|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ომბუდსმენი: კონტროლის პალატის მიერ დაფიქსირდა უფლებადარღვევის ფაქტები

კონტროლის პალატის მიერ მიმდინარე წლის მარტში მოქალაქეთა დაკითხვის ფაქტებზე სახალხო დამცველმა საქმის შესწავლა დაასრულა. გიორგი ტუღუშის განცხადებით, დაფიქსირდა არაერთი კონკრეტული უფლებადარღვევის ფაქტი, რომელთა ნაწილი განპირობებულია საკანონმდებლო ბაზის არასისტემატიზირებულობით, ხოლო ნაწილი უშუალოდ მოხელეთა კანონსაწინააღმდეგო ქცევით.


როგორც წარმოდგენილი მასალების შესწავლამ ცხადყო, ადამიანის უფლებათა კუთხით ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გახლდათ ახსნა-განმარტებების მისაცემად დაბარებულ პირთა სტატუსის ბუნდოვანება, რაც საკუთრივ წარმოშობდა დაბარებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის ბუნდოვანებას.

როგორც ჩვენს მიერ მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, გამოსაკითხ პირთა დაბარება ხდებოდა ახსნა განმარტების მისაცემად და უწყებაში ნახსენები არ ყოფილა, რომ ისინი მოწმედ იყვნენ დაბარებულნი

საქართველოს სახალხო დამცველმა კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოქალაქეთათვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის დროს შესაძლო უფლებადარღვევათა ფაქტების შესწავლა  2012 წლის 15 მარტს, საკუთარი ინიციატივით დაიწყო.  სახალხო დამცველის მიერ საქმის განხილვა დღეს დასრულდა, ხოლო შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები  კონტროლის პალატას გადაეგზავნა.

საქმის შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველის მიერ კონტროლის პალატას მიეცა სისტემური რეკომენდაციები. გიორგი ტუღუშის განცხადებით, აღნიშნულ რეკომენდაციებს  პრევენციული ხასიათი უნდა ჰქონდეს, სამომავლოდ უფლებადარღვევათა თავიდან ასაცილებლად.

მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პირის მიმართ, რომელიც შესაძლოა სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოს მიერ დაბარებული იქნას მოწმის სახით ახსნა-განმარტების მისაცემად, დაკმაყოფილებული უნდა იყოს ადამიანის უფლებათა ის მინიმალური სტანდარტები, რომელიც უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციითა და იმ ადამიანის უფლებათა შესახებ არსებული საერთაშორისო შეთანხმებებით, რომლის მონაწილეც არის საქართველო.

მოგმართავთ რეკომენდაციით, მოწმეთა ახსნა-განმარტების მისაცემად დაბარებისას, უწყებაში აისახოს და დასაბარებელ პირებს განემარტოთ საკუთარი უფლებები და თავისუფლებები (მათ შორის დამცველის მოწვევის უფლება, საკუთარი თავისა და ახლობელ პირთა წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება და სხვა), ახსნა-განმარტების მისაცემად დაბარების საფუძველი და ეცნობოთ კონკრეტულად თუ რომელი ფაქტის (ფაქტების) შესახებ უნდა მისცენ ახსნა განმარტება“.

სახალხო დამცველმა კონტროლის პალატას, ასევე, მიმართა წინადადებით, დაიწყოს დისციპლინური წარმოება იმ მოხელეთა მიმართ, რომელთა ქმედებებით, კონკრეტულ შემთხვევებში,  უკვე დაირღვა მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები.

მოწმეების და მათი კანონიერი წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებულად მტკივნეულად იქნა აღქმული ადმინისტრაციულ შენობებში შესვლის შემდგომ დაცვის პოლიციის თანამშრომლების მეშვეობით ჩატარებული დეტალური შემოწმება. დაცვის პოლიციის თანამშრომლების მიერ მოქალაქეებს ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტაციის გარეშე ეზღუდებოდათ პირადი უფლებები.

მოგმართავთ წინადადებით, შეისწავლოთ ზემოაღნისნული ფაქტები და დასვათ იმ პასუხისმგებელ პირთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა უშუალო კომპეტენციაშიც შედიოდა შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებში ახსნა-განმარტების მიცემის პროცესში მოწმეთა უფლებების დაცვა“, – აცხადებს სახალხო დამცვრლი.

ავტორი: თეა ზიბზიბაძე