ზაალ ჩაჩავა: "მე არანაირი ვალი არ მაქვს, დავალიანება აქვს "ტორპედოს"
ქუთაისის საფეხბურთო კლუბის ყოფილი მფლობელი ზაალ ჩაჩავა აცხადებს, რომ მას და მის კომპანიას "ტორპედოს" მიმართ ვალი არ აქვს. მისი თქმით, "ტორპედო" ქუთაისის მერიას გასულ კვირას დაუბრუნა და მერიასთან არანაირი სამართლებრივი დაპირისპირება და სასამართლო დავა არ აქვს.
"ტორპედო ქუთაისის მერიას გასულ კვირაში დავუბრუნე, იყო ჩემი წარმომადგენელი ჩამოსული და ხელი მოაწერა დოკუმენტს. მერიას ჩემს წინააღმდეგ საქმე სასამართლოში არ აქვს. მე არანაირი პირადი ვალი არ მაქვს, დავალიანება აქვს "ტორპედოს". კლუბი საერთოდ დღემდე რომ მოვიდა, ეს ჩვენ მოვიყვანეთ, არანაირი რესურსი არ ქონდა. 6 თვის წინ მე განვაცხადე, რომ "ტორპედოს" ვეღარ ვუვლი, რადგან ჩინელმა პარტნიორებმა მომატყუეს და ვარ მათთან სამართლებრივ დავაში, ერთი ეტაპი მოვუგე და ეს დავა გრძელდება", -განაცხადა ზაალ ჩაჩავამ.
რაც შეეხება 300 ათას ლარს, რის სანაცვლოდაც ჩაჩავას კომპანიამ შპს "ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსმა" "ტორპედო" შეიძინა, ჩაჩავა აცხადებს, რომ მას მერიისთვის 250 ათასი ლარი გადახდილი აქვს, დარჩენილი თანხა კი ინვესტორის მიერ შექმნილი პრობლემის გამო ვერ გადაიხადა.
ჩაჩავას განცხადებით, მის კომპანიას შპს "ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსს" "ტორპედოს" გარდა სხვა აქტივი არ ქონდა და შესაბამისად, ის ვერანაირ თანხას ვერ გადაიხდის. თუმცა, კლუბის ყოფილი მფლობელი აცხადებს, რომ კლუბს შეძლებისდაგვარად დაეხმარება.
"ნიუპრესის" ინფორმაციით, ქუთაისის მერიას, კლუბის ყოფილ მფლობელს და ახალ ინვესტორს შორის სამმხრივი შეთანხმება გაფორმდა. ჩვენი მცდელობის მიუხედავად, ქუთაისის მერიისაგან საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ დრომდე არ გვაქვს.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















