|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

26 უნივერსიტეტის 200-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი დეპუტატებს მოუწოდებს უარი თქვან "აგენტების კანონზე"

 საქართველოში აკრედიტებული 26 უნივერსიტეტის 200-ზე მეტმა პროფესორ-მასწავლებელმა და მეცნიერ-თანამშრომელმა საქართველოს პარლამენტის წევრებს და მოუწოდა უარი თქვას ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპრპროექტისთვის მხარდაჭერაზე.

ლექტორების მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრებს უკვე გადაეცათ.

 

„საქართველოს პარლამენტში დაიწყო რუსული შინაარსის კანონპროექტების განხილვა, რომელიც სპობს ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობას - გახდეს ევროპული სივრცის ნაწილი. რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციებისა და მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არის ქართველი ხალხის ნება, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში და რომლის თანახმად, კონსტიტუციურმა ორგანოებმა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა გააკეთონ ყველაფერი ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის.

ამგვარი კანონი არ მოქმედებს ევროპის არც ერთ ქვეყანაში და აზიანებს ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საქართველოში მოქმედმა დემოკრატიული ქვეყნების საელჩოებმა არაერთი განცხადება გაავრცელეს. მეგობარი ქვეყნის დიპლომატები პირადადაც შეხვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოუწოდეს, არ მიიღონ რუსული კანონი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალსა და დემოკრატიულ განვითარებას.

დღეს, როცა საქართველო ელოდება ისტორიულ გადაწყვეტილებას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ, რუსული კანონის მიღება უკვე მუშაობს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, საფრთხეს უქმნის ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას - გახდეს ევროპული ქვეყანა.

ჩვენ, პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები, პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმ თაობების წინაშე, რომელთა მომავალიც შეიძლება შეუქცევადად დააზიანოს როგორც ამ კანონის მიღებამ, ასევე ყველამ, ვინც ხმას მისცემს კანონპროექტს. ამიტომ შეგახსენებთ, რომ თქვენი არასწორი არჩევანით პასუხისმგებელნი იქნებით საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე.

მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს, დაიცვათ საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნება - ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული სივრცის ნაწილი“,- ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: ნიუპრესი