|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტორპედოში" ირანელების მიღებას სპონსორის გამოჩენა უნდა მოჰყოლოდა"

„ტორპედოს“ მისამართით ბრალდებები მას შემდეგ გააქტიურდა,  რაც გუნდმა წინა თამაში საჩხერის გუნდთან წააგო,  რის შემდეგაც   „ახალი პოლიტიკური ცენტრის  - გირჩის“ ადგილობრივმა წარმომადგენელმა, თემურ ცამციშვილმა “ტორპედოს“ ხელმძღვანელობა  კორუფციასა და არასწორ მენეჯმენტში დაადანაშაულა. გუნდის წაგება გააპროტესტეს ფანებმაც. მათ უკმაყოფილება გამოთქვეს გუნდში  2 ირანელი ფეხბურთელის მიღების გამოც.

ძველ და ახალ ბრალდებებს   კლუბის პრეზიდენტი თემურ ჩეჩელაშვილი „ნიუპრესთან“ საუბარში  პასუხობს. ის „ტორპედოს“ მისამართით პოლიტიკური პარტიის გააქტიურებას წინასაარჩევნოდ ქულების დაწერის მცდელობას უკავშირებს.

 

 

 -საუბარია, რომ "ტორპედო", რომლის  დაფინანსება გაიზარდა და  2 მილიონი ლარი გახდა,  ვერ იძლევა დაფინანსების შესაბამის შედეგს, ამაზე რას იტყვით?

-საიდან მოიტანეს, რომ "ტორპედოს" დაფინანსება 2 მილიონი ლარია? ჩვენი გუნდის დაფინანსება წელს არის მილიონ ნახევარი ლარი, ეს არის გასულ წელს ქუთაისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი. საკრებულოს "ნაციონალმა" დეპუტატმა, ამირან ძოწენიძემ განაცხადა,  რომ „ვისოლის“ დროს სახელფასო ფონდი ყოფილა 57 ათასი ლარი - ახლა გაზრდილა  100 ათასამდე.  ესეც ტყუილია. მე არ ვიცი, რომელი უწყისი აქვთ მათ, როგორც ჩანს,  ეს არის ფრაგმენტი, რომელიცაც ნაწილი საერთო სახელფასო ბიუჯეტისა.  

ახლა "ტორპედოს" მთლიანი სახელფასო ფონდი არის 115 ათასი ლარი. მასში შედის როგორც გუნდის, ასევე ადმინისტრაციის და ინფრასტრუქტურაში დასაქმებული პერსონალის ხელფასი. "ვისოლის" დროს მთავარი მწვრთნელის ხელფასი იყო 21 ათასი ლარი, ახლა არის 5 ათასი ლარი. მაშინ აღმასრულებელი დირექტორის ხელფასი იყო 5 ათასი, ახლა არის 1 800 ლარი. თუ "ვისოლის" დროს 57 ათასი იყო მთლიანი სახელფასო ფონდი,  მაშინ გამაგებინეთ,  ამ 2 ხელფასის გამოკლებით  დარჩენილი  31 ათასი ლარი  როგორ ნაწილდებოდა დანარჩენ 90 თანამშრომელზე? ტყუილია, რომ ვისოლის დროს იყო ნაკლები დანახარჯები და ახლა გაიზარდა.  3 წელი იყო "ვისოლი" ქუთაისში და მაშინ ქუთაისის "ტორპედოს" წლიური ბრუნვა იყო 4 მილიონი ლარი, ერთი წელს 4 მილიონ ნახევარიც კი იყო.

"ტორპედოში" არარსებულ კორუფციაზე საუბრით პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს სურთ ამომრჩევლის წინაშე ქულები დაიწერონ, მაგრამ ეს არ გამოუვათ, რადგან  მე არ  ვარ ის ხელმძღვანელი, რომ სადმე ერთი თეთრი არამიზნობრივად დაიხარჯოს.

ამ მილიონ ნახევარი ლარიდან 400 ათასი ლარი განკუთვნილია ინფრასტრუქტურისათვის. ესეც არ არის საკმარისი, რადგანაც გადასახადები- 500-დან 600 ათასამდე ჯდება.

-რას იტყვით მოედნის საფარზე, ფაქტია, რომ  ცუდ მდგომარეობაშია? 

-გეთანხმებით, ჩვენ ვერ ვითამაშეთ ამ სტადიონზე, მხოლოდ ერთადერთი თამაში გავმართთ  აქ.  არადა, საბჭოთა დროიდან მოყოლებული საუკეთესო იყო „ტორპედოს“  მოედნის საფარი, მაგრამ წინა ხელისუფლების დროს, მე არ ვიცი, ვის ინტერესებში შედიოდა ეს,  მოხსნეს საფარი და დავით აღმაშენებლის პროსპექტზე,  პალმების ხეივანში დააგეს.  იქ ბიბინებს ახლა ბალახი, რომელიც "ტორპედოზე" მოიტანეს, ის აღარ არის, ესეც ჩემი ბრალია? თვითონ გააფუჭეს საქმე და ახლა ხელს სხვისკენ იშვერენ. თუ მაინცდამაინც საჭირო იყო ამ საფარის აღება, უკან გვაქვს მეორე სტადიონი, სადაც ვერავით  შედის, რადგან  დაჭაობებულია. ახლა ვფიქრობთ მის აღდგენას, ფული თუ გამოჩნდება. ეს ბალახი გადაეტანათ და ჩვენს ეზოში, მეორე სტადიონზე დაეგოთ, რომელზეც ბავშვები იზრდებიან. ჩვენებიც ივარჯიშებდნენ და აღარ იქნებოდა ამის პრობლემა.

-რა შეიძლება გაკეთდეს საფართან დაკავშირებით?

-ახლა  დათესილია ბალახი და  ვთამაშობთ. მაისში, ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ხელახლა უნდა დაითესოს ბალახი. ვნახოთ, შემოდგომისათვის რა შედეგი იქნება.  თუ მინდორი უვარგისი იქნება,  დაიდება დასკვნა და შეიძლება,  საფარი შესაცვლელი გახდეს. რა თანხებთან იქნება ეს დაკავშირებული, ამის ხარჯთაღრიცხვა  შემდეგ გაკეთდება.

- გსაყვედურობენ, რომ გუნდს არ აქვს კარგი შედეგი...

- რა შედეგი ჰქონდა გუნდს "ვისოლის" დროს? იმაზე უარესი შედეგი გუნდს დღესდღეობით არ აქვს.

- როგორ შეაფასებთ გუნდის მდგომარეობას?

- მაისში მთავრდება ჩემპიონატი. ამ ეტაპზე ჩვენ საუბარი გვაქვს იმაზე, რომ ათეულში მოვხვდეთ.  მაკრიტიკებენ,  რომ მე გუნდთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე არ ვსაუბრობ-  ჯერ ჩემპონატი არ დასრულებულა, არ შეიძლება დღეს ცვლილებებზე საუბარი, რადგან ეს გუნდის საბრძოლო სულისკვეთებაზე შეიძლება ცუდად აისახოს. მაგრამ ეს არ ესმით მათ. რატომღაც,  ყველას ჰგონია რომ საუკეთესოდ ესმის პოლიტიკა და ფეხბურთი.

მაისიდან აგვისტოს თვემდე, როდესაც გაიხსნება სატრანსფერო ბაზარი, შესაძლებელი იქნება გუნდში ცვლილებების განხორციელება.

- ფანებმაც გამოთქვეს უკმაყოფილება...

- ყველა გასვლით თამაშზე გუნდი ქირაობს ორ მიკროავტობუსს, ზოგჯერ სამს, საჭიროების მიხედვით და ვუშვებთ თამაშზე. ამის მიუხედავად,  ზოგმა მაინც  დაწერა, რომ თავიანთი ხარჯებით დადიან თამაშზე, ნამუსი აღარაა? თუმცა, თუ  ფანი ხარ, კეთილი ინებე და იარე...  

- უკმაყოფილება გამოითქვა გუნდში ირანელი ფეხბურთელების მიღების გამოც...

- ვის რა დაუშავა ირანელების გუნდში მოყვანამ? გუნდში მე მივიღე ირანელები, როცა გაუწიეს მათ რეკომენდაცია.  არ გამიცია არცერთი თეთრი სატრანსფერო თანხა. არც ფეხბურთელებისათვის  გადამიხდია თანხა ჯერჯერობით. ისინი გუნდში ორი თვით, გამოსაცდელი ვადით მივიღე.  ორი თვის განმავლობაში ორივეს ერთად უნდა გადავუხადოთ 1 000 ლარი, ამაზეა სულ საუბარი.  თუ მოგვეწონება,  დავტოვებთ გუნდში.

მომავალი წლიდან, გუნდს სპონსორი თუ არ გამოუჩნდა,  დაფინანსება მხოლოდ მილიონი ლარი გვექნება - ყველა გუნდს, რომელსაც სპონსორი არ ეყოლება, ფედერაცია მხოლოდ მილიონ ლარს მისცემს. ამ თანხით ხელფასებსაც ვერ გავცემთ. ამიტომ იყო საუბარი ამ ირანელების მიღებაზე. ასეთ შემთხვევაში ჩვენ გუნდს სპონსორი უჩნდებოდა  ირანელების სახით, რომლებიც ქალაქში უნდა ჩამოსულიყვნენ. საუბარი იყო ქალაქში ინვესტიციების შემოტანაზე.

ამ ჩემპიონატში მე რაიმე სახარბიელო შედეგს ვერ ველოდები, გუნდი უნდა გადახალისდეს და გაძლიერდეს, მაგრამ ამ დამოკიდებულებით, როგორიც დღესაა ქუთაისში "ტორპედოს" მიმართ, ჩასაფრებული და მართული ადამიანების მხრიდან, არაფერი გამოვა. საჩხერესთან რომ წააგო გუნდმა, გაუკვირდათ? საჩხერის და ქუთაისის "ტორპედოს" დაფინანსება ერთია? იმათ „ქართუ ბანკი“ უდგათ გვერდით. ეს გამართლება კი არ არის, მაგრამ  საჩხერე სამეულში იყო და სხვა შედეგისთვის იბრძვის.

ორი თამაში მთავარი მწვრთნელი არ იქნება გუნდთან. შტელინს წინა თამაშამდე სამი დღით  ადრე გულთან დაკავშირებული პროცედურები ჩაუტარდა, გულის შეტევა ჰქონდა. ორი ახალგაზრდა მწვრთნელი გაიყვანს გუნდს სათამაშოდ.  შტელინსაც  მაისამდე აქვს  კონტრაქტი, მის მიმართ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს,  შესაძლოა გაგრძელდეს მისი კონტრაქტი, თუმცა, ეს მომავლის საქმეა.

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა