აპრილში ტურისტულმა ნაკადმა მნიშვნელოვნად მოიმატა
მიმდინარე წლის აპრილი ტურისტული ნაკადის ზრდით აღინიშნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აპრილში საქართველოს საზღვარი სულ 462 ათასმა უცხოეთის მოქალაქემ გადაკვეთა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება.
საქართველოში 24 საათზე მეტი კი 171 ათასმა ადამიანმა დაჰყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 20%-ით აღემატება. ქვეყანაში ტრანზიტის მიზნით - 107 500 ვიზიტი განხორციელდა, რაც საერთო რაოდენობის 23,3%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 13,5%-ით აღემატება.
რაც შეეხება იანვარ-აპრილის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 1 596 916 ვიზიტი განხორციელდა, რაც 15,4%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
2016 წლის აპრილშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+12%), აზერბაიჯანიდან (+17,6%), სომხეთიდან (+8,7%), რუსეთიდან (+26,7%) და უკრაინიდან (+25,9%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-აპრილშიც გამოირჩნენ იტალია, ლატვია და საფრანგეთი (შესაბამისად 26%, 25% და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (29%) და უზბეკეთი (64%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (36%) და მოლდოვა (36%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (106%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები 141%-იანი მატებით.
ყველაზე მაღალი 380%-იანი ზრდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ფიქსირდება. 2016 წლის იანვარ - აპრილის მანძილზე საქართველოში სულ 20 ათასი ირანელი ვიზიტორი იმყოფებოდა. ირანელი ვიზიტორების მატება თებერვალში საქართველოს მთავრობის მიერ სავიზო რეგულაციების გაუქმებას უკავშირდება.

ავტორი:





13:50
21:51
11:02
16:29
















