|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თუ რამე არის გასაკეთებელი, თვითმმართველობა გააკეთებს"- დიმიტრი მხეიძე

ქუთაისში ბერი თევდორეს ქუჩის მეორე შესახვევში გზა დაზიანებულია. მოსახლეობა  გზის რეაბილიტაციას წლებია ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ,  არჩევნებიდან რამდენიმე დღით ადრე, ადგილზე  "ქართული ოცნების"  მაჟორიტარის, დიმიტრი მხეიძის შტაბის წარმომადგენელი მივიდა და მათ პრობლემის მოგვარება დიმიტრი მხეიძის მხარდაჭერის სანაცვლოდ დაპირდა.

„არჩევნების პერიოდში მოსული იყო დიმიტრი მხეიძის შტაბის წარმოადგენელი. გვითხრა, რომ თუ დიმიტრი  მხეიძეს მხარს დავუჭერდით, გზას დაგვიგებენ. რამდენიმე დღეში ისევ მოვიდნენ და  გვითხრეს, რომ ხრეშს მოიტანდნენ. შემდეგ ხრეშიც არ მოიტანეს. რომ მოვიკითხეთ გვითხრეს, რომ ხრეში მილებს დააზიანებდა. ვთხოვეთ ორმოები მაინც ამოევსოთ, თუმცა ჯერჯერობით არავინ გამოჩენილა. საშინელი მდგომარეობა ამ ქუჩაზე,  ტაქსები აღარ გვემსახურებიან, ადგილობრივებმაც დავაზიანეთ საკუთარი ავტომობილები“,-აღნიშნა ბერი თევდორეს ქუჩის მაცხოვრებელმა ქეთევან სამანიშვილმა.

აღნიშნული ჯერ უარყო, შემდეგ კი დაადასტურა ქუთაისის მაჟორიტარმა დიმიტრი მხეიძემ. მისი თქმით, ის არავის არაფერს დაპირებია: 

„მე არავისთვის მითქვამს, ხრეშს დაგიყრით, მითუმეტეს ეს მოსყიდვა იქნებოდა ამომრჩევლის და ღმერთმა დამიფაროს, მსგავსის გაკეთება. თუ რამე არის გასაკეთებელი, თვითმმართველობა გააკეთებს. უამრავი პროექტი გააკეთეს, უამრავი ქუჩის რეაბილიტაცია, გაყვანილობები, ასე რომ დანარჩენსაც   მიხედავენ. ჩემი წარმომადგენლობა თუ ვინმემ დაიბრალა,  არ ვიცი, მაგრამ მე პირადად არავის არაფერს დავპირებივარ",-განაცხადა დიმიტრი მხეიძემ.

რამდენიმე წუთის შემდეგ  დეპუტატი დაგვიკავშირდა და განგვიცხადა, რომ თვითმმართველობაში არსებობს შესაბამისი პროექტი და  გზის რეაბილიტაცია 2017 წლის ბოლომდე დასრულდება.

"თქვენთან საუბრის შემდეგ დავინტერესდი და გადავამოწმე ეს ინფორმაცია, ნამდვილად ყოფილა მოსახლეობასთან შეხვედრა. როგორც მოვიკითხე აღნიშნული ტერიტორიის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება. ჯერ წყლის მილები მოწესრიგდება, შემდეგ დაიგება გზა. ამის პროექტიც არის. წინასწარ ხრეში რომ შეიტანონ, ორმაგი ხარჯი იქნება, ვინაიდან მილები დაზიანდება.  2017 წლის ბიუჯეტში არის შეტანილი ამ გზის რეაბილიტაცია და უახლოეს მომავალში გაკეთდება",-განაცხადა დიმიტრი მხეიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციის "სამართლიანი არჩევნების" ქუთაისის ორგანიზაციის კოორდინატორის თეონა გოგიშვილის განმარტებით, პრობლემა კანონმდებლობაში და ფუნქციათა დაღრევაშია, რადგან მაჟორიტარობის კანდიდატები ისეთ დაპირებებს გასცემენ, რომელთა შესრულება უშუალოდ მათ კომპეტენციაში არ არის.  არასამთავრობო სექტორი, ზოგადად, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მომხრეა.  

 

  

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა