|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით მიხეილ შუბლაძე - 2013 და კიდევ ბევრი წლის კადრად მექნება „ტაბურეტკამომარჯვებული“ მღვდელი

წლის ბოლო შეფასებების და შეჯამების ვალდებულებას აჩენს. თუკი ამ ვალდებულებას გავიზიარებთ, მაშინ საინტერესო ხდება, თუ რით იყო დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი 2013 წელი. რა მოვლენამ, ფაქტმა, ფრაზამ, კადრმა დაგვამახსოვრა თავი? რა დანაკარგი და შენაძენი გვქონდა აღნიშნულ წელს? რა სახის იმედგაცრუება თუ მოლოდინის გამართლება ახლდა 2013-ს?

2013 წლის შეფასებებით newpress.ge-ს სტუმარია "ლგბტ საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი დავით მიხეილ შუბლაძე.

- რა მიგაჩნიათ ამ წლის დასამახსოვრებელ, შესამჩნევ, თვალშისაცემ  პოლიტიკურ, კულტურულ, გნებავთ  სპორტულ მოვლენად?  მოკლედ მთავარი მოვლენა რითაც შეიძლება მომავალში გაგახსენდეთ 2013 წელი?

- აუცილებლად გამახსენდება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზედაც დამკვირვებელი ვიყავი. მსგავსი არჩევნები, მხოლოდ გერმანიაში მაქვს  ნანახი და გაოგნებული ვიყავი, როდესაც სწორედ ასეთივე სტანდარტებით ჩატარდა ჩვენი არჩევნებიც.

- წლის მიღწევა, წლის წარუმატებლობა?

- ამ წელს საკმაოდ ბევრ წარმატებას მივაღწიე, გასული წლის დასაწყისში დასახული მიზნების დიდი ნაწილი ავისრულე, თუმცა წარუმატებლობად შეიძლება ის ჩაითვალოს, რომ რაღაც ნაწილი მხოლოდ ოცნებად დამრჩა.

- წლის დანაკარგი, წლის შენაძენი?

-გ ასული წლის განმავლობაში დავკარგე რამდენიმე ისეთი ადამიანი, რომელიც მეგონა, რომ ცხოვრების ბოლომდე გვერდით მეყოლებოდნენ, თუმცა როგორც ვიცით ცხოვრება თვითონ აღადგენს ხოლმე ბალანსს და, ჩემს შემთხვევაშიც სწორედ ასე მოხდა, ცხოვრებამ ბალანსი აღმიდგინა და გავიცანი ისეთი ადამიანები, რომლებიც, ნამდვილად მეძვირფასებიან და ვამაყობ მათთან ახლობლობით.

- წლის ლიტერატურული მოვლენა, წლის ჰიტი, ფილმი, სექტაკლი (შეიძლება წელს არ იყოს რაიმე შექმნილი, მაგრამ პირადად თქვენთვის წელს გააქტიურდა ან თავიდან აღმოაჩინეთ).

- წელს ორი სპექტაკლი გახლდათ ისეთი, რომელმაც ახლებურად დამანახა ცხოვრება და როგორც მივხვდი, ხშირად დგება იმის საჭიროება, რომ გადავაფასოთ ჩვენი ფასეულობები და ხანდახან კრიტიკული თვალით შევხედოთ იმას, რაც უცდომელი და ხელშეუვალი ღირებულება გვგგონია.
პირველი - ანა კარენინას ახალი ეკრანიზაცია გახლდათ, რომელმაც ახლებურად დამანახა საზოგადოების დამოკიდებულება ქალისადმი და კაცისადმი, ასე ვთქვათ რაოდენ დიდია ის უფსკრული, რომელსაც სქესთა შორის დისბალანსი იწვევს. რამდენად დაუნდობელია საზოგადოება ქალის მიმართ და რამდენად მომთმენია კაცის მიმართ.
მეორე - ანტუან დე სენტ ეგზიუპერის „პატარა პრინცის“ ნახვის შემდეგ მეგობრობას კიდევ უფრო სხვა თვალით შევხედე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაწარმოები არაერთხელ მაქვს ნანახი და წაკითხული. მესამე - „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“ კიდევ ერთხელ ხილვის შემდეგ ადამიანურობასა და ზოგადად ჰუმანიზმის ჰიპოსტასებზე შემიცვალა წარმოდგენა. კარგია როდესაც საკუთარ თავზე მუშაობ და თვალსაჩინო მაგალითებიც და დროც „ოხრად“ გაქვს, მთავარია დროულად შეცვალო ის, რაც ცდომილებას დაექვემდებარა.

წლის კადრი, ხატი რომელიც დაგამახსოვრდათ, აღგებეჭდათ მახსოვრობაში?

- ალბათ ძალიან ბევრი წლის კადრად მექნება გასული წლის 17 მაისის „ტაბურეტკამომარჯვებული“ მღვდელი, ასევე „მფრინავი პატრიოტი“ რომელიც სამარშრუტო ტაქსს შეასკდა, გეების განდევნის მიზნით.

- წლის მოლოდინი, წლის იმედგაცრუება?

- მოლოდონი მქონდა, რომ 17 მაისის მოვლენები არ განვითარდებოდა იმ სცენარით, რაც ყველამ ვიხილეთ. მოლოდინი მქონდა, რომ პოლიცია/სახელმწიფო იქნებოდა მოწოდების სიმაღლეზე და ნებისმიერი მოქალაქის კონსტიტუციური უფლება დაცული იქნებოდა, მაგრამ იმედები გამიცრუვდა.

- წლის ფრაზა?

-„გაგებით მოეკიდეთ“ 

- წლის ილუზია?

- მიუხედავად ყველაფრისა, დღესაც მაქვს ილუზია იმისა, რომ კონსტიტუციაზე მაღლა არაფერი დგას ჩვენს ქვეყანაში.

- წლის აბსურდი?

- ალბათ სამართლიანი იქნება, წლის აბსურდი რომ ვუწოდო ჩვენი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომლის თანახმად, სკოლების მახლობლად  ბუსუსებიან კონდომებს გაყიდვა აიკრძალა, ისეთი სისწრაფით შეაგდეს ეს კანონი განსახილველად, თითქოს სკოლის ბუფეტებში იყიდებოდა კონდომები თანაც ბუსუსებიანი.

- წლის ტყუილი?

-წლის ტყუილი ნამდვილად და 100%-ით არის ბარბარე რაფალიანცის სიკვდილის ვერ გახსნის ფაქტი, რომელიც რატომღაც ვერც „ნაცებმა“ და ვერც „ქოცებმა“ ვერ გახსნეს. მოიგონეს უაზრო ტყუილი და არგუმენტი, მაგრამ საქმე მაინც არაა გახსნილი. ხალხიც პასუხს არ სთხოვს. 

- წლის ადამიანები (ვინ დაგამახსოვრათ თავი პოზიტიური ან ნეგატიური აქტივობით)?

- გამოვყოფდი სამ პოზიტიურ ადამიანს. პირველი ვახუშტი მენაბდე, რომელიც "ხმალამოღებული" იბრძოდა იმისვის, რომ კანონისა და კონსტიტუციის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორი ყოფილიყო, შეუპოვრად გულწრფელად იცავდა ეს ადამიანი ყველას უფლებებს, ვისი უფლებაც კი ილახებოდა. მეორე - ლინა ღვინიანიძე - გოგონა, რომელიც პარლამენტში დაუპირისპირდა და გააკრიტიკა ის ადამიანები, რომლებსაც ყოფნით სინდისი და დაუფარავად გამოდიან ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობის წინააღმდეგ. და ბოლოს, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის (ყოფილი) მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი, ადამიანი, რომელიც ბევრი ქრისტიანისთვის სამაგალითო და მისაბაძია! მისი ქმედებები, რომელიც სახარებისეული სიყვარულით იყო განმსჭვალული ყოველთვის მაფიქრებდა და გულს მიჩუყებდა. ჩვენს დროში ძალიან ცოტაა ასეთი სასულიერო პირი, რომელიც გულწრფელად გიღებს ისეთს როგორიც ხარ და უყვარხარ ქრისტესმიერი სიყვარულით.

წლის ადამიანი, რომელიც თავისი ნეგატიური აქტივობით დამამახსოვრდა, ერთით არ შემოიფარგლება და საკმაოდ დიდი სია გამოვა რომ ჩამოვყვე, თუმცა რამდენიმეს დავასახელებ:

პირველი - ქორეპისკოპოსი , მეუფე იობი თავისი ჰომოფობიური, რასისტული და ქსენოფობიური გამოსვლებით.
მეორე - დეპუტატი ჯაჭვლიანი, რომელიც ღმერთმა უწყის მხოლოდ, რატომ მოხვდა პარლამენტში და საერთოდ ვერ ვხვდები რატომ უნდა ვუხდიდეთ მას ხელფასს, ნორმალურ ქვეყანაში და ნორმალურ საზოგადოებაში ასეთ ადამიანს დიდი ხნის წინ მოისვრიდნენ პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე.
მესამე - ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკური გაიძვერა იყო. დღემდე ბევრი მისი „ფანისთვის“ სათაყვანებელი პიროვნებაა. როდესაც მთელი 9 წლის განმავლობაში ის ღაღადებდა დემოკრატიულ და ევროპულ ფასეულობებს  2013 წლის 17 მაისს  (არც მანამდე დაუკლია ქვეყნის ორმაგი სტანდარტებით მართვა) უბრალოდ თვალი დახუჭა მიმდინარე მოვლენებზე და მასის მხარეს დადგა, არ ეყო გამბედაობა და „პოლიტიკური ვაჟკაცობა“  რათა სიმართლე ეთქვა მოსახლეობისთვის და უსამართლობა დაეგმო!

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა