"თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა საბიუჯეტო თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს"
პოლიტიკურ მოძრაობაში ,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ თერჯოლის მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო თანხების არარაციონალურ გამოყენებაზე საუბრობენ. რაიონულ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა ლაგაზიძემ და დასავლეთ საქართველოს ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელმა კობა ჩიხლაძე მედიას მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2014 წლის ზაფხულში თერჯოლის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ქუჩაზე გზის საფარი გამგეობის დაკვეთით გამოიცვალა, 3-4 თვეში კი იგივე გზა წყალგაყვანილობის ქსელის რეაბილიტაციის მიზნით გაიჭრა და დღემდე მოუწესრიგებელია.
ხათუნა ლაგაზიძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის გამგეობა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან ამორტიზებული მილების გამოცვლის შესახებ ინფორმირებული იყო, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს არ გაითვალისწინა და გზის მოსაწესრიგებლად ტენდერი გამოაცხადა. ჩასატარებული სამუშაოებისთვის თანხა ასე გადანაწილდა:ლესელიძის ქუჩა-289.3 ლარი 9 აპრილის ქუჩა-228.8 ლარი ოთხი ძმის ქუჩა-221.0 ლარი.
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში 700 000 ლარის ღირებულების გზის საფარი დაიგო, მაშინ როცა გამგეობა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან ინფორმირებული იყო, რომ ადგილზე წყლის მილების გამოცვლა მოხდებოდა. 3 თვეში გზა გაიჭრა და ადგილზე ასფალტის საფარი ფაქტობრივად არ არსებობს. სახეზეა საბიუჯეტო თანხების ფლანგვა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ყველა რაიონსა თუ ქალაქში იგივე მდგომარეობაა, საქმე გვაქვს ხელისუფლების მხრიდან დაშვებულ სისტემურ შეცდომასთან“-განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















