|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ტენდერში გამარჯვებული კომპანია მოსახლეობისგან თანხის აღების შემდეგ "გაქრა"

ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქ.#17 კორპუსის მცხოვრებლები მათ მიერ გადახდილი 6000 ლარის სანაცვლოდ ეზოს კეთილმოწყობას გასული წლის ზაფხულიდან ითხოვენ. თუმცა, ტენდერში გამარჯვებულ შემსრულებელს, რომელსაც, სამუშაოების ფარგლებში მოსახლეობის მიერ გადახდილი თანხის გარდა, ფინანსები მერიამაც გამოუყო, ამ დრომდე არაფერი გაუკეთებია.

აღნიშნულის გამო, გამსახურდიას ქ #17 კორპუსის მაცხოვრებლები ეზოს ბეტონის საფარით მოსაპირკეთებელი სამუშაოების დაუსრულებლობას აპროტესტებენ.

"გასული წელის მარტში გადავიხადეთ თანხა. თითოეულმა ოჯახმა 150 ლარი. მთელი ზაფხული გავიდა ისე, რომ არავინ არ მოსულა. ახალი წლის წინა დღეებში მოვიდნენ, აყარეს ასფალტი და მიატოვეს ეზო გადათხრილი. ისეთი მდგომარეობაა, რომ დაგვჭირდეს, სასწრაფოც ვეღარ შემოდის ეზოში, გუშინწინ ხელით გავიყვანეთ ავადმყოფი," – აცხადებენ გამსახურდიას ქუჩის #17 კორპუსის მაცხოვრებლები.

აღნიშნულ კორპუსთან ერთად კიდევ 21 ბინის ეზოს ბეტონის საფარით მოპირკეთებისათვის ტენდერი (SPA130009646) ქუთაისის მერიამ 2013 წლის 29 აპრილს გამოაცხადა, რომლის საწყისი ღირებულება 344 107 ლარს შეადგენდა.

ტენდერით შპს "ტობე", "ტექნიკ ლოჯისტიკი&სერვისი" და შპს LGN Group დაინტერესდნენ. თუმცა, მერიამ სამუშაოს შესრულება მხოლოდ  ინდ.მეწარმე გრიგოლ ჩოგოვაძეს ანდო, რომელმაც სამუშაოების შესრულებაში 239 999 ლარი მოითხოვა.

2013 წლის 25 ივნისს ქუთაისის მერიასა და გრიგოლ ჩოგოვაძეს შორის დადებული ხელშეკრულების (#270) მიხედვით ირკვევა, რომ მას ქუთაისში საცხოვრებელი სახლების ეზოებში ბეტონის საფარის მოწყობა  სულ 22 ობიექტზე ხელშეკრულების დადებიდან 2013 წლის 27 ოქტომრამდე უნდა მოეხდინა. თუმცა, ინდ.მეწარმემ აღნიშნული ვადების გადაწევა არაერთხელ მოითხოვა. 

პირველად, ვადის გაგრძელების მიზეზად გრიგოლ ჩოგოვაძის მხრიდან უამინდობა დასახელდა, რის გამოც ჩოგოვაძეს ხელშეკრულება ნაცვლად 40 დღისა, 33 დღით – 2013 წლის 30 ნოემბრამდე გაუგრძელდა.

მერეოდ ჩოგოვაძემ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების თხოვნით წერილობით ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს, შოთა მურღულიას მიმართა.

2013 წლის 13 დეკემბრით დათარიღებულ წერილში ჩოგოვაძე შოთა მურღულიას წერს, რომ მას 22 ობიექტიდან, მოსაპირკეთებელად მხოლოდ 3 მცირე მოცულობის ობიექტი აქვს დარჩენილი. ინდ.მეწარმის თხოვნა მერიამ დააკმაყოფილა და ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2014 წლის 20 იანვრამდე გაუგრძელა.

ქუთაისის მერიის საბინაო კომუნარული მეურნეობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, კახა დალაქიშვილის ინფორმაციით, გრიგოლ ჩოგოვაძეს ამ დროისათვის მხოლოდ 8 ობიექტზე აქვს სამუშაოები შესრულებული.

ქუთაისის ვიცე–მერის, ნოდარ მიქიაშვილის ინფორმაციით კი, გრიგოლ ჩოგოვაძეს 12 კორპუსის ეზო აქვს მოპირკეთებული, 4 კორპუსის ეზოში არანაირი სამუშაოები არ შეუსრულებია, ხოლო დანარჩენებში ისეთივე მდგომარეობაა, როგორიც გამსახურდიას ქუჩის #17 კორპუსში.

ნოდარ მიქიაშვილის განცხადებით, თუკი ტენდერში გამარჯვებული ინდ.მეწარმე სამუშაობს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ვერ დაასრულებს, მასთან ხელშეკრულება გაუქმდება და ჩოგოვაძეს ჯარიმის გადახდა სრულად მოუწევს.

ქუთაისის მერია მოუწესრიგელად დარჩენილ კორპუსებში ეზოს მოპირკეთებისათვის ტენდერს, სავარაუდოდ, თავიდან გამოაცხადებს.

Newpress.ge ინდ.მეწარმე გრიგოლ ჩოგოვაძეს ტელეფონით დაუკავშირდა. მიღებული დაპირების მიუხედავად, მან მოგვიანებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

იხილეთ ვიდეო 

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა