|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელხებისთვის ჩამორთმეული საძოვრები გამგებლის შვილის საკუთრებაში

გაყიდულ საძოვრებს, წელიწადია, აპროტესტებენ ვანის რაიონის მაცხოვრებლები. სოფელ ციხესულორის რაიონული ცენტრის დასახლების, სანიასოულისა და ზედა ვანში მცოვრებ გლეხებს 65 ჰექტარი ფართობი, სახელმწიფოსგან იჯარით ჰქონდათ აღებული, თუმცა 8 თვის წინ, ელექტრონული აუქციონით, საძოვრები გადიდის რაიონის გამგებლის როინ მხეიძის შვილმა, იაგო მხეიძემ 14 900 ლარად შეიძინა.

"3000 კომლს, 2004 წელში, იჯარით გვქონდა აღებული მიწები, 15 წლით. 2007 წელს, იჯარა გაგვიუქმეს. მივედი გამგეობაში, სადაც მითხრეს, რომ იჯარა გაუქმდაო. ვთხოვეთ მოსახლეობამ, რომ შესყიდვის უფლება მოეცათ, თუმცა ამაზეც უარი გვითხრეს. საშიშროების წინაშე ვართ. სოფელში ახლა ხალხს მეტი არაფერი აქვს, ამ პირუტყვზე ვართ დამოკიდებული. მასაც თუ არ გაგვაშვებინებენ რიონის პირზე, იძულებული ვიქნებით, გადავაშენოთ და გავყიდოთ საქონელი," - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ანელი კორძაძე.

დგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორიაზე არსებული ტყის მასივი ახალი მეპატრონის მიერ გაიჩეხა, რამაც საძოვარს საფრთხე შუქმნა. ასევე, ადიდებულმა რიონმა 35 ჰექტარზე მეტი მიიტაცა. დღეს, დარჩენილი 30 ჰექტარი, მხეიძის კუთვნილებაა და გლეხებს, ყოველდღე შიშში უწევთ ცხოვრება, რომ მსხვილფეხა საქონელს საბალახოდ ვერ გაუშვებენ.

"ტყის გაჩეხვა როცა დაიწყეს, გამოვედით და საყვედური ვუთხარით, მაგრამ, მათ გვიპასუხეს, რომ სახელმწიფომ მოგვყიდაო. დაახლოებით, 200 მანქანა ხე-ტყე გაიტანეს აქედან. ვეღარ მოვითმინეთ, გამოვედით და ათი მანქანა გავუშვით ცარიელი. თავი დავანებებინეთ გაჩეხვაზე, თორემ, ესეც არ იქნებოდა. ახლა ტყის მცირე ნაწილია დარჩენილი. ამ მიწაზე, ბოსტნეული უნდათ მოიწიონ და ჩვენ პირუტყვს საბალახოდ ვეღარ ვუშვებთ," - აღნიშნა ადგილობრივმა მცხოვრებმა ივერი ჩახუნაშვილმა.

"მთელი უბანი ვარსებობთ ამ პირუტყვით, საქონლით რჩენთ ოჯახები თავს. ახლა, გაიყიდა ეს საძოვრები და ასე გამოდის, რომ შვილებს მშიერს გვიტოვებენ," - ამბობს ვანში მცხოვრები ხათუნა ჩახუნაშვილი.

საქმემ სასამართლოშიც გადაინაცვლა, თუმცა უშედეგოდ. გლეხებმა თავიანთი სიმართლე ამ დრომდე ვერ დაამტკიცეს. ამ ეტაპზე საქმეს, სააპელაციო სასამართლო განიხილავს.

ვანის გამგეობა კი, გლეხების ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ კანონიერად მოხდა როგორც აუციონის ჩატარება, ისე საძოვრების გასხვისება. გამგეობაში განმარტავენ, რომ არ არსებობდა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა გლეხების მიერ მიწის ფართობზე გაცემულ იჯარას. ვანის გამგებლის ზურა გეგიძის განცხადებით, ნათელს ამ საქმეს სასამართლო პროცესი და ის გადაწყვეტილება მოჰფენს, რომელიც დაიდება. Aგამგებელი არ გამორიცხავს, რომ გლეხებს გაყიდული საძოვრის სანაცვლოდ, ალტერნატიული ფართი შეთავაზონ.

"იმ ტერიტორიაზე ალტერნატიული საძოვრები არის და შეუძლიათ ის გამოიყენონ. ამ საქმის კანონიერებას კი, სასამართლო დაადგენს," -განაცხადა ვანის რაიონის გამგებელმა ზურა გეგიძემ.

მოსახლეობა კი, გამგებლის ზურა გეგიძისა და მთლიანად, ვანის გამგეობის აპარტის ინტერსებზე საუბრობს და საძოვრების დათმობას არ აპირებს. აცხადებენ, რომ 3000 კომლი, რომელსაც დღეს წართმეული აქვთ საძოვრები, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ და არც, ახალ მეპატრონეს მისცემენ საშუალებას, შესყიდული ფართი სხვა დანიშნულებისთვის გამოიყენოს.

ადგილობრივი გლეხები, ასევე, საუბრობენ იმ დაძაბულ ურთიერთობაზე, რომელიც გამგეობასა და მოსახლეობის შორის არსებობს. არ გამორციხავენ იმ ფაქტსაც, რომ როდესაც დღის წესრიგში დადგება საქონლის საძოვრებიდან გაყვანა, ურთიერთშელაპარაკება მოხდეს და ერთმანეთს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

ვანის რაიონის გლეხები, კუთვნილ ტერიტორიას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსხვილფეხა პირუტყვის მასიური დაკვლითა და გამგეობის წინ, აქციების მოწყობით იმუქრებიან.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა