3 მაისს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე აღინიშნება
3 მაისს მსოფლიო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. პრესის დღე აფრიკელი ჟურნალისტების მონაწილეობით დაარსდა. ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ მათ დაიწყეს თავისუფლებისთვის ბრძოლა აფრიკის კონტინენტზეც.
1991 წლის 3 მაისს აფრიკელმა ჟურნალისტებმა იუნესკო-სთან თანამშრომლობით ნამიბიის სემინარზე ცნობილი ,,ვინდჰუკის" დეკლარაცია მიიღეს. დეკლარაცია თავისუფალ, დამოუკიდებელ, პლურალისტურ მედიას განსაზღვრავს, როგორც დემოკრატიისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების აუცილებელ ფაქტორს. ორი წლის შემდეგ კი, 1993 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 3 მაისი მსოფლიო პრესის თავისუფლების დღედ გამოაცხადა. ასამბლეამ შეახსენა მთავრობებს მათი მოვალეობა - პატივი სცენ და დაიცვან გამოხატვის თავისუფლება, რაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლითაა გარანტირებული. გაერო-ს განცხადების მიხედვით, ეს დემოკრატიის და განვითარების მთავარ პრინციპია.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, ასევე თავისი მოსაზრება ზეპირი, წერილობითი და სხვა ფორმით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია“
პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველომ 180-დან 64-ე ადგილი დაიკავა. 2016 წლის პრესის თავისუფლების რეიტინგი საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეთ“ გამოაქვეყნა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შარშანდელთან შედარებით საქართველომ საკუთარი პოზიციები 5 ადგილით გააუმჯობესა, რადგან 2015 წლის პრესის თავისუფლების რეიტინგში 69-ე ადგილი დაიკავა.
საქართველოში პრესის თავისუფლების დონე 27,96 პუნქტად ფასდება, რაც წინა წელთან შედარებით 0,26 პუნქტით ნაკლებია.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში მედიის მესაკუთრეობის კუთხით გამჭვირვალე სიტუაციაა, სატელიტური ტელევიზიები კი პლურალიზმს უზრუნველყოფს. ძალადობა ჟურნალისტების წინააღმდეგ უფრო იშვიათი გახდა, თუმცა მუქარები კვლავ ფიქსირდება.
„ამასთანავე მედია კვლავ რჩება ძალიან პოლარიზებული და გარკვეული პროგრესის მიუხედავად, მედიამესაკუთრეები ხშირად სარედაქციო პოლიტიკაზე ახდენენ გავლენას. წამყვანი ტელეარხების მესაკუთრეობისთვის ომი კი, შეშფოთების საგანია მედიაპლურალიზმის მომავლის შესახებ“, - ნათქვამია ანგარიშში.
ავტორი:





13:50
21:51
11:02
16:29
















