ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის პირველი ფაზა 2020 წელს დასრულდება
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის პირველი ფაზა 2020 წლის აგვისტოში დასრულდება, სექტემბრიდან კი, უნივერისტეტი პირველ სტუდენტებს მიიღებს, - ამის შესახებ bm.ge-ის „ქართუ ფონდის“ პროექტების ხელმძღვანელმა ვახტანგ ცაგარელმა განუცხადა.
მისი თქმით, უკვე აშენებულია სასწავლო კორპუსის ნულოვანი სართული, პროექტი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და სამშენებლო მოედანზე 200-მდე ადამიანი მუშაობს.
პროექტის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტი 1200-დან 3000-მდე სტუდენტს მიიღებს, რომლებიც პირველ ეტაპზე სამ დისციპლინას: მათემატიკას, ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და მენეჯმენტს შეისწავლიან.
ცაგარელის თქმით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის ყველა ფაზა დაახლოებით, 7-10 წლის პერსპექტივაში დასრულდება.
განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ინფორმაციით, დასრულების ეტაპზეა სასწავლო პროგრამებიც, რომლის შემუშავებაშიც ქართულ მხარეს მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ეხმარება.
„სრულდება სამუშაოები, რომელიც ეხება სასწავლო პროგრამების შემუშავებას. ნებისმიერი უნივერსიტეტის შექმნა დაფუძნებულია სასწავლო პროგრამების შემუშავებაზე.
იცით, რომ აქ არის ჩართული მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელსაც უზარმაზარი გამოცდილება გააჩნია მსოფლიოში ამ მიმართულებით. ქართულ მხარესთან ერთად მალე დასრულდება სასწავლო პროგრამებზე მუშაობა, რომელიც პირველი ეტაპია. მეორე ეტაპი, გამომდინარე არსებული პროგრამებიდან, უკვე დაიწყება ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც დამოკიდებულია პირველი ეტაპის სამუშაოებზე - რა პროგრამები უნდა იყოს, შესაბამისი ინფრასტრუქტურა კი, ამას უნდა მოჰყვეს“, - აცხადებს ბატიაშვილი.
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის ჯამური ინვესტიცია 500 მილიონი ევრო უნდა იყოს. პროექტს ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ფონდი“ აფინანსებს.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















