UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია
UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი, რომელმაც UFC-ის საჩემპიონო ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა, საქართველოშია. მას თბილისში ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ.
როგორც დვალიშვილმა აღნიშნა, ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მის ბრძოლას დაესწრო და ძალიან მოეწონა.
დვალიშვილის განმარტებით, მან დონალდ ტრამპს საქართველოს მიერ ამერიკის მიმართ პატივისცემა დაუდასტურა.
„ვახსენე საქართველო, დავუდასტურე ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა. ვფიქრობ, კარგი ბრძოლა იყო. ჩემი ბრძოლა მოეწონა. როგორც იცით, ამერიკის პრეზიდენტიც დარბაზში იყო. ქამარი კიდევ ერთხელ დავიცავი. კიდევ ერთხელ დავუმტკიცეთ ყველას, რომ მაგრები ვართ“,-განაცხადა დვალიშვილმა.
მან ქართველ გულშემატკივრებს, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა ემიგრანტს გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ძალიან დიდ ძალას და ენერგიას ვიღებ მათგან. ისეთ ენერგიას ვიღებ, რომ არასდროს მინდა ამ სპორტს თავი დავანებო. გპირდებით, რომ ჩემს მაქსიმუმს ამოვწურავ, სანამ ღონე მაქვს და კიდევ ვვითარდები“,-აღნიშნა დვალიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში ერთი კვირით ჩამოვიდა და უნდ სტუმრებს ქართული სტუმართმასპინძლობა გააცნოს.
დვალიშვილი დღეს რიყის პარკში გულშემატკივრებს შეხვდება, ასევე მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს.
ავტორი: ნიუპრესი