ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში, მეწყრული პროცესები დაიწყო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. სოფლებიდან მოსახლეობის გაყვანა გახდა საჭირო.
არსებული ინფორმაციით, მეწყრული პროცესების განვითარებამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, როგორც საცხოვრებელ სახლებს, ასევე დააზიანა საავტომობილო გზების გარკვეული მონაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მეწყრული პროცესების დეტალური შესწავლის მიზნით, ადგილზე გეოლოგთა ჯგუფი მუშაობს
„სპეციალისტები მეწყრის გამომწვევ მიზეზებს ადგენენ, რის შემდეგაც შესაძლო რისკების პროგნოზი გაკეთდება. გასული ღამის განმავლობაში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით მიმდინარეობდა მეწყრის საფრთხის ქვეშ მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაყვანა. ხარაგაულის მერია უზრუნველყოფს არსებული მდგომარეობის მონიტორინგს და ყველა საჭირო ღონისძიებას გეოლოგების ოფიციალური დასკვნისა და რეკომენდაციების საფუძველზე განახორციელებს. მეწყრული პროცესების განვითარებამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, როგორც საცხოვრებელ სახლებს, ასევე დააზიანა საავტომობილო გზების გარკვეული მონაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები", - აცხადებენ მერიაში.
დღეს აღნიშნულ სოფლებში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, მამუკა ხიმშიაშვილი, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებიან. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე არსებულ ვითარებას და ადგილობრივი მცხოვრებლების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ.
ადგილობრივი ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, დაემორჩილონ შესაბამისი სამსახურების მითითებებს.
ავტორი: