|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბექა მინდიაშვილი – საპატრიარქო ღმერთისა და ადამიანის შესახებ ტყუილების გავრცელების მთავარი წყაროა

საქართველოში მართლმადიდებლური რელიგიისა და რელიგიური ცხოვრების ,,აღზევების" ხანაში, რამდენად იქადაგება მართლმადიდებელი ეკლესიის ამბიონებიდან ქრისტიანობარეალურად იცნობს თუ არა მართლმადიდებელი აქტიური მრევლი საკუთარ სარწმუნოებას? როგორი უნდა იყოს ქრისტეს ეკლესია და როგორი არის იგი დღეს საქართველოში? აღნიშნულ საკითხებზე გვესაუბრება თეოლოგი, ბექა მინდიაშვილი.

– ის, რაც დღეს საქართველოში საეკლესიო ამბიონებიდან მართლმადიდბელ სარწმუნოებად საღდება, არის ე.წ. პოლიტიკური მართლმადიდებლობა, რომლის არქეტიპი რუსეთში, მეცხრამეტე საუკუნეში შეიქმნა, როგორც იმპერიის მოდერნიზაციაზე რეაქცია, დახუნძლული ანტიდასავლური იდეოლოგიური კლიშეებით, დაწყებული, ვთქვათ, დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი აგრესიული დამოკიდებულებით, შეუწყნარებლობისა და ათასგვარი კონსპირაციული პარანოიის კულტივაციით, დამთავრებული აზროვნების, შემოქმედების, ქცევის, ჩაცმის, გადაადგილების, სქესობრივი ცხოვრების ტოტალური რეგლამენტაციისკენ სრულიად პერვერსიული სწრაფვით. ამას, რა თქმა უნდა, საერთო არაფერი აქვს მართლმადიდებლურ რწმენასთან. იმ ქრისტიანობასთან, რომელსაც მაცხოვარმა დაუდო სათავე, რომლის აღმსარებელნი იყვნენ გრიგილ ღვთისმეტყველი ან ათონელი მამები. ეს არ არის მართლმადიდებლობა, არამედ ეს არის თავისებური იდეოლოგიური კონსტრუქცია, ტროას ცხენი, სატყუარა, რომლითაც რუსეთს საქართველოზე გაბატონების სანქცირება სურს.

დაუკვირდით, რა არის საპატრიარქოს მთავარი საზრუნავი: აშშ-ს, ევროპის, ზოგადად, ყოველივე დასავლურის გარყვნილ, ანტიქრისტიანულ, ჩვენი იდენტობისთვის მტრულ მოვლენებად წარმოჩენა. სწორედ ამ კონტექსტში ხორციელდება უკლებლივ ყველა იდეოლოგიური პროექტი ეკლესიაში - ID ბარათებისადმი ცრურწმენების გავრცელებისა და 17 მაისის ძალადობით დაწყებული, რუსეთის, პუტინის, სტალინის, ნიკოლოზ მეორეს ქება-დიდებით, რუსი წმინდანების კულტით დამთავრებული. ამ მხრივ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იქცევს ყურადღებას: ქართული ნაციონალიზმი თავისი განვითარების თუ განუვითარებლობის ნებისმიერ სტადიაზე ანტირუსული და დასავლეთზე ორიენტირებული იყო, ხოლო პოლიტიკურმა მართლმადიდებლობამ, წლების განმავლობაში, შეძლო შეექმნა ნაციონალიზმის ისეთი ორეული, ისეთი კალკი, რომელიც ანტიდასავლური და პრორუსულია, რომლის მახეში გაბმული ქართველი გულს რუსეთისადმი სასოებითა და დასავლეთის გინებით იოხებს - აი, ეს არის დღეს საპატრიარქოს მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი შედეგი, მისი ჭირნახული.

ამ იდეოლოგიურ სიმსივნეს თუ უშუალოდ  რელიგიურ პრიზმაში დავაკვირდებით, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უბრალოდ ქრისტეს მტრობა, ბოროტების ყველაზე უფრო დახვეწილი და მზაკვრული გამოვლინება.

საეკლესიო მამები ერთხმად  აცხადებენ, რომ ანტიქრისტე გარეგნულად ქრისტეს მიემსგავსება, ოღონდ შინაარსით მასთან რადიკალურად იქნება დაპირისპირებული. იგი შეიარაღდება ქრისტეს ყველა ფორმალური ატრიბუტით, მის გულისგულში კი მორალური და იდეოლოგიური ურჩხული, განდგომილების მხეცი დაიბუდებს. ამიტომ მორწმუნეები იოლად მოტყუვდებიან  და ქრისტეს ნაცვლად მას დაუკავშირებენ ხსნის იმედს.

დღეს ქართული მართლმადიდებლობა ამგვარი აპოსტასიის მდგომარეობაში იმყოფება. ქრისტე აქ ანტიქრისტედ არის გამოცხადებული, ხოლო ანტიქრისტე მაცხოვარი გონიათ, რადგან ამ, ჩვენივე წარმოსახვით შექმნილი ფსევდომართლმადიდებლობის კერპშიც ღვთისა და მოყვასის სიყვარულის იმპერატივისგან, ერთი სიტყვით, ქრისტიანობისგან განდგომის მხეცია  ჩამალული.

წლებია უკვე, რაც ჩვენი, ვითომ სარწმუნოების დამცველები ჩაგვაგონებენ, რომ ქართველი ერი ზეციურ ივერიაში შეყავთ, რომ ქვეყანა მათი მოღვაწეობის შედეგად გაბრწყინდება, სინამდვილეში კი სწორედ ეს ცრუმწყემსები მტრობენ როგორც წმინდა ეკლესიას, ასევე ერს;  ღვთის ნაცვლად ეშმაკის წინაშე ახრევინებენ ქედს და უფსკრულისკენ მიაქანებენ მათი ქადაგებებითა და სამოძღვრო მზუნველობით მოტყუებულ, გაბოროტებულ, გაუბედურებულ სულებს. გახსოვთ ალბათ, „მონანიებაში“ აბელ არავიძის აღსარების სცენა ეშმაკთან, რომელიც ამ საცოდავს თავიდან ღმერთი გონია; ეშმაკთან, რომელიც მადიანად შეექცევა თევზს - ქრისტეს სიმბოლოს. აი, დაახლოებით ასეთი რამ ხდება დღეს ჩვენთანაც - ქრისტეს ხელახალი ჯვარცმა, ღმერთის ღალატი, მისი ერთგულებისა და დაცვის სახელით.

რას ვგულისხმობ ღალატში? პირველ რიგში, ღმრთის ნაცვლად, წუთისოფლის ბატონის თაყვანისცემას, გარიგებას სიცრუის, მიწიერი სიმდიდრისა და ძალაუფლების ბოროტ სულთან. სახარებისეული რწმენით აღჭურვილი ნებისმიერი ქრისტიანისთვის დღესავით ნათელია, რომ საპატრიარქო ღმერთის, ადამიანისა და სამყაროს შესახებ ტყუილების, მითების, ილუზიების, სტერეოტიპების გავრცელების მთავარი წყაროა - საკმარიასია, ვნახოთ, რა გამართულად და მომგებიანად მუშაობს ცრუსასწაულების ინდუსტრია, ფანტაზიის რა მწვერვალებს ლაშქრავს ქართული აპოკალიპტური წარმოდგენები და რა კოსმიურ მასშტაბებს აღწევს სინოდის დადგენილებით ჯოჯოხეთში გაგზავნილი სულების რაოდენობა, რომ ამაში იოლად დავრწმუნდებით. მეორე მხრივ, შევხედოთ მოოქროვილ გუმბათებსა და შესამოსლებს, საპატრიარქოს ფუფუნებას, ეპისკოპოსების რეზიდენციებს, სამღვდელოების უმრავლესობის ცხოვრების წესს, რომ ცხადი შეიქნება - წმინდა იერარქიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მანკიერება ანგარება, სიხარბე და ვერცხლისმოყვარებაა.

სინამდვილეში, როგორც წმიდა მაქსიმე ბერძენი გვაფრთხილებს, უმძიმეს, სულის წარმწყმედ ცოდვად გვერაცხება დიდებული ტაძრები, ხატები, ბისონები, მიტრები, ჯვარ-პანაგიები მაშინ, როცა ტკბილხმოვან გალობასთან, სანთლების კვამლთან და გუნდრუკის ნელსუნელებასთან ერთად უამრავი მშიერ-მწყურვალი ბავშვის ტირილის ხმა სწვდება ზეცას. აღარაფერს ვამბობ ლიმუზინების წმინდა კოლექციის, პარიზული საეკლესიო არდადეგებისა და ანტიკვარიატით გამშვენიერებული სრა-სასახლეების ეფექტზე მარადისობის პერსპექტივაში. ეს ყველაფერი კი თავს იყრის იმ ზეკონსტიტუციურ ძალაუფლებაში, რომელიც საპატრიარქოს ჩვენმა სასიქადულო საერო მთავრობებმა მრავალჯერადი გარიგებისა და მეორე მხრივ, საპატრიარქოს მხრიდან მათი მრავალჯერადი გადაგდების შედეგად უბოძეს, რადგან უბედურება ისაა, რომ ერთადერთი, ვისაც საპატრიარქო არ ღალატობს, ვისაც ძალაუფლების ჭეშმარიტ წყაროდ და თავის უცვლელ პატრონად აღიარებს კრემლი და მისი „მართლმადიდებელი“ ბინადრებია.

ერთი სიტყვით, ეკლესია, რა თქმა უნდა, არც ლიბერალური უნდა იყოს და არც სოციალისტური, არც დემოკრატიული და არც ავტოკრატიული, არც დასავლეთზე ორიენტირებული, არც რუსეთზე, არც მდიდარი და არც ღატაკი, არც სამშობლოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს, არც დამპყრობლისას, არამედ ის ქრისტეს ეკლესიაა და მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანული უნდა იყოს, მხოლოდ და მხოლოდ ჯვარცმულ  ქრისტეზე ორიენტირებული, მის გავლენაში მოქცეული, მის სამსახურში ჩამდგარი, მხოლოდ და მხოლოდ იესო მაცხოვრის აგენტები უნდა ვიყოთ მართლმადიდებლები წუთისოფელში.

– იცნობს თუ არა საქართველოში სასულიერო პირთა უმეტესობა ქრისტიანულ თეოლოგიას?

– ეკლესიაში უხეშადაა იგნორირებული ეპისკოპოსად თუ მღვდლად ხელდასხმის კრიტერიუმები, რომლებსაც სჯულის კანონი ითვალისწინებს. მათ დღემდე არ დაუკარგავთ აქტუალობა. უმთავრესი პირობა, წესიერებასთან ერთად, არის საღვთო წერილის ზედმიწევნით კარგი ცოდნა და სჯულისმეცნიერება. მაგრამ, საკმარისია, ტესტირება ჩატარდეს სასულიერო პირებისა ისეთ საკითხზე როგორცაა,  ვთქვათ,  მარკოზის სახარების შინაარსი ანდა პავლე მოციქულის რომელიმე ეპისტოლეს ცოდნა, რომ 95% გამოცდას ვერ ჩააბარებს. სამაგიეროდ, წარმატებით გვეტყვიან, როდის და როგორ დაიწყება მეორედ მოსვლა, რატომ დასაჯა ღმერთმა იაპონია, გვეტყვიან რატომ სდის მირონი ამა თუ იმ ხატს, როგორ იდგა ქვაზე ათასი დღის განმავლობაში სერაფიმ საროველი და ა.შ.  ეს თეოლოგიური გავერანება იმის შედეგია,  რომ, როგორც წესი, მღვდლებად და ეპისკოპოსებად აკურთხებენ სრულიად უმეცარ და მოუმზადებელ ადამიანებს, ხოლო შერჩევისას ცოდნა და პატიოსნება კი არა, პატრიარქის ან ადგილობრივი ეპისკოპოსისადმი ლოიალობა და  მორჩილება ფასდება. ამავდროულად, წლებია, წარმოუდგენლად დაბალი საგანმანათლებლო დონეა სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, რომელიც მიუხედავად ეკლესიის 25 მილიონიანი დაფინანსებისა, იმასაც კი ვერ უზრუნველყოფს, რომ ბიბლიოთეკა შეავსოს როგორც კლასიკური, ასევე თანამედროვე საღვთისმეტყველო ხარისხიანი ლიტერატურით.

ნებისმიერი რელიგიური გამოცდილება, არსებითად, საღვთისმეტყველო გამოცდილებაა, რადგან მართლმადიდებელი ეკლესიისთვის თეოლოგია  სხვას არაფერს ნიშნავს, გარდა ღმერთთან ურთიერთობის გამოცდალების გაზიარებისა. შესაძლოა ადამიანი უსწავლელი იყოს, წერა–კითხვა არ იცოდეს, მაგრამ ჰქონდეს ღრმა, მისტიკური ჭვრეტის ნიჭი.  ჩვენი ტრაგედია არამარტო ისაა, რომ თეოლოგიას არ იცნობენ სასულიერო პირები, არამედ კიდევ უფრო მეტად ის, რომ ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილება, როგორც მეჩვენება, უბრალოდ არ არსებობს, ანუ სამღვდელოება და მის მიერ მართული მრევლი ღმერთთან  არ ურთიერთობს. ამგვარი რამ, ამგვარი მოვლენა აღწერილია სახარებაში, სადაც ნაზარეთში, სინაგოგაში შეკრებილი მორწმუნე საზოგადოება, რომელიც მარხულობს, ლოცულობს, კითხულობს წმინდა წიგნებს, იცავს რჯულის წესებს, სინამდვილეში უკიდურესად ურწმუნო აღმოჩნდება, რადგან ვერ იცნობს მათთან მისულ მესიას, მათ შორის განკაცებულ ღმერთს, გააძევებს მას ტაძრიდან და მოსაკლავად დაედევნება.

იმათ შესახებ ვისთანაც საპატრიარქოს წარმომადგენლები ურთიერთობენ, ყველაზე მეტს საუბრობენ კიდევაც: ეშმაკი, ანტიქრისტე, პუტინი, სტალინი, ივანიშვილი, სააკაშვილი... უცნაური არ არის, რომ  სატანაზე და მის ხრიკებზე სასულიერო პირები  გაცილებით მეტს  ქადაგებენ, ვიდრე იესო ქრისტეზე? მრევლმა შესანიშნავად იცის, რას ნიშნავს აიდი ბარათი, ციფრი 666, რა ფარული და მუხთალი აზრი დევს ევროკავშირში, ნატოში, გაეროში, ვინ არიან მასონები და როგორ მართავენ ისინი მსოფლიოს, იცის, მაგალითად, რომ პირჯვარს მარჯვნიდან მარცხნივ თუ არ გადაისახავს ან სახლს და მანქანას არ აკურთხებს, ეშკამები შეუფრინდებიან და მოშხამავენ; მიცვალებულს ძვირადღირებულ წირვას თუ არ დაუყენებს, ისე მის სულს ღმერთი ჯეროვნად არ მიხედავს, იცის, რომ „ტიტანიკიც“ ღმერთმა ჩაძირა და ტერიტორიებიც ღმერთმა წაგვართვა, მაგრამ,  როგორ უნდა იცხოვრო ცხრა ნეტარების მიხედვით, ამის შესახებ ჩვენმა ეკლესიამ არაფერი იცის.

რაკი თეოლოგიურ ცოდნას ეხება შეკითხვა, აქვე ერთ მცდარ წარმოდგენაზე მინდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა, რაც ეკლესიის ძალაუფლების სრულიად დამახინჯებულ აღქმას უდევს საფუძვლად. მიიჩნევა, რომ ეკლესია, პატრიარქი, მღდელი ჭეშმარიტების დამდგენი ინსტანციებია, რომ ისინი პასუხობენ ყველა კითხვას იმაზე, თუ რა არის სწორი და რა არა, რა არის ცუდი და რა - კარგი. მაგრამ, სინამდვილეში, მართლმადიდებლური თეოლოგიური ტრადიციის თანახმად, ეკელესია უფრო იმას გვეუბნება, რა არ არის ჭეშმარიტება და ღიად ტოვებს ყველა კითხვას ღმერთის რაობის  შესახებ. ეკლესია გვეუბნება, რომ პასუხი სწორედ ის არის, რომ პასუხი არ არსებობს. მაგალითად, სამების დოგმატი, ის რომ ღმერთი ერთია და ამავდროულად, სამპიროვანი, არის ყოველგვარი ადამიანური ლოგიკისა და რაციონალური განსჯის მიღმა ღიად დატოვებული კითხვა, რასაც თითოელმა მორწმუნემ თავად უნდა გასცეს ეგზისტენციური, ცხოვრებისეული პასუხი. ამით მართლმადიდებელ ეკლესიას იმის თქმა სურს, რომ არსებობს იმდენი პასუხი, რამდენი ადამიანიც შევა  ღმერთთან ურთიერთობის ველში და ეს  არის პიროვნული, გამოუხატავი, საიდუმლო, ინტიმური შეხვედრა. ეკლესიის უმთავრესი თეოლოგიური მისია სწორედ ამ ველის არსებობაზე მუდმივი მითითება უნდა იყოს და არა იმის გარჩევა, ვინ ცხონდება და ვინ წარწყმდება. მოძღვრება გონით შეუმეცნებელი, გამოუთქმელი, უცნაური ღმერთისა და ჭეშმარიტების შესახებ, რომელსაც ვერანაირი რაციო ვერ მოიხელთებს, ვერ განსაზღვრავს, არის კიდევაც მთელი მართლმადიდებლური თეოლოგიის  ანი და ჰოეამიტომაა განსაკუთრებით მწარე და უნუგეშო იმის ყურება, ჭეშმარიტების თავში ჩასარტყმელად და აზრზე მოსაყვანად როგორ დასდევენ  გზასაცდენილ „ერეტიკოსებს“ „სექტანტებს“, „ურჯულოებს“, „ლიბერასტებს“ თუ ნებისმიერს, ვინც მათ უბრალოდ არ ეთანხმება, მართლმადიდებლობის დამცველი დედისმაგინებლები.

სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულება სერიოზულ შინაგან, ფსიქიკურ პრობლემებზე მეტყველებს, რაც ყველაზე მძაფრად მაინც  სამღვდელოების სქესობრივი ცხოვრებისადმი ჰიპერემოციურ და ჰიპერკრიტიკულ დამოკიდებულებაში ვლინდება. კლერიკალთა მიერ მოდელირებულ აპოკალიპტურ რეალობაში ერთ-ერთი მთავარი საფრთხობელა სექსი და მასთან დაკავშირებული ყველა თემაა. ამიტომ იქცა თანამედროვე ქართველი მართლმადიდებლის ერთ-ერთ უმთავრეს საქმედ, მაგალითად, ქალიშვილობის ინსტიტუტის დაცვა, რომელსაც, თურმე, დასავლური სულიერი ოკუპაცია გვართმევს. თეოლოგიას კი არა, ამ ტიპის სურეალისტურ განაზრებებს  ეძღვნება ქადაგებების უმრავლესობა დაწყებული იმით, რა სიგრძის კაბა უნდა ეცვას ქალს ან აქვს თუ არა მამაკაცს შორტის ჩაცმის უფლება და დამთავრებული, მაგალითად, ცოლ-ქმრის სქესობრივ ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფით. პრობლემა ისაა, რომ ცოდვაზე წარმოდგენა უმთავრესად სექსუალური ტიპის ცოდვებამდეა დაყვანილი, მაშინ, როდესაც ასეთი დამოკიდებულ

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა