„ბაგა-ბაღების გაერთიანების“ მოწმეებმა ჩვენება გაერთიანების წინააღმდეგ მისცეს"
ქუთაისის „ბაგა-ბაღების გაერთიანებისა“ და #13 ბაღის ყოფილი გამგის საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მოწმეები დაიკითხნენ. როგორც ბაგა-ბაღის ყოფილი გამგე მაკა აბულაძე აცხადებს, გაერთიანების მიერ მიყვანილმა მოწმეებმა ჩვენება მის სასარგებლოდ მისცეს.
„დღევანდელ სხდომაზე მოპასუხე მხარის მოწმეები დაიკითხნენ. ოთხმა მოწმემ აღიარა, რომ გაერთიანების ზეწოლის გამო მისცეს ჩემს წინააღმდეგ ჩვენება. მათი თქმით, სამსახურიდან გაშვებით დაემუქრენ. ჩვენი გათავისუფლებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ განაცხადეს, თითქოს გაფიცვა მე ვაიძულე. დღეს კი აღნიშნეს, რომ მათ სამსახურის დაკარგვის შეეშინდათ და ტყუილი მუქარის გამო თქვეს. მე არანაირი წყენა არ მაქვს მათ მიმართ, რადგან მემსის, რომ ამ ადამიანების უკან ოჯახები დგას და მესმის, რატომაც გააკეთეს მათ ეს განცხადება“, -განაცხადა მაკა აბულაძემ.
აბულაძის განცხადებას არ ეთანხმება „ბაგა-ბაღების გაერთიანების იურისტი. რამაზ იობიძის განცხადებით, მოწმეებმა არა თუ აღიარეს ზეწოლა, არამედ უარყვეს და მაკა აბულაძე გაფიცვის ორგანიზებაში დაადანაშაულეს.
„დღევანდელი პროცესი მიეძღვნა მოწმეების დაკითხვას. როგორც პროცესზე გაცხადდა, მათ მიერ მოხსენებითი ბარათების დაწერა მოხდა მას შემდეგ, რაც იურისტთან გაიარეს კონსულტაცია, რომელმაც ურჩიათ, რომ გაფიცვის უკანონოდ ჩათვლის შემთხვევაში, მათ შეიძლებოდა შექმნოდათ პრობლემა. ამიტომ ორი თვის შემდეგ, როდესაც გაიგეს, რომ მაკა აბულაძე გაფიცვაში მათ ადანაშაულებდათ, დაწერეს მოხსენებითი ბარათები. მოწმეების განცხადებით, მაკა აბულაძე იმ დღეს სამსახურში 9 საათზე მივიდა და მისი განცხადება, თითქოს გაფიცვის დროს არ იყო სამსახურში, არ შეესაბამებოდა სიმართლეს. გაფიცვის ინიციატორი თავად მაკა იყო და დარიგებებსაც ის გასცემდა. ამ განცხადებას აბულაძის ადვოკატი გამოეხმაურა და მოწმეებს კითხა, თუ რატომ დაწერეს მოხსენებითი ბარათები სარჩელის ჩაბარების შემდეგ, რაზედაც მოწმეებმა უპასუხეს, რომ თავიდან არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ აბულაძე მათ ადანაშაულებდათ. მაკა აბულაძე ცდილობს თანამშრომელთა მიერ მოხსენებითი ბარათების ორი თვის შემდეგ დაწერის ფაქტი სათავისოდ გამოიყენოს“, - განაცხადა რამაზ იობიძემ.
მისი განცხადებით, მოწმეებს სასამართლოზე კითხა, ხომ არ მომხდარა რაიმე სახის ზეწოლა, რაზედაც ყველა მოწმემ ზეწოლის შესაძლებლობა უარყო და განაცხადეს, რომ ეს მხოლოდ მათი გადაწყვეტილება იყო.
„მაკა აბულაძე ცდილობდა შეცდომაში შეეყვანა გაერთიანება და გაფიცვა ბაღის თანამშრომლებისთის დაებრალებინა, მაგრამ თითქმის ყველა თანამშრომელი აღიარებს, რომ იმ დღეს მაკა აბულაძე გასცემდა მითითებებს და თანამშრომლები იძულებულნი გახდნენ ხელმძღვანელის მითითებებს დამორჩილებოდნენ“, - განაცხადა რამაზ იობიძემ.
საქმის განხილვა 6 სექტემბრისთვის გადაიდო. სასამართლო პროცესს მოსამართლე ციცინო მოსიძე უძღვებოდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















