"არჩევნები უმეტესწილად მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში მიმდინარეობს"
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია 1000-მდე აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება, მათ შორისაა 850-მდე მოკლევადიანი დამკვირვებელი, 73 ოლქის დამკვირვებელი და 70 მობილური ჯგუფი. დამკვირვებლები გადანაწილებული არიან როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში. ISFED-მა მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 600 დამკვირვებელი მიავლინა.
PVT მეთოდოლოგია გვაწვდის ზუსტ და დროულ ინფორმაციას ხმის მიცემის და დათვლის მიმდინარეობის შესახებ. PVT ერთადერთი მეთოდოლოგიაა, რომელიც დამოუკიდებლად ამოწმებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული ოფიციალური მონაცემების სიზუსტეს. ეს მეათე არჩევნებია, რომელშიც ISFED იყენებს PVT მეთოდოლოგიას საარჩევნო დღის პროცესის შეფასების და ოფიციალური შედეგების გადამოწმებისათვის.
ორგანიზაცია საპარლამენტო არჩევნებს ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდება, რაც გვაძლევს საშუალებას დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, შევაფასოთ არჩევნების დღის მთლიანი პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე.
„სამარლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრის პროცესი უმეტესწილად მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში მიმდინარეობს. ამ დროისთვის მნიშვნელოვანი ხასიათის დარღვევები მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში ფიქსირდება.
ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებულია საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოების - 18, მარკირების გარეშე ხმის მიცემის - 4, ბიულეტენის არ დამოწმების - 2, საარჩევნო უბანზე აგიტაციის - 2, არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის - 2, არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის - 1, წილისყრის პროცედურის დარღვევის - 1, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის - 1 და უბანზე არეულობის 1 შემთხვევა.
„სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებით, 12:00-ზე ამომრჩევლის აქტივობა წარმოადგენს 19.7%-ს +/-0.3% ცდომილების ფარგლებში. ეს უფრო დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12:00 საათისთვის დაფიქსირებული აქტივობა, რომელიც ამ დროისთვის შეადგენდა 25.5 %-ს, და უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე 2014 წლის არჩევნებზე, როდესაც ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენდა 16.6%-ს.
PVT-ის ინფორმაციის ანალიზი, ასევე, იძლევა საშუალებას ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემების საფუძველზე დადგინდეს თითოეულ დასაკვირვებელ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის სიჩქარე. მიღებული ინფორმაციის თანახმად, უბნების 70.7%-ში ხმის მიცემის სისწრაფე წარმოადგენდა ერთ ამომრჩეველს წუთში, ხოლო უბნების 29.3%-ში ხმის მიცემის სისწრაფე იყო 1-დან 2 ამომრჩევლამდე წუთში.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















