არასამთავრობო ორგანიზაციას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ
არასამთავრობო ორგანიზაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს" ქუთაისის ფილიალს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ. ორგანიზაციის კოორდინატორის ზურაბ ზამბახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ქუთაისის თვითმმართველობაში ააიპებისა და შესაბამისად დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდის შესახებ სიცრუეს უწოდებს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი. ზვიად ჯავახიას განცხადებით, "გამჭვირვალობის" ქუთაისის ფილიალმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა არაკომპეტენტურობა და ზედაპირულობა. ჯავახიამ ცენტრალურ ოფისს საკითხის შესწავლისა და ფილიალის საქმიანობის გაკონტროლებისაკენ მოუწოდა.
"დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს" ქუთაისის ფილიალის არაკომპეტენტურობაში. მივმართავთ ცენტრალურ ოფისს, რომელთანაც კარგი დამოკიდებულება გვაქვს, გააკონტროლოს მისი თანამშრომლების საქმიანობა, რადგან ორგანიზაციის კვლევა არ შეესაბამება სიმართლეს. ქუთაისის ააიპებში არ მომხდარა თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა, რადგან ააიპი "სპეციალური სერვისები" უკვე არსებობდა სამსახურის სახით, უბრალოდ, ააიპად გადაკეთდა და ოთხი ფუნქცია დაემატა. ასევე არსებობდა "საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი" და ის დაქვემდებარებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან. რაც შეეხება სპორტულ ააიპებს, რად გვთხოვს ბატონი ზურაბ ზამბახიძე არ მივაქციოთ სპორტს ყურადღება და ზოგადად ადამიანებს, რომლებიც წვიმაში და ქარში მუშაობენ, არ გადავუხადოთ ხელფასი? მიკვირს, ზურაბ ზამბახიძე რომ აკეთებს ასეთ განცხადებას, რომელიც თავად იყო სამსახურის უფროსი მერიაში და კარგად იცის ამ სამსახურების მუშაობის აუცილებლობა", – განაცხადა ჯავახიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბაღებში თანამშრომლების რაოდენობა მეორე ცვლის პედაგოგებისა და ახალი საბავშვო ბაღების დამატებამ გამოიწვია. როგორც ჯავახია აცხადებს, მერიაში გრძლედება ტენდენცია, რომლის მიხედვითაც, ბოლო წლების განმავლობაში არა თუ გაიზარდა, არამედ ადმინისტრაციული ხარჯები 1 200 000 ლარით შემცირდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















