|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისში, შიდა ქართლსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს და 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისში, შიდა ქართლსა და იმერეთში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 4 პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ლ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს. ამასთან, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პისტოლეტი, მჭიდი და 7 ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

„შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივარ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი - 1971 წელს დაბადებული რ.ფ. და 1980 წელს დაბადებული კ.გ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ჯგუფურად გასაღების ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს შეიძინეს 9 პისტოლეტი, რომელთა ნაწილი ჯგუფურად, უკანონოდ გაასაღეს, ნაწილს კი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1994 წელს დაბადებული გ.ნ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ხაშურში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს გადაჭრილი თოფი - ე.წ. აბრეზი და 8 ვაზნა.

დანაშაულები 3-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ჯგუფურად გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს",-  აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 38%
გაუარესდა - 46%
არ შეცვლილა - 16%
სულ - 50 ხმა