|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თამბაქოს ინდუსტრია უკრაინაში მიმდინარე ომით მანიპულირებას აგრძელებს - თამბაქოს კონტროლის ალიანსი

თამბაქოს ინდუსტრია უკრაინაში მიმდინარე ომით მანიპულირებას აგრძელებს, - ამის შესახებ განცხადებას  თამბაქოს კონტროლის ალიანსი ავრცელებს. 

ორგანიზაციის ცნობით, პარლამენტარებმა  ისკო დასენმა,  გოჩა ენუქიძემ და დავით სონღულაშვილმა თამბაქოს ინდუსტრიის საკანონდებლო ინიციატივა დაარეგისტრირეს, რომლის მიღების შემთხვევაში თამბაქოს ნაწარმის სადა, ანუ სტანდარტიზებული შეფუთვის ნორმა  2022 წლის 31 დეკემბერს ვერ ამოქმედდება და კიდევ ორი წლით გადაიწევს.  

"კანონის ცვლილების ინიციატორია კომპანია „ფილიპ მორისი“, რომელიც უკრაინის ომით მანიპულირებს და ცდილობს საქართველოს პარლამენტი და მთავრობა დაარწმუნოს, რომ ომის გამო (მისი რამდენიმე ბრენდი უკრაინიდან შემოდის) დროულად ვერ შეძლებს ტექნიკური საკითხების მოგვარებას და თამბაქოს პროდუქციის სადა შეფუთვით ბაზრისთვის მიწოდებას.

საერთაშორისო პრაქტიკით, სადა შეფუთვის ძალაში შესვლამდე, 2-3 თვით ადრე მტკიცდება ტექნიკური რეგლამენტები, რაც ინდუსტრიისათვის საკმარისი დროა შესაბამისი ფერის კოლოფების (მითუმეტეს, კოლოფების ზომები და ფორმები ფაქტიურად არ შეცვლილა) დასაბეჭდად და ბაზარზე გასათავსებლად. ამავე დროს,  წინა დიზაინით დამზადებულ პროდუქციას სარეალიზაციოდ  2-3 თვით დარჩენის უფლება ეძლევა. შესაბამისად, თამბაქოს ნებისმიერ მწარმოებელს, რომელსაც პროდუქცია უკრაინიდან შემოაქვს, არანაირი ფიზიკური, ტექნიკური და „ფილოსოფიური“ შეზღუდვა არ აქვს საიმისოდ, რომ სხვა ქვეყანაზე გადაეწყოს და რეგლამენტის შესაბამისად შეძლოს თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია. უკრაინის ომი ამჯერადაც, ისევე, როგორც, ცოტა ხნის წინ პიქტოგრამებთან დაკავშირებით, მოგონილი მიზეზია. მით უფრო, რომ ჩვენთან,  ტექნიკური რეგლამენტი 7,5 თვით ადრე დამტკიცდა, რაც ყოველგვარი ფორსმაჟორული სიტუაციის შემთხვევაშიც კი, შესაძლებელს ხდის ახალი კოლოფების დაბეჭდვას და პროდუქციისათვის შესაბამისი სახის მიცემას. მით უფრო, რომ კომპანიას მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში 50 საწარმო აქვს.

სადა შეფუთვის (ერთგვაროვანი კოლოფები, რომელზეც დატანილი იქნება ბრენდის სახელი და ვარიანტი, ასევე სამედიცინო გაფრთხილებით პიქტოგრამების ჩათვლით) რეგულაცია ჯერ კიდევ 2018 წლის 1 იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა თამბაქოს ინდუსტრიის ლობირებით, 5 წლით - 2022 წლის 31 დეკემბრამდე გადავადდა. ინდუსტრია ამ დრომდე ამაოდ ცდილობს დაამტკიცოს, რომ აღნიშნული ნორმა არაეფექტურია. თუმცა, მთელი რიგი კვლევები (მსოფლიოში) საპირისპიროს მოწმობს. კოლოფების დიზაინის მიმზიდველობის დაკარგვა განსაკუთრებით მოზარდებში ამცირებს მოწევის დაწყების ალბათობას. შეცვლილ დიზაინს მწეველებზეც  სერიოზული გავლენა აქვს. შესაბამისად, აღნიშნული რეგულაციის გადავადება განსაკუთრებით იმოქმედებს ბავშვებსა და ახლაგაზრდებზე,  რომელთა  ხარჯზეც ხდება თამბაქოს ახალი მომხმარებლების მოზიდვა. 

2022 წლის 31 დეკემბრის მოახლოებისთანავე დაირაზმა ინდუსტრიის ლობი, რომ სხვადასხვა მეთოდით დისონანსი შეიტანოს რეგულაციის ამოქმედების პროცესში. ჯერ ნორმატიული აქტის შესუსტება სცადეს, თუმცა,  მიმდინარე წლის 16 მაისს, ჯანდაცვის სამინისტრომ მაინც შეძლო ნორმატიული აქტის ინიცირება და მთავრობის მხარდაჭერის მიღება.

თამბაქოს ინდუსტრია, განსაკუთრებით, გასახურებელი თამბაქოს მწარმოებელი კომპანია უკმაყოფილოა იმით, რომ სადა შეფუთვის რეგლამენტი  გასახურებელ თამბაქოს კოლოფებზეც გავრცელდება. ამიტომაც ყველა ღონეს იყენებენ მათთვის არასასურველი, ეფექტური  რეგულაციის კიდევ ერთხელ გადასავადებლადს.   

მივმართავთ საქართველოს პარლამენტის თამჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ დავით სერგეენკოს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს და ყველა პარლამენტარს ვისთვისაც სულერთი არაა ჩვენი შვილების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ასევე თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კოვნეცნიითა და ადამიანისა და ბავშვთა უფლებების კონვენციებით, ევროდირექტივებითა და ქვეყნის კანონდებლობით გარანიტებული უფლებები და  არ დაუჭირონ მხარი თამბაქოს ინდუსტრიის ფინანურ სარგებელზე აგებულ და არგუმენტებს მოკლებულ წინადადებას", - აცხადებს თამბაქოს კონტროლის ალიანსი.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.73%
გაუარესდა - 46.94%
არ შეცვლილა - 16.33%
სულ - 49 ხმა