ნიკა ნარსია ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას აანონსებს
"თავისუფალი ზონის" წევრი ნიკა ნარსია ახალი მოძრაობის დაფუძნების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით, მოძრაობა „ერთად დგომის დროა, საქართველოსთვის“ ქვეყნის მასშტაბით დაფუძნდება, სამუშაოები უკვე მიდის რეგიონებში, სადაც ლიდერები მისი თანამოაზრეები იქნებიან.
„ზუსტად ვიცით, რომ ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება, მათ შორის ცნობილი სახეები, ეს ორგანიზაცია იქნება ხალხთან ყველაზე ახლოს მდგომი და მას შემოუერთდება ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ მიეყიდა ივანიშვილს“,- აცხადებს ნარსია. ის არ საუბრობს იმის შესახებ, იქნებიან თუ არა ახალ მოძრაობაში „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც პარტის წევრების პარლამენტში შესვლის ფაქტის გამო უკმაყოფილებას გამოხატავენ.
„ამის შესახებ განცხადებას ვერ გავაკეთებ, მე „ნაციონალურ მოძრაობაში“ არანაირი თანამდებობა არ მაქვს და არ ვიცი, ვინ რითაა უკმაყოფილო, მაგრამ ჩვენ ვნახეთ როგორი ფარსია პარლამენტი და კიდევ ოთხ წელიწადს არ ვაპირებთ ამ ფარსში გაჩერებას. ხალხი მალე მოითხოვს ამ ხელისუფლების შეცვლას“,- აცხადებს ნიკა ნარსია.
ორგანიზაცია გეგმავს პოლიტიკური და სოციალური საკითხების გაპროტესტებას, მათ შორის პროტესტის ისეთი ფორმებით, როგორიცაა ქუჩის აქციები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სახლთან შიმშილობა: „ჩვენ არ ვივიწყებთ არაფერს და „ქართულ ოცნებას“ უნდა მოვთხოვთ ძველი დაპირებების შესრულება, მათ შორის "იაფ ფულთან" დაკავშირებით“, - აცხადებს ის.
"თავისუფალი ზონის" სამი წევრის, მათ შორის ნიკა ნარსიას მიმართ სამართლოში არსებული ე.წ. პიჯაკის საქმის განხილვა არ დასრულებულა. მისი თქმით, სასამართლო მათ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანას აჭიანურებს და მათ არ აქვთ ქვეყნიდან გასვლის უფლება, თუმცა სადმე წასვლას არ გეგმავს და მის მიმართ არსებული 13 პოლიტიკური განაჩენის არსებობის მიუხედავად, უცხო ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას არ გეგმავს.
ორგანიზაცია პირველ აქციას 25 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილის სახლთან აანონსებს.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















