ზუგდიდში მოწამლული 10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალი დააკავეს
უკრაინელი ბავშვების თანმხლები ქალი, რომელიც აცხადებდა, რომ ბავშვები მისი შვილები არიან, დააკავეს.
როგორც ცნობილი გახდა, ქალი სამართალდამცველებმა წუხელ გვიან კლინიკიდან წაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ქალი კლინიკიდან ბავშვების დროზე ადრე გაყვანას ხელწერილით ცდილობდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცა.
რაც შეეხება ბავშვებს, ჩვენი ინფორმაციით, ოთხი გადაყვანილია თბილისში სოციალურ თავშესაფარში, ოთხი ქუთაისში, ორი ამ დრომდე კლინიკაში მკურნალობს.
ზუგდიდიდან უკრაინელი ბავშვები ქუთაისში 20 აპრილს გადაიყვნეს. მათ ნაწლავური ინფექცია აღენიშნებოდათ.
უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში 10 მცირეწლოვანი ბავშვის ჩამოყვანასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო.
შეგახსენებთ, ბავშვების თანმხლები ქალის, იულია სუსლიაკის ინტერესების დამცველი ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებდა, იულიას მეუღლე უკრაინელი ბიზნესმენია, რომელიც კონკურენტ კომპანიასთან კონფლიქტის შემდეგ რუსეთში გადავიდა. მისი თქმით, შესაძლებელია, ოჯახს პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოსთვის მიემართა.
საზღვრის შესახებ კანონის დარღვევის გამო დეპორტაციის შემდეგ, ქალი ოჯახთან ერთად დროებით აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე აპირებდა დარჩენას. ზურაბ თოდუას განმარტებით, დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ ათივე ბავშვის მშობლები იულია და იური სუსლიაკები არიან. იური სუსლიაკი თანახმაა ჩაიტაროს დნმ-ის ანალიზი, რათა დაადასტუროს, რომ ბავშვების ბიოლოგიური მამაა.
ადვოკატის განცხადებით, ერთ წელს დაბადებული 4 ბავშვიდან 2 ტყუპია, რომელთაგანაც ერთი სუროგატმა დედამ გააჩინა, მეორე ტყუპი - თვითონ იულია სუსლიაკმა. რაც შეეხება მეზობლების ინფორმაციას, თითქოს მათ ერთ-ერთმა ბავშვმა უთხრა, რომ იულია დედამისი არ არის და მათზე ძალადობს, ადვოკატის თქმით, ეს სიმართლე არ არის. უფლებადამცველს მოზარდებთან ჯერ არ უსაუბრია.
ფოტო:იმედინიუსი
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















