„ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს საჩხერეში, ისევე, როგორც სხვაგან, არჩევნების მოსაგებად"
ღიად თუ
ფარულად
დაწყებული საარჩევნო
სამზადისი,
მუშათა
დაშლილი
აქციები და
ორგანიზატორად
დასახელებული იმერეთის
გუბერნატორი,
ქუთაისში
მშენებარე პარლამენტის
დახურული დეტალები
და პარლამენტართა
სახლების შეჩერებული
მშენებელობა, მოსალოდნელი
საკადრო
ცვლილებები და
ბევრი სხვა
პასუხგაუცემელი
შეკითხვები -
როგორ და
რისთვის ემზადება
ადგილობრივი
ხელისუფლება
საპარლამენტო
არჩევნებისთვის?
რა არის
ყველაზე
მნიშვნელოვანი
პროექტები?
- არსებულ
თემებზე იმერეთის
გუბერნატორი
ლაშა მაქაცარია საუბრობს:
- ქვეყანაში ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტი ქუთაისში მიმდინარეობს. ეს არის პარლამენტის შენებლობა. ეს არის არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული შენობის აგება, არამედ, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი ამ რეგიონის განვითარებისთვის და საერთოდ, ქვეყნისთვის. ქვეყანას სჭირდება დეცენტრალიზაცია. პარლამენტის ქუთაისში გადმოსვლა და პოლიტიკური ცენტრის აქ არსებობა, გამოიწვევს ამ რეგიონის განვითარებას. ეს პირველ რიგში, ისტორიული სამართლიანობის აღდგენაა. ამას მოჰყვება დასაქმებული ადამიანები. ახლა რომ საუბრობენ, არის თუ არა მზად ქუთაისი ამისთვის? ქუთაისი, რა თქმა უნდა, მზად არის რაღაც დონეზე. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი გაკეთდა. ჩვენ მომავალში ველოდებით უფრო მეტ ინვესტიცებს. რადგან, სახელმწიფომ არ შეიძლება თავის თავზე აიღოს ყველა სახის ინფრასტრუქტურის განვითარება.
- როგორც ცნობილია, პარლამენტი ქუთაისში მიმდინარე წლის 26 მაისს უნდა გაიხსნას. სულ ახლახანს პარლამენტის რეგლამენტში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, პირველი მაისიდან, შესაძლოა ქუთაისშიც გაიმართოს სხდომა. ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ამ დროისთვის ვერ მოესწრება პარლამენტის მშენებლობა. როგორ შეხვდება 26 მაისს ქუთაისის პარლამენტი?
- მე მესმის ასეთი საუბრები. საუბრობენ იმაზეც, რომ პარლამენტის მშენებლობა არის გასაიდუმლოებული. მაშინ საიდან აკეთებენ ამ დასკვნას? ეს ყველაფერი არის ჭორი და ყოველგვარ რეალობას მოკლებული. ხალხს აინტერესებს, რა თქმა უნდა, რა პროცესშია და როგორ მიმდინარეობს მშენებლობა. მაგრამ, როდესაც საუბარია ასეთი მასშტაბის მშენებლობაზე, ამ შემთხვევაში ყველამ ერთმანეთს უნდა დავუჭიროთ მხარი. მითუმეტეს, ამ რეგიონის მაცხოვრებლებმა და უნდა ვილაპარაკოთ არა იმაზე, რომ ვერ მოესწრება, არამედ იმაზე, რომ მოსწრება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მოვასწრებთ 26 მაისს.
26 მაისს ჩატარდება პარლამენტის სხდომა ქუთაისში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ოთახი თავისი ჭაღებით და ავეჯით იქნება მზად. ამაზე არც არის საუბარი. 26 მაისის შემდგომ, ახალი მოწვევის პარლამენტამდე, არის ბევრი დრო, რომ ყველა სახის სამუშაო დასრულდეს. ჩვენ ვთქვით და ვუთხარით მოსახლეობას, რომ 26 მაისს ქუთაისში ჩატარდება პარლამენტის პირველი სხდომა. რა თქმა უნდა, ეს არის სიმბოლური ხასიათის. ეს იქნება სავარაუდოდ, ამ მოწვევის პარლამენტის ბოლო სხდომა, რომელიც აქ ჩატარდება და გზას მისცემს ახალ პარლამენტს. და ჩვენ ყველაფრით, თავისი ინფრასტრუქტურით, სწორედ აქეთკენ მივდივართ და მომავალი პარლამენტისთვის ვემზადებით.
- პარლამენტის მშენებლობის დაწყების დროს, ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ იქ ადგილობრივი მუშახელი დასაქმდებოდა. რამდენი ადამიანია დასაქმებული და აქედან, ადგილობრივი რამდენია?
- ზუსტი ციფრი პირობითია, რადგან სხვადასხვა სამუშაოებზე სხვადასხვა რაოდენობის ადამიანია დასაქმებული. იქ ასობით ადამიანი მუშაობს. აქედან, ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მუშახელია. არიან წყალტუბოელები, ხონელები, ზესტაფონელები.
ავტორი: თეა ზიბზიბაძე