წყალტუბოსა და ტყიბულში 19 მაისის არჩევნებზე ხმებს ელექტრონულად დაითვლიან
წყალტუბოსა და ტყიბულის 8 საარჩევნო უბანზე 19 მაისს, საკრებულოს შუალედური არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს ხმის ელექტრონული დათვლის სისტემა დახვდება - ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განუცხადა.
ხმის ელექტრონული დათვლის აპარატი განთავსებული იქნება საარჩევნო ყუთებზე. მას შემდეგ, რაც ამომრჩეველი ბიულეტენს განათავსებს ხმის დათვლის აპარატში, ელექტრონული მოწყობილობა ასკანერებს ბიულეტენს და შედეგებს ითვლის ავტომატურად. საბოლოო ჯამში, კენჭისყრის პროცესის დასრულებისთანავე უმოკლეს დროში ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგების ინფორმაცია იქნება ცნობილი.
ცესკოს ინფორმაციით, პროექტი საპილოტეა და ის პირველად, 2018 წელს, შუალედურ არჩევნებზე, ცაიშის თემის 3 საარჩევნო უბანზე განხორციელდა. წელს კი, საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე პროექტი მოდიფიცირებული სახით განხორციელდება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება წინა, 2018 წლის გამოცდილება და პრაქტიკაში გამოვლენილი საკითხები.
საპილოტე პროექტი საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული, კანადური საერთშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “DELIAN”-ის მხარდაჭერით ხორციელდება.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















