"ჭიათურის საბაგიროების მშენებლობის სამუშაოები წელს დასრულდება"
,,მიმდინარეობს და წელს დასრულდება ჭიათურის საბაგიროების მშენებლობის სამუშაოები, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჭიათურის მთაგორიან რელიეფზე გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალება იქნება“, -განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, 2019 წელს ფონდის დაფინანსებით დაგეგმილია 850-მდე პროექტის განხორციელება სხვადასხვა მუნიციპალური ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჭიათურაში სამგზავრო საბაგირო გზების სისტემებისა და სადგურების სრული რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოების მეორე ეტაპი 2017 წელს დაიწყო.
პროექტი საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობების მიერ ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 40 მლნ. ლარს აღწევს.
ჭიათურაში საბაგირო ტრანსპორტი გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა, რომელიც 1954 წლიდან ემსახურება ქალაქის მოსახლეობას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო საბჭოთა კავშირში პირველი სამგზავრო საბაგირო გზა.
ჯერ კიდევ 90-იან წლებში არსებული ხაზები და გონდოლები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს, უფრო მეტიც, ხანგრძლივი ექსპლუატაციის გამო, საფრთხეს უქმნიდა მგზავრებს, ამიტომ, სამგზავრო საბაგიროს მუშაობა 2016 წელს შეწყდა და მთაგორიანი რელიეფის ქალაქი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, უამრავი ტურისტი ჩადის, ამ ტრანსპორტის გარეშე დარჩა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















