"თეთრ ხიდზე" სტიკერების გაკვრის გამო დაჯარიმების საქმის სასამართლო განხილვა ჩაინიშნა
"თეთრ ხიდზე" სტიკერების გაკვრის გამო არასამთავრობო ორგანიზაციის დაჯარიმების საკითხზე სასამართლო მოსმენა 19 თებერვალს ჩაინიშნა. არასამთავრობო ორეგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" თავმჯდომარის გია გოქაძისათვის 500 ლარიანი ჯარიმის გამოწერის საქმეს ქუთაისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.
ახლადრეაბილიტირებული ხიდის საფარზე მინის ფილის გაბზარვის შემდეგ ორგანიზაციამ მერიის წარმომადგენლების მოსვლამდე ხიდზე გამაფრთხილებელი სტიკერები გააკრა. მერიის მხრიდან აღნიშნული სტიკერების აღების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციამ აქცია გამართა და ხიდზე სტიკერები ისევ გააკრა, რის შემდეგაც მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ჯარიმა ორგანიზაციის თავმჯდომარეს გამოუწერა.
გია გოქაძიეს ამ დროისათვის ადვოკატი არ ყავს. მის ინტერესები, შესაძლოა, ერთ-ერთმა სოლიდურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაიცვას.
არასამთავრო ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაჯარიმება მიზანშეუწონლად მიიჩნია ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრთა ერთმა ნაწილმა. საბჭოს სხდომაზე ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართა, საბოლოოდ კი მერის სახელზე გია გოქაძისთვის ჯარიმის გამოწერის ფაქტზე მერიის ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილების გადახედვის რეკომენდაცია გაკეთდა. საკითხთან დაკავშირებით ქალაქის მერის პოზიცია უცნობია.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















