როგორ და რა კრიტერიუმებით შეირჩევა ქუთაისის ოპერის ახალი პიარ–მენეჯერი?
ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია.
როგორც "ნიუპრესს" აცნობეს, პიარ–მენეჯერი არა საკუთარი სურვილით, არამედ ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის ირინე ლომინაძის გადაწყვეტილებით გაუშვეს. წყაროს ინფორმაციით, ლომინაძე ანდღულაძეს საქმიანობას უწუნებდა და მის დაუყოვნებლივ გაშვებას ითხოვდა. ინფორმაციას არ ადასტურებს აკაკი ანდღულაძე და აცხადებს, რომ მან თანამდებობა საკუთარი სურვილის საფუძველზე დატოვა, რადგან მომავალი წლიდან სხვა სამსახურში გადადის.
ბრალდებას არც სამხატვრო ხელმძღვანელი ადასტურებს, როგორც მან ჩვენთან საუბარში განმარტა, აკაკი ანდღულაძე საკუთარი სურვილით წავიდა და ის ამ პროცესებში არ ჩარეულა. ლომინაძე ასევე აღნიშნავს, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ერთ–ერთი გამორჩეული და მოწესრიგებული თანამშრომელი იყო.
"აკო ანდღულაძემ თავისი გადაწყვეტილებით დატოვა თანამდებობა და ჩვენ არ ჩავრეულვართ ამაში. რამდენადაც ვიცი, თბილისში აპირებს გადასვლას. რაც შეეხება მის მუშაობას, საპრეტენზიო არაფერი მაქვს, პირიქით, ზედმეტსაც კი აკეთებდა",–აცხადებს ლომინაძე.
მისივე განცხადებით, მომავალ თანამშრომელს არა კონკურსის გზით, არამედ უშუალოდ თვითონ შეარჩევს, რაშიც ის ფაქტი დაეხმარება, რომ ქუთაისში ყველას იცნობს.
"ეს იქნება ჩვენი თანამშრომელი და მე სრული უფლება მაქვს, ავირჩიო ის. არ გამოცხადდება კონკურსი, მოგეხსენებათ, ქუთაისი პატარა ქალაქია და ყველა ყველას იცნობს. მე უკვე მიკავშირდებიან, გავესაუბრები მათ და შევარჩევ. ჯერ პრემიერა გვაქვს და მომავალი წლიდან დავიწყებთ ამაზე ზრუნვას",–აცხადებს სამხატვრო ხელმძღვანელი.
სასურველ კანდიდატს უპირატესობას პროფესიონალიზმის მიხედვით მიანიჭებს, აცხადებს, რომ ქუთაისში ბევრი არა, თუმცა არიან კარგი ჟურნალისტები.
"ჩვენ მკაცრად შევაფასებთ პრიორიტეტებს, რაც აუცილებელია, უნდა იყოს ცნობილი, პიარსპეციალისტი და არა სხვა პროფესიის. შეიძლება ქუთაისში ბევრი არა, მაგრამ არიან კარგი ჟურნალისტები, რომელთაც აქვთ ურთიერთობის, თანამშრომლობისა და წერის უნარები და ამიტომ ვფიქრობ, რომ შერჩევა არ გაგვიჭირდება. ეს ყველაფერი, როგორც აღვნიშნე, მომავალ წელს მოხდება. ამ ეტაპზე პრემიერაზე ვართ გადართული".
არის თუ არა პროცესებში ჩართული ოპერის დირექტორი, ირინე ლომინიძე გვპასუხობს, რომ თორნიკე მარჯანიშვილი მიმდინარე პროცესებში აუცილებლად ჩაერთვება.
ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი პრემიერისთვის ემზადება. 19 დეკემბერს დასი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით "აბესალომი და ეთერი" წარსდგება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















