|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მეორე ტურში არა ჩემი, არამედ ქუთაისის ბედი წყდება "

ქუთაისის #48-ე საარჩევნო ოლქის "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი აკაკი ბობოხიძე  არჩევნების მეორე ტურისთვის აქტიური კამპანიის წარმოებას არ გეგმავს, თუმცა არც კანდიდატურის მოხსნას აპირებს. მისი თქმით, ახლა არა მისი, არამედ ქუთაისის ბედი წყდება. 

"არ ვხსნი კანდიდატურას, თუმცა არც აქტიურ კამპანიას ვგეგმავ არჩევნებში. ახლა არა ჩემი, არამედ  ქუთაისის ბედი წყდება. დაე  ქუთაისელებმა გადაწყვიტონ, დარჩეს თუ არა პარლამენტი ქუთაისში. მოსახლეობამ უკვე გადაწვიტა საქართველოს ბედი და აირჩია "ქართული ოცნება". ახლა დღის წესრიგში დგება საკითხი,  მისცემს თუ არა   საკონსტიტუციო უმრავლესობას ბიძინა ივანიშვილს",- განაცხადა  ბობოხიძემ.

ბობოხიძე თავის კონკურენტად არა დიმიტრი მხეიძეს, არამედ "ქართულ ოცნებას" მიიჩნევს.

"არ ვთვლი, რომ დიმიტრი არის ჩემი კონკურენტი, კონკურენტი არის ხელისუფლება. ის, უბრალოდ, იმ გუნდის წევრია, რომლის მმართველობაც ჩემთვის მიუღებელია. ქვეყნის ბედი მოსახლეობამ, შიშის, ზეწოლისა და დაშინების პირობებში გადაწყვიტა",- განაცხადა ბობოხიძემ.

"ნიუპრესი"  ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატს "ქართული ოცნებიდან" დიტო მხეიძესაც დაუკავშირდა, თუმცა ის ოპერაციაზე იმყოფებოდა,  რის გამოც ჩვენთან გასაუბრება ვერ შეძლო.

#48-ე საარჩევნო ოლქში, მეორე ტურში, ქუთაისის მაჟორიტარობისთვის ერთმანეთს "ქართული ოცნებიდან" დიმიტრი მხეიძე, რომელიც პროფესიით ექიმი-ოტორალინგოლოგია,  ხოლო "ნაციონალური მოძრაობიდან" აკაკი ბობოხიძე დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, აკაკი  ბობოხიძემ მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატის მანდატი პარტიული სიით უკვე მოიპოვა.  ის საპარლამენტო სიაში 14-ე ნომრით არის განთავსებული. 

 მეორე ტური ქუთაისის სამივე სამაჟორიტარო ოლქში დაინიშნა. არჩევნების კონკრეტული თარიღი თვის ბოლოს გამოცხადდება. 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა