უფასო მივლინება მერიას 908.9 ლარი დაუჯდა
ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსმა რამდენიმე კვირის წინ „ნიუპრესის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია პასუხის მიღებამდე გამოაქვეყნა. თანამშრომლის ქმედების გამო გაატარა თუ არა რაიმე ღონისძიება ქუთაისის მერმა და როგორ აფასებს საჯარო მოხელის ქმედებას, ამ კითხვით შოთა მურღულიას მივმართეთ.
მერის განცხადებით, მას საკითხთან დაკავშირებით რაიმე ღონისძიება არ გაუტარებია. მისი თქმით, მირანდა კუპრავას ქონდა უფლება, გაევრცელებინა განცხადება, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე.
„მე რა ღონისძიება უნდა გამეტარებინა, რამდენადაც ვიცი, გვაქვს უფლება გამოვაქვეყნოთ განცხადებები, თუ ის საზოგადოებისთვის სინტერესოა, არ ვიცი, მგონი, კანონი არ დაგვირღვევია“,- განაცხადა შოთა მურღულია.
მერისგან განსხვავებით, საჯარო მოხელის მიერ განცხადების გამოქვეყნების ფაქტს შესაძლო დარღვევად მიიჩნევენ იურისტები. მათი განცხადებით, ინფორმაცია, რომელსაც წერილის სახით გამოვითხოვთ, არის მიმართული მხოლოდ ერთი კონკრეტული პირის, ან სამსახურის მიმართ და შეიცავს პერსონალურობის ნიშნებს და მისი გასაჯაროება, როდესაც არ იკვეთება, გასაჯაროების ლეგიტიმური მიზანი, შეიძლება შეფასდეს დარღვევად. ამ შემთხვევაში საუბარი იყო საქველმოქმედო კონცერტის ჰონორარის თანხებზე, რაც გადაჭრით ვერ იქნებოდა ლეგიტიმური მიზეზი პასუხის მიღებამდე ამ განცხადების სოციალური ქსელით გამოქვეყნების.
რაც შეეხება კულტურის განყოფილების უფროსის მივლინებას საახალწლო დღეებში ჰოლანდიაში, მერის განცხადებით, მირანდა კუპრავა იყო უფასო მივლინებაში და ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა უცხოეთში, ყველა ხარჯი იმ ორგანიზაციამ დაფარა, რომელმაც ის მიიწვია.
უფასო მივლინებაში რომ იყო, ადასტურებს თავად მირანდა კუპრავა. როგორც მან „ნიუპრესთან“ საუბარში განაცხადა, ჰოლანდიაში იმყოფებოდა კომპანია „Georgian Adventure“ (საქართველოს თავგადასავლის) მიწვევით, რომელიც გულისხმობდა სხვადასხვა სემინარებში მონაწილეობას.
„მიწვევით გავემგზავრე ჰოლანდიაში, რათა დავსწრებოდი სხვადასხვა სემინარებს, რომლებიც ეხებოდა ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს საქართველოსა და ჰოლანდიას შორის, ასევე გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებთან მათთვის ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად. ამ შეხვედრების ფარგლებში ღონისძიებები დაიწყება 2018 წლიდან, მასში 1500-მდე მონაწილე იქნება და ქუთაისში ჩატარდება. ასევე ვაპირებთ გაცვლითი პროგრამების გატანას“-განაცხადა მირანდა კუპრავამ.
ჰქონდა თუ არა აღნიშნული სემინარის ამსახველი ფოტომასალა, კუპრავამ განაცხადა.
„პირველად მესმის სემინარზე ფოტოს გადაღება. მე არ ვესწრები ისეთ სემინარებს, სადაც ფოტოებს იღებენ. ამ შემთხვევაში ყველა სემინარი იყო დახურული და არ ხდებოდა ფოტოების გადაღება“.
კუპრავას მივლინების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ აქვთ მერიის პრესსამსახურში. როგორც პრესსამსახურის წარმომადგენელმა განგვიცხადა, "ერთი ადამიანი იყო მივლინებაში და არ იყო ეს ისეთი მასშტაბის ღონისძიება, რომ გაშუქება გამხდარიყო საჭირო".
მირანდა კუპრავა მივლინებაში შვილთან ერთად იმყოფებოდა. მისი განცხადებით, მისი მგზავრობის და ჰოლანდიაში ცხოვრების ხარჯები ორგანიზაციამ დაფარა, შვილის ხარჯები კი ბავშვის მამამ და ქუთაისის მერიას მის მივლინებაში თანხა არ დაუხარჯავს.
თუმცა ჩვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ქუთაისის ბიუჯეტიდან მირანდა კუპრავას მივლინებისთვის დღიურად სამივლინებო თანხად განისაზღვრა 41 ევრო დღეში, რვა დღიანი მივლინება კი 328 ევროს, ანუ 908.9 ლარს შეადგენს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















