მთავრობა საპირფარეშოების ბიზნესით დაინტერესებისაკენ კერძო სექტორს მოუწოდებს
საქართველოში სამ ძირითად საგზაო არტერიაზე, ყოველი 40 წუთის სავალ გზაზე, გასაჩერებელი ადგილები შეიქმნება, სადაც საპირფარეშოები და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა განთავსება, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.
როგორც გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, სველი წერტილები მნიშვნელოვანი პრობლემაა და ამ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს როგორც ქვეყნის, ასევე კონკრეტული ქალაქების დონეზე.
„ჩვენი პროგრამის მიხედვით, საქართველოში სამი ძირითადი საგზაო არტერიაა - თბილისიდან - კახეთის, თბილისიდან - ყაზბეგის და თბილისიდან - დასავლეთის მიმართულებით. ყველა ამ ცენტრალურ არტერიაზე, ყოველი 40 წუთის სავალ გზაზე, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტს, ჩვენი მიზანია, რომ არსებობდეს გასაჩერებელი ადგილები - გორთან არსებული გასაჩერებელი ადგილების ანალოგიური, შეიძლება ბევრად ნაკლები მასშტაბის, თუმცა იმავე შინაარსის. იქ იქნება საპირფარეშოები და სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.
მისივე თქმით, პირველადი ამოცანაა, რომ ამ საკითხით კერძო ბიზნესი დაინტერესდეს. როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, ნებისმიერ კერძო პირსა თუ კომპანიას შეეძლება, რომ მთავრობისგან გარკვეული პირობებით მიწა მიღოს, რომელზეც შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ.
„თუმცა თუ კერძო სექტორი არ აღმოჩნდება მზად ასეთი ტიპის შეთავაზებისთვის, ჩვენ გავაგრძელებთ იმას, რომ უკვე მთავრობის ძალისხმევით გაკეთდება ეს ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.
საზოგადოებრივი საპირფარეშოები ტურისტებისთვის ყველაზე მონახულებად ადგილებში განლაგდება. ამ დრომდე ქუთაისში საზოგადოებრივი საპირფარეშოები პრობლემად რჩება.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















