ტყიბულის ტრაგედია - რა გახდა 4 ადამიანის დაღუპვის მიზეზი?
ტყიბულში მეშახტეების სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათი გრძელდებოდა და დღეს დაახლოებით, 08.30 საათზე დასრულდა. ოთხი გარდაცვლილი მეშახტის ცხედარი ტყიბულიდან ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.
ტრაგედია კომპანია „საქნახშირის“ ელიზბარ მინდელის სახელობის შახტაში 9 მაისს მოხდა.
ბროგორც კომპანიაში განაცხადეს, ნახშირის ამომღები მოწყობილობის - ბადია ბაგირის შეცვლის გეგმური სარემონტო სამუშოების დროს ბადია მოწყდა და მასზე მყოფი ოთხი მეშახტე თან ჩაიყოლა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტყიბულში გაემგზავრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ.
შემთხვევის ადგილზე ჩავიდა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორების ჯგუფი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა მომხდარი ფაქტი შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევას დაუკავშირეს და გუშინ თბილისში გამართული აქციით შრომითი ინსპექციის შექმნა მოითხოვეს, რა დროსაც სამი ადამიანი დააკავეს.
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პასუხისმგებლობას "შრომის ინსპექციის" შექმნის მოწინააღმდეგეებს აკისრებს. ”ვინც ეწინააღმდეგება ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას, მთავრობაში, პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიაში თუ სხვაგან, თქვენ ხართ მკვლელები. ეს სიმართლეა. ჩვენ 4 წელია მოვითხოვთ შრომის ინსპექციის შექმნას. უბრალოდ, სირცხვილია, მეგობრებო”, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















