წყალტუბოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პროკურორი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ძმაა
წყალტუბოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პროკურორის ვინაობა ცნობილია. ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელზე თავდასხმაში მონაწილე პროკურორი გივი შენგელიაა. "ნიუპრესის" ინფორმაციით, გივი შენგელია ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი შენგელიას ძმა არის. ოჯახს ასევე ნათესაური კავშირის აქვს საქართველოს ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან.
გივი შენგელია საქმის გამოძიების დასრულებამდე გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში პროკურორის მიერ მოქალაქისთვის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2018 წლის 24 აგვისტოს ქალაქ წყალტუბოში, პროკურორმა გ.შ-მ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე გ.მ.-ს, რა დროსაც გ.შ.-მ ასევე მოახდინა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე უმისამართო გასროლა. კონფლიქტის შედეგად გ.მ.-მ მიიღო სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება.
უწყების ინფორმაციით, გ.შ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენის დამტკიცების შემთხვევაში, ფაქტს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და გატარდება კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება. გარდა ამისა, საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, უწყების გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება პროკურორისთვის შეუფერებელი საქციელის ჩადენის ფაქტზე.

ფოტო გივი შენგელიას პირადი "ფეისბუქ" გვერდიდან
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















