|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "მაწანწალა ძაღლების" დახოცვა აიკრძალა [Video]

ქუთაისში, "უპატრონო" ძაღლების სიცოცხლის უფლებას 16 000 ლარიანი ჯარიმით დაიცავენ.

ქუთაისის მერიამ მრავალგზის ჩავარდნილი ტენდერის შემდეგ, უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველებზე პასუხისმგებლობა ინდ. მეწარმე "სერგო ვერულაშვილს" გადასცა.

სატენდერო პირობების მიხედვით, კომპანიას ქუჩაში დაჭერილი ძაღლების მოკვლა და განადგურება ეკრძალება. ის ვალდებულია, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა, მათი კვება და მოვლა–პატრონობა უზრუნველყოს.

კომპანია "სერგო ვერულაშვილი" ქუთაისიდან 300 მეტრის მოშორებით, ე.წ. მე-11 "ატეკის" ამორტიზებულ შენობაშია განთავსებული.

კომპანიაში სულ 6 თანამშრომელი მუშაობს. რომლებსაც მართალია სპეციალური ძაღლსაჭერი მანქანა ჰყავთ, მაგრამ ძაღლების დაჭერა ისევ მაშებით უწევთ. ასევე მწყობრიდან გამოსულია შენობა, სადაც თანამშრომლები იმყოფებიან.

ძაღლებით სავსე გალიები კი, გადაუხურავ ნანგრევებშია განთავსებული.

"მაწანწალა ძაღლების" პრობლემის სამართავად, ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში, მიმდინარე წელს 50 000 ლარი გამოიყო.  რაც 30 000 ლარით ნაკლებია, გასული  წლების ბიუჯეტთან შედარებით.

2011- 2012 წლებში, ქუთაისში, ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მიერ, ყოველწლიურად 2500-დან 3000–მდე ძაღლის აყვანა ხდებოდა. თუმცა, როგორც ირკვევა, ქუთაისში ცხოველთა უფლებები მთლიანად ირღვეოდა. რადგან ქალაქის ტერიტორიაზე მყოფ ძაღლებს, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები, აგროვებდნენ და ერთად, მაღალი ელექტრული ძაბვით კლავდნენ.

"მაწანწალა ძაღლების" პრობლემის გადაწყვეტად, 2013 წელს, ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ასევე, შეიმუშავა ახალი პროექტი. რომლის მიხედვითაც, ე.წ. "იპოდრომის" ტერიტორიაზე ძაღლსაფარი უნდა მოეწყოთ.

კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, ლევან ჭანჭალეიშვილის ინფორმაციით, ძაღლსაფარში უპატრონო ცხოველების  სამედიცინო გამოკვლევა,  სტერილიზაცია და აცრების  ჩატარება უნდა განხორციელებულიყო. თუმცა მიმდინარე წელს, 35 000 ლარის ღირებულების პროექტი, ცენტრალურმა ხელისუფლებამ მერიას არ დაუფინანსა. თუმცა კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციითვე, ძაღლსაფარის მოწყობას ისინი "იპოდრომის" ტერიტორიაზე ამჯერად საკუთარი ფინანსებით აპირებენ.

ავტორი: ანა ჯანაშია