|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ქუთაისის მერიას ბრალდებას ძაღლსაფარის გამო უყენებს

ქუთაისის მერიის მიერ, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაციის მომსახურეობის ტენდრში გამარჯვებული ინდ. მეწარმე პაატა ბოკუჩავა ვარაუდობს, რომ  მერია მას ხელშეკრულებას არ გაუფორმებს.

უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველებისთვის თავშესაფრის მოსაწყობად 129 000 ლარის ღირებულების ტენდერი ქუთაისის მერიამ 2014 წლის 7 თებერვალს გამოაცხადა.

ტენდერში მონაწილეობა ინდ.მეწარმე ბოკუჩავას გარდა შპს "მეგობარმა" მიიღო. თუმცა, მერიამ გამარჯვებულად ბოკუჩავა გამოავლინა, რომელმაც ამ სამუშაოს შესრულებაში 99 950 ლარი მოითხოვა, ხოლო "მეგობარი" იგივე სამუშაოში 124 500 ლარს ითხოვდა.

ტენდერში გამარჯვებულის რწმუნებით, იმ ტერიტორიის მიმდებარედ, სადაც ის ცხოველთა თავშესაფარს აწყობს, ალტერნატიულ თავშესაფარს შპს "მეგობარი" აკეთებს, რომელსაც ქუთაისის მერია მფარველობს.

"კონკრეტულად ვინ მფარელობს ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ "მეგობარს" მფარველობენ, რადგან ჩვენს წარმომადგენელს მერიაში განუცხადეს, რომ ტენდერში გამარჯვების მიუხედავად, მიზეზს გამოუძებნიდნენ და ხელშეკრულებას არ გაუფორმებდნენ. არ ვაპირებ წაგებას და უკან დახევას. შემსრულებელი ვარ ყველა იმ პირობის, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული," - აცხადებს პაატა ბოკუჩავა.

ინდ.მეწარმე პაატა ბოკუჩავა ცხოველთა თავშესაფრის მოსაწყობად სამუშაოებს ახლა აწარმოებს. ამ დროისთვის მოწყობილია 5 გალია. თუმცა, სატენდერო პირობების მიხედვით, სულ 100 გალია უნდა იყოს გამართული.

ბოკუჩავას განმარტებით, თავშესაფრის მოსაწყობად საკუთარ თანხებს ხარჯავს, რომელიც ამ დროისთვის 2 500 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება შპს "მეგობრის" თავშესაფარს, ანალოგიურად, სამუშაოები ამ დროისთვის იქაც მიმდინარეობს. "მეგობარში" პირველ ეტაპზე 100 ძაღლისთვის ცალკე გალიების გაკეთებას გეგმავენ, ამჟამად კი მხოლოდ 10 გალია აქვთ გაკეთებული.

შპს "მეგობარში" ირწმუნებიან, რომ ერთ თვეში თანამედროვე, ევროპული დონის ძაღლსაფარს მოაწყობენ.

"ტენდერში ვერ გავიმარჯვეთ, ამიტომაც მერიას ვერ მოვთხოვთ თანხებს. ძირითადად, გრანტებზე ვართ," - აცხადებს შპს "მეგორის" წარმომადგენელი, თორნიკე შალამბერიძე.

მისი განმარტებით, ისინი ევრუოპლი ქვეყნების გამოცდილებით იხელმძღვანელებენ და მომავალში უცხოელი ექსპერტებისა და ვეტერინარების ჩამოყვანას გეგმავენ.

პაატა ბოკუჩავას ბრალდებას იმის თაობაზე, რომ შპს "მეგობარს" მერიიდან მფარველობენ, ფირმის წარმომადგენელი უარყოფს.

ინდ.მეწარმის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, თამაზ დეისაძე.

"რატომ უნდა მქონდეს ინტერესი ვიღაც შპს-ს მიმართ და არა იმის მიმართ, ვინც ტენდერში გაიმარჯვა. ცუდ ქაღალდს ხელს ვერ მოვაწერ. ეს ჩემი ფული კი არა, სახელმწიფოს ფულია," - აცხადებს თამაზ დეისაძე.

ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახურში აცხადებენ, რომ გამარჯვებული ფირმა მერიის ინსპექტირების ჯგუფმა ხელშეკრულების დადებამდე უნდა შეამოწმოს.

"იმ შემთხვევაში, თუ ხელშწკრულებით გათვალისწინებული პუნქტების 40%-ს დააკმაყოფილებს, ხელშეკრულებას გავუფორმებთ," - ამბობს თამაზ დეისაძე.

მისივე თქმით, თუკი ინდმეწარმე პაატა ბოკუჩავასთან ხელშეკრულება არ გაფორმდება, ქუთაისის მერია უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაციის მომსახურეობის ტენდრს თავიდან გამოაცხადებს.

შპს "მეგობარში" ამჟამად მხოლოდ 10 გალია აქვთ გაკეთებული. 

ინდ.მეწარმე ბოკუჩავას ძაღლსაფარში 5 გალია აქვს მოწყობილი.                                     

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა