|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი ჭიჭინაძე - ქუთაისის ოპერის თეატრის დაფინანსება სამარცხვინო და შეურაცხმყოფელია

რამდენიმე ხნის წინ ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გოგი ჭიჭინაძემ კულტურის მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განცხადებით მიმართა. გოგი ჭიჭინაძემ გადადგომის მიზეზად  სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის არარსებობა დაასახელა. ფინანსური მხარდაჭერა  17 მილიონ ლარს გულისხმობდა. პროექტის ავტორების თქმით, ეს თანხა უნდა მოხმარებოდა  იმ ოთხწლიანი პროექტის განხორციელებას, რომელსაც  ქუთაისი საქართველოს უმთავრეს სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრად უნდა ექცია.

გადადგომის მიზეზებზე, აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე, ქართველი საორკესტრო შემსრულებლების სიმწირესა და სხვა პრობლემატურ  საკითხებზე newpress.ge-ს ესაუბრება მუსიკოსი, დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე.

 

- რით იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი ქუთაისის ოპერის განვითარების ოთხწლიანი პროგრამა?

- ქუთაისის ოპერის თეატრის განვითარების პროექტის ერთ-ერთი ავტორი მეც ვიყავი. პროექტი იყო ფართომასშტაბიანი და ეხებოდა ქუთაისის ოპერის თეატრის აბსოლუტურად ახალ სიმაღლეზე დაყენებას .და საერთოდ ამ პროექტის მიხედვით, ქუთაისი უნდა გამხდარიყო მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრი საქართველოში, რომლის ეპიცენტრი იქნებოდა ქუთაისის ოპერა. გარდა იმისა, რომ ეს ოპერას მოუტანდა სიკეთეს, დიდ როლს იკისრებდა საგანმანათლებლო კუთხითაც. ანუ პროექტი ძალიან ძლიერ საგანმანათლებლო პროგრამასაც გულისხმობდა. პროგრამის მიხდევით ის უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც ჩამოვიდოდნენ საქართველოში სამუშაოდ, ჩვენთან არსებულ კადრებთან ერთად, დაიწყებდნენ სწავლებას ქუთაისის მუსიკალურ სკოლებში, თერთმეტწლედში, კოლეჯში. ახალგაზრდები მუსიკალური განათლების ყველა საფეხურზე გაივლიდნენ სწავლებას და სულ რამოდენიმე წელიწადში მივიღებდით ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლების პირველ მზარდ და ძლიერ ეროვნულ ნაკადს. ამით ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრებოდა საქართველოს გლობალური პრობლემა  ქართველი საორკესტრო შემსრულებლების სახით. მოგეხსენებათ, რომ ეს არის უზარმაზარი პრობლემა - ფიზიკურად არა გვყავს შემსრულებლები,  ვერ იძლევა საქართველო კადრებს. აქედან გამომდინარე ქართული ორკესტრები არიან ცუდ მდგომარეობაში. ახალგაზრდა შემსრულებლები, ფაქტობრივად  ვერ მოდიან, რადგან აი, ეს განათლების უწყვეტობის პრინციპი არის დარღვეული. ყოველ შემთხვევაში, იყო დარღვეული წინა 9-10 წლის განმავლობაში, როცა დახურეს ბევრი მუსიკალური სკოლა და კადრს ვერ ვიღებდით. ეს იგივეა რომ კბილი აგტკივდეს და ვერ მიხვიდე ექიმთან, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ ნახო სტომატოლოგი. სწორედ ასე, არ არსებობენ ახალგაზრდა შემსრულებლები. მათი შესრულების დონეზეც არ არის ლაპარაკი, უბრალოდ ფიზიკურად არ არსებობენ. ამ პროექტით ეს ყველაფერი გადაწყდებოდა, ქუთაისი არა მარტო ოპერას შეავსებდა, არამედ ყველა ქართულ ორკესტრს დააკომპლექტებდა კვალიფიციური მუსიკოსებით. დგება საკითხი - რა თანხებთან იყო ეს დაკავშირებული?! ვლაპარაკობთ 17 მილიონ ლარზე, რომელიც პირველ წელს უნდა გამოყოფილიყო, თითქოს დიდი ციფრი ჩანს მაგრამ ეს არც ისე დიდი თანხაა, სულ რაღაც 6 მილიონი ევრო და ეს არის თანხა, რომელიც არის სამჯერ -ოთხჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე ევროპის რომელიმე პატარა ქალაქის საოპერო თეატრის წლიური ბიუჯეტი.

- და ევროპის საოპერო თეატები მთლიანად სახელმწიფო დოტაციაზე არიან თუ ყავთ სპონსორები კერძო სექტორიდან?

- სახელმწიფო აფინანსებს ნაწილს, ნაწილს კი ფინანსური ჯგუფები. აქაც ასე იყო გათვლილი. არავინ ფიქრობდა, რომ ვთქვათ მხოლოდ კულტურის სამინისტრო შეძლებდა და გამოყოფდა 17 მილიონს. თუმცა ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა, მათ შორის გიორგი მარგველაშვილთან, რომელიც შეყვარებულია ამ პროექტზე და ძალიან სურდა ამ ყველაფრის განხორციელება. მაგრამ სადღეისოდ იმ ფაქტის წინაშე ვართ, რომ ავირჩიეთ პრეზიდენტი, რომელსაც არა აქვს  არანაირი ბერკეტი, რომ რამე განახორციელოს. მე ამ სიტუციაში ვერავის ვადანაშაულებ ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან ვწუხვარ რომ ეს არ კეთდება. შემდეგ ჩვენ ეს პროექტი ჩავშალეთ, ნაწილებდ დავყავით და მინიმალურ თანხამდე  4 მილიონ 300 ათას ლარამდე დავიყვანეთ. ეს იყო ის თანხა, რაზეც ვიყავი თანახმა დამეწყო მუშაობა ამ პროექტის განსახორციელებლად. ეს თანხა იყო სრულიად რეალური. თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს კიდევ მოუმატეს თბილისის ოპერის თეატრს დაფინანსება, რაც უდაოდ სასიხარულო ფაქტია. კარგია, რომ თბილისის ოპერის თეატრის ბიუჯეტი ლამის 11 მილიონს უტოლდება. სამაგიეროდ არანაირ სახელმწიფოებრივ ხედვას არ ექვემდებარება ის ფაქტი, რომ ქვეყნის პირველი ქალაქის თეატრს აქვს 11 მილიონამდე დაფინანსება და ქვეყნის მეორე ქალაქის საოპერო თეატრს კი მხოლოდ - 730 ათასი. ქუთაისი ხომ უზარმაზარი ტერიტორიის, მთელი დასავლეთ საქართველოს ცენტრია. ამიტომ, ასეთი დაფინანსება  არის სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი. არც ერთი თავმოყვარე და პასუხისმგებლიანი სამხატვრო ხელმძღვანელი, თუკი ის მხოლოდ თანამდებობისთვის არ ფიქრობს, არ დათანხმდება ამ პირობებში მუშაობას. სწორედ ამიტომ მივიღე სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება, როცა დავინახე რომ ფინანსური თვალსაზრისით საერთოდ ვერაფერს ვაკეთებდი.  ხალხი მიცნობს და კარგად იცის, რომ არასდროს დავხარბებივარ თანამდებობას. ის რომ სადღაც ვიყო, გენერალი მერქვას, ვერაფერი ვაკეთო დ ა მარტო ხელფასი ავიღო, ასე არანაირად არ მინდა.

- კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა  თქვენი პროექტი შეაფასა როგორც "იდეალისტური და არარეალური"...

- ამ პროექტს იწონებდნენ სახელმწიფოს მნიშვნელოვანი პირები. კულტურის სამინისტროშიც გვეუბნებოდნენ, რომ  თუკი ეს იქნებოდა სახელმწიფოს ნება, ჩვენ ამოგიდგებით მხარშიო. ამიტომ, ეს რომ ვერ მოხერხდა, ამაში ვერასგზით დავადანაშაულებ კულტურის სამინისტროს. ეს იქნებოდა უნამუსობა, ისე გამოვიდოდა, რომ თითქოსდა ისინი დამპირდბენ ფინანსურ მხარდაჭერას. ისინი ვერ დამპირდებოდნენ. ვიცით რა თანხებიც აქვთ თავად. მაგრამ,  ხომ შეიძლებოდა მაგალითად, შემოეთავაზებინათ, რომ რადგან ეს არ გამოდის, სამაგიეროდ აი, ამას გთავაზობთ. ნახევარის საშუალება არ არის, მაგრამ  ამ თანხის მესამედი, ან მეოთხედი შეგვიძლია, ელემენტარულად რაღაც ყურადღება გამოეჩინათ ამ თეატრისთვის.

- კულტურის სამინისტრომ შეგვახსენა, ოპერის თეატრი მუნიციპალური დაქვემდებარების თეატრია და იგი ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან..რაიმე შემოთავაზება ხომ არ ყოფილა ქალაქის მხრიდან?

- ქალაქის მერმა თავად დამირეკა, როცა გაიგო ჩემი წასვლის თაობაზე. მთხოვა არ წავსულიყავი. გვერდში ამოდგომას დაგვპირდა ქალაქის შესაძლებლობის ფარგლებში. მაგრამ ეს იქნებოდა მინიმალური, მიზერული დანამატები. რაზეც რა თქმა უნდა დიდად მადლობელი ვართ. მჯერა, რომ ის ამას გაუკეთებს ქუთაისის ოპერას,  მაგრამ ეს ის არ არის! არსებობს გონივრული მინიმუმი, რომლიდანაც შეგიძლია საქმე აკეთო, მაგრამ იმის ქვემოთ ეს უკვე არის უბრალოდ რომ ლივლივებ, დინებას მიყვები და ცდილობ ფიზიკურად თეატრი შეინარჩუნო. მაგრამ ეს არ არის თეატრი და ეს არ არის შემოქმედება! მართალია დასმა დიდი სიყვარული  და გვერდში დგომის მზადყოფნა გამოიჩინა. ეს ერთის მხრივ ბედნიერებაა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობაცაა. დასის წევრებმა თქვეს, არ გვინდა  ხელფასები, ოღონდ თქვენ დარჩით და იმაზე ვიმუშავებთ რაც იყოო. მაგრამ მე არ მინდა მათთვის არც ასეთი ხელფასი დ ა არც ასეთი დაფინანსება იმიტომ, რომ ვერ მოვთხოვ მათ იმას, რაც სწორად მიმაჩნია თეატრში რომ გატარდეს. მე ვდგავარ პულტთან და მიმაჩნია, რომ კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიცენტრად რომ იქცეს თეატრის დონე უნდა იყოს აბსოლუტურად სხვა. იმის ლოდინი, რომ 5 ან 10 ათას ლარს ვიღაც გადმომიგდებს, ის რომ ორკესტრი მყავს შეუვსებელი, ის რომ ორკესტრის ძირითადი ბირთვი დადის ხან ბათუმში, ხან სად და ხან სად, რომ ორი კაპიკი იშოვოს იმიტომ რომ სხვაგან უფრო მეტს უხდიან, მე ვერაფერს ვეტყვი და ვერ მოვთხოვ. ამიტომ ასეთ პირობებში ვერ ვიმუშავებ.

- პროექტი მიზნად ისახავდა საუკეთესო სპეციალისტების ჩართვას საოპერო, არტ-პროდუქციის შექმნაში. რა გახლდათ თქვენი მთავარი შეთავაზება ქართველი და უცხოელი პროფესიონალების მიმართ, რომ ისინი ჩამოსულიყვნენ ქუთაისში, აქ ემუშავათ და პედაგოგიური საქმიანობა გაეწიათ. რით ხდებოდა ამ ადამიანების დაინტერესება?

- მათ უნდა ჰქონოდათ შესაბამისი ხელფასები. მქონდა მოლაპარაკება ძალიან ბევრ პოლონელ, გერმანელ, ჰოლანდიელ, რუს მაღალი დონის მუსიკოსთან. ყველაფერი გათვლილი იყო იმ 162 გვერდიან პროექტში. დაწყებული იქიდან, თუ ცხოვრების როგორი დონეა ქუთაისში, რამდენია საშუალო ხელფასი და დამთავრებული იმის გათვალისწინებით რა არის B კლასის მუსიკოსის საშუალო ხელფასი ევროპაში (B კლასი არ ნიშნავს საშუალო მუსიკოსს,  A კლასი საბრენდო ორკესტრებია, მაგრამ B კლასი უბრალოდ ძალიან კარგი ორკესტრებია). ის ხელფასი, რომელიც ექნებოდა ამ მუსიკოსებს ჩვენთვის მაღალი ჩანდა, მაგრამ ევროპისთვის არც ისე მაღალია. მაგრამ ქუთაისში ცხოვრება მათთვის ხელსაყრელი იქნებოდა, რადგან აქ ცხოვრება ღირს გაცილებით იაფი და ამით ის მუსიკოსები იგებდნენ.  პარლამენტი ქუთაისშია, რეალურად პარლამენტარებიდან იქ არავინ ცხოვრობს. ეს პროექტი კი იყო გათვლილი იმაზე, რომ ის მოწვეული მუსიკოსები რეალურად იცხოვრებდნენ ქუთაისში. ანუ იმ ხელფასს, რომელსაც მისცემდი ქუთაისშივე დახარჯავდნენ. შესაბამისად გარდა განათლების დონის აწევისა მათი ყოფნა ქალაქში ეკონომიკურადაც მომგებიანი იყო.  კულტურის სამინისტროსთვის ეს შეიძლება "იდეალისტური" პროექტია, მაგრამ, როცა თითქმის 11 მილიონით აფინანსებ თბილისის ოპერას  და ეს არ არის იდეალისტური, მაშინ რატომ არის იდეალისტური პროექტი, რომელიც ეხება მთლიანად დარგის განვითარებას დ ა არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ თეატრს, რატომ?!

- პროექტის ფინანსური მხარდამჭერი მხოლოდ სახელმწიფო უნდა ყოფილიყო თუ გქონდათ მოლაპარაკებები კერძო კომპანიებთან?

- გიორგი მარგველაშვილი დაგვპირდა, რომ დაუკავშირდებოდნენ მსხვილ ფინანსურ ჯგუფებს. ახლა არ მინდა მათი დაკონკრეტება უხერხულ მდგომარეობაში რომ არ ჩავარდნენ. მაგრამ მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. თანაც მე თავიდანვე აღვნიშნე, როცა  სამინისტორს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად  საბუთები შევიტანე -  მხოლოდდამხოლოდ ამ პროექტის  განხორციელება განაპირობებდა ჩემს სურვილს, რომ დავნიშნულიყავი ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემთვის არასაინტერესოა მუშაობა. და თუკი კეთდება საქმე მზად ვარ ვიყო თბილიში,  ხაშურში, თელავში თუ ქუთაისში, მაგრამ როცა არ არის შესაძლებლობები არც ქუთაისში ვჩერდები და არც თბილისში. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა