"9 მაისი - ზეიმი თვალზე ცრემლით" (PHOTO)
ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით ქუთაისში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ქუთაისის მერი შოთა მურღულია ნინოშვილის სკვერში ომის ვეტერანებს შეხვდნენ და ფაშიზზე გამარჯვების დღე მიულოცეს. ამის შემდეგ, საფიჩხიის ძმათა სასაფლაო ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილებს პატივი მიაგეს.
"დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ქუთაისში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ ომში, მათ შორის ჩვენი ქალაქიდან. 38 ადამიანია ქუთაისში სამამულო ომის ვეტერანი, რომლებიც გავახარეთ, გადავეცით საჩუქრები. ჩვენ ეს ადამიანები სულ გვახსოვს და ყოველთვის მათ გვერდით ვიქნებით",-აღნიშნა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ.
"9 მაისი, ეს არის ზეიმი თვალზე ცრემილით. საბჭოთა ხალხმა გაიმარჯვა ფაშისტურ გერმანიაზე. ჩვენ არ გვინდა განმეორდეს ის უბედურება, რაც ომის დროს განვიცადეთ, ამას არ ვუსურვებ არავის. მადლობა ადგილობრივ თვითმმართელობას იმისთვის, რომ გამოჩინეს ყურადღება ჩვენს მიმართ",- განაცხადა 93 წლის ვეტერანმა გრიგოლ კუჭაშვილმა.
ქუთაისში მცხოვრებ ომის ვეტერანებს ადგილობრივი თვითმმართველობიდან 750 ლარი, ხოლო სახელმწიფოდან 600 ლარი საჩუქრად გადაეცათ.
მეორე მსოფლიო ომის დროს, საქართველოდან 700 000 ადამიანი გაიწვიეს, მათგან 300 000 დაიღუპა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















