრობლემებს ამ ტრიადაში.  „ახალმა დროებამ შეიძლება წიგნს გარკვეული პრობლემები შეუქმნა, მაგრამ რამდენადაც ვაკვირდები, შემიძლია გითხრათ, რომ ეს პრობლემები მაინც დროებითი იყო. მაგალითად, ესპანეთში 1990-იანი წლების ბოლოს წიგნის მაღაზიებს ხურავდნენ და  კაფეებს და რესტორნებს აკეთებდნენ, მაგრამ დღეს პირიქით ხდება  - კაფეებს ხურავენ და წიგნის მაღაზიებს ხსნიან. არის პერიოდები, როცა  რაღაც გადადის მოდიდან და შემოდის სხვა. არის გამომცემლობები მკითხველთა დაინტერესების სპეციფიკური მეთოდებით.  მაგალითად, საფრანგეთში არის გმომცემლობები, სადაც ნებისმიერ ფრანგს შეუძლია ელექტრონული ან ბეჭდური სახით  მიიტანოს თავისი ცხოვრების თავგადასავალი. მათ ამით ადამიანის პატივმოყვარეობაზე იმოქმედეს: ის,  რომ ჩემი განვლილი ცხოვრება არ დარჩეს შეუმჩნეველი და ვიღაცამ იცოდეს როგორ ვიცხოვრე,  ამ ფორმით გამომცემლობამ საფრანგეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი დაიკავშირა. რის შემდეგაც ეს ხალხი ამ გამომცემლობის სხვა წიგნებითაც დაინტერესდნენ და შეიძინეს.  ათასი საშუალებაა რომ დააინტერესო მკითხველი“, - ამბობს ელგუჯა თავბერიძე.

თუმცა საქართველოში, კერძოდ ქუთაისში ძალიან ძნელია იპოვო საშუალება, რომ კერძო ფირმები წიგნის გამოცემით დააინტერესო. ფირმებისა და კომპანიების მიერ დაფინანსებული წიგნი უიშვიათესი მოვლენაა გამომცემლებისათვის. ამის გამო დამფინანსებლებად თავად ავტორები იქცევიან, ან სახელმწიფო. რომელიც ტენდერს აწყობს ამა თუ იმ წიგნის გამოცემაზე. ანუ გამოცემის შანსი აქვთ იმ ტიპის წიგნებს, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებში დაკავებული  ჩინოსნების გემოვნებაში ჯდება.

გემოვნებამ ნაკლებად, ალბათ უფრო დრომ, ლიტერატურა გარკვეული ფორმით თუ ფორმატით დაახარისხა. გაჩნდა მოთხოვნა თუ აუცილებლობა ლიტერატურა სხვადასხვა სივრცეში განაწილდეს. „ხომლი ენ“- ის დირექტორის ინფორმაციით პოეზიას ნაკლებად  ყიდულობენ, პოეზიის კითხვა გადავიდა ინტერნეტში, იქ მეტი მკითხველი ყავს, ვიდრე წიგნად გამოცემულ ტექსტს. თუმცა რომანები და სქელტანიანი ლიტერატურა ძირითადად მაინც ბეჭდური წიგნების საკუთრებაში რჩება.

მკითხველის საკუთრებაში რჩება პირობების და მოთხოვნების წამოყენების უფლებაც და ეს მოთხოვნები სულ უფრო  ფართო ხდება. ელგუჯა თავბერიძის თქმით, დრო ცვლის მკითხველს, 21-ე საუკუნის მკითხველი მეტად კრიტიკული და ეჭვიანია, ვიდრე თუნდაც 20 წლის წინანდელი. „იგი აკვირდება არა მარტო  ნაწარმოების მხატვრულ დონეს, არამედ  - ავტორსაც. აინტერესებს ავტორის პოზიცია ვთქვათ ქვეყანასთან, პოლიტიკასთან, წარსულთან მიმართებაში. ადრე მთავარი იყო ნაწარმოები ყოფილიყო მხატვრულად სრულყოფილი, არ დაეძებდა მკითხველი ვინ იყო მისი ავტორი, არ ინტერესებდა ავტორის ბიოგრაფია, მისი ცხოვრების დეტალები.  დღევანდელი პირიქით, ჯერ ინტერესდება ავტორის პირადი ცხოვრებით და მერე  მისი ნაწარმოებით. დრომ შეცვალა დამოკიდებულება მკითხველსა და ავტორს შორის“, - მიაჩნია ელგუჯა თავბერიძეს. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა