|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ალასანიასა და სერგეენკოს გზები წყალტუბოში გადაიკვეთა

"ქართულმა ოცნებამ" "თავისუფალი დემოკრატების" შეხვედრის ჩაშლა სცადა"- ამის შესახებ "ნიუპრესს" "თავისუფალი დემოკრატების" წყალტუბოს ოფისის წარმომადგენლებმა განუცხადეს.  შეხვედრა სოფელ ჩუნეშის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა. პარტიის  პრესამსახურის წარმომადგენლის, გიზო ბანძელაძის  განცხადებით, შეხვედრის ადგილზე "ქართული ოცნების" კოორდინატორები და გამგეობის თანამშრომლები მივიდნენ და "თავისუფალი დემოკრატებთან" შესახვედრად  შეკრებილ მოსახლეობას ტერიტორიის დატოვებისაკენ მოუწოდებდნენ.

"ჩვენ რამდენიმე დღეა, დავაანონსეთ აღნიშნული შეხვედრის დრო და ადგილი, მაგრამ რატომღაც აღმოჩნდა, რომ „ქართულმა ოცნებამაც“ აქ გადაწყვიტა შეხვედრის ჩატარება. ჩვენ შევხვდით მოსახლეობას და ჩვენი სამომავლო გეგემები გავაცანით", -  განაცხადა 22 მაისის შუალედური არჩევნების მაჟორიტარობის კანდიდატმა ივანე როყვამ.

 "მე მინდა ადგილობრივ მცხოვრებლებს ვუთხრა, რომ ივანე როყვა არის  გამორჩეული თავისი პროფესიონალიზმითა და გამოცდილებით. ზუსტად ასეთი ადამიანი სჭირდება დღეს წყალტუბოს მოსახლეობას საკრებულოში. ჩვენი მიზანი ხალხის კეთილდღეობაა და ჩვენ ვიქნებით ხელისუფლება, რომელიც შეასრულებს ხალხის დავალებებს და არა პირიქით", - განუცხადა  ადგილობრივებს ირაკლი ალასანიამ.

"თავისუფალი დემოკრატების" შეხვედრის  შემდეგ სკოლის მიმდებარედ მოსახლეობასთან შეხვედრა "ქართულმა ოცნებამ" გააგრძელა. "ოცნების" კანდიდატის, მურად ზაქარიაძის  მხარდასაჭერად წყალტუბოში ჯანდაცვის მინისტრი დავით სეერგეენკო ჩავიდა.

შეგახსენებთ, 22 მაისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ წყალტუბოს თემში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატზე კენჭს   სამი კანდიდატი იყრის, მურად ზაქარიაძე- "ქართული ოცნებიდან",   ბუხუტი ფირცხალავა- "ნაციონალური მოძრაობიდან" და  ივანე როყვა "თავისუფალი დემოკრატებიდან".

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე