|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„როცა ქართველი მეათე საუკუნის ფრესკას ასე ჩამოფხეკს, ამაზე მეტი ვანდალიზმი რა უნდა იყოს“

newpress.ge–ის მიერ, ბაგრატის ტაძრის გამქრალი ფრესკის ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ, ტაძრის რეაბილიტაციის პროცესში განადგურებული მემკვიდრეობის დეტალებზე ჩვენთან საუბარი ისურვა  ლევან ჯიქიამ, რომელსაც ბაგრატის ტაძარზე სამუშაოების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა, ჯერ კიდევ  1984 წლიდან 1996 წლამდე ეკავა, შემდეგ კი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე, 2001 წლიდან - 2005 წლამდე იმყოფებოდა.

როგორც თავად განმარტავს, მის პირად არქივში უხვად მოიპოვებოდა სხვადასხვა დოკუმენტაცია და  ფოტომასალა ბაგრატის ტაძრის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. რომელიც, დღემდე მისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო დაიკარგა. აღნიშნულ ფაქტს ლევან ჯიქია, სავარაუდოდ, მის მიმართ  განხორციელებულ მიზანმიმართულ ქმედებად აფასებს.

- ბოლოს როდის და რამდენად გარკვევით იკითხებოდა, ბაგრატის ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში ღვთისმშობლის ფრესკის ფრაგმენტები?

აბსოლუტურად ჩვეულებრივად იკითხებოდა ფრესკის ფრაგმენტები 2009 წლამდე. ეს ფრესკა სულ ლუპით  მაქვს შესწავლილი. ის საოაცრი ოსტატობით შესრულებული ფრესკა იყო. უძველესი, მეათე საუკუნის უნიკალური კულტურული ღირებულება.

ერთხელ, ერთი მეცნიერი იყო ჩამოსული ბაგრატის ტაძარზე წარწერების შესასწავლად და როცა ეს ფრესკა ვანახე, მან  აღფრთოვანება ვერ დამალა, ახლა ასეთი ფრესკა უკვე აღარ არსებობს. http://newpress.ge/index.php?page=1&news_id=861

        რამდენად იყო შესაძლებელი  ღვთისმშობლის ფრესკის გადარჩენა?

სულ მარტივად შეიძლებოდა, რომ არ დაგვეკარგა ასეთი მნიშვნელობის სიწმინდე. ვამბობდი, ვყვიროდი წლების მანძილზე, მივხედოთ ამ უნიკალურ ფრესკას, სოკოს დაავადება აქვს გაჩენილი, ფიზიკოქიმიური თვისებებით იშლება მეთქი, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია.

-  როდის და ვის მიმართეთ პირველად ფრესკის გადარჩენის მიზნით?

ამას 1998 წლიდან ვამბობდი და შველას ვითხოვდი. რამდენჯერ დავწერე წერილი პრეზიდენტის, ადგილობრივი მერისა და გუბერნატორების სახელზე, თუმცა მათგან არასოდეს, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია ჩემს თხოვნას. უყურადღებობის გამო კი, აი, რა დაგვემართა.  კვირა არ გავა, არ ვნახო სიზმარი, სადაც  საყვედურს მეუბნება ვიღაც ,,რატომ დატოვე ბაგრატიო". ბაგრატი არის ჩემი სიხარულიც და ჩემი სატკივარიც და  მე მეტირება მის  დღევანდელ რეალობაზე. 

-  როგორია ტაძრის დღევანდელი რეალობა?

მაგალითად, ის შუშის ნაწილი, რომელიც ახლა ბაგრატის ტაძრის კუთხეშია აშენებული, არ შეიძლება იყოს საუკუნეების ტაძარზე! არ შეიძლება, ჩამოფხიკო მეათე საუკუნის ფრესკა.

– ფრესკის გარდა, სხვა კულტურული ღირებულებაც ხომ არ განადგურებულა   ბაგრატის ტაძარზე?

ტაძრის შიგნით, იატაკზე, ასევე მეათე საუკუნის მხატვრული, დეკორაციული მოზაიკაც  გაქრა. 2009 წლის მერე, ამ მოზაიკიდან მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი და ისიც მხოლოდ სამრეკლოსთან. და ეს კიდევ მეორე და საშინელი შეცდომაა. მომხდარიყო ტაძრის აღდგენა, მაგრამ არა ძეგლის ასეთი  ხელყოფა. ბევრი შეცდომაა დაშვებული, ძალიან ბევრი.

ისტორიას და ჩვენს თავს, თვალი რომ გავუსწოროთ, ბევრი რამის დანახვას შევძლებთ უკეთ. ისტორიას მოვიშველიებ ამისთვის. როცა ბაგრატის დასაპყრობად თურქები მოვიდნენ, ვერც აღმოსავლეთ მხრიდან, ვერც დასავლეთის მხრიდან და ვერც ჩრდილოეთის მხრიდან შემოვიდნენ. წინა მხარე კი სულ გუშაგებითა და ჯარით სავსე იყო. მტერმა ორი კვირა იცადა და  გაბრუნებასაც აპირებდნენ, ვიდრე სეხნია ჩხეიძემ თავისი ხელით არ გაუღო კარები მათ. ისევ ქართველმა დააზარალა მაშინ ბაგრატი. დღესაც, როცა ქართველი მეათე საუკუნის ფრესკას ასე ჩამოფხეკს, ამაზე მეტი ვანდალიზმი რა უნდა იყოს.

ამ ფრესკის ფოტოც ინახებოდა ჩემს არქივში, რომელიც ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო დაიკარგა. ვფიქრობ, ეს მიზანმიმართულად მოხდა.

- რა სახის ფოტომასალა და დოკუმენტები ინახებოდა თქვენს არქივში?

1984 წლიდან, დღე და ღამე ბაგრატზე ვიყავი, ბაგრატის თითოეულ ქვას ვიცნობ. არქივში ტაძრის ყველა კუთხის ისტორია იყო. ახლა კი ისიც აღარ არსებობს. მარტო ჩემი გულისტკივილი კიდევ ჯანდაბას, მაგრამ ამით, ქუთაისმა დაკარგა მთელი 30 წლის ისტორია. 

ავტორი: ანა ჯანაშია