"დაწერე განცხადება და წადი, ვინც ჭკუა დაგარიგა, იმან დაგასაქმოს"
ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანებაში სკანდალური გათავისუფლებების სერია გრძელდება, "რეორგანიზაციის" ტალღამ გაერთიანების დამლაგებლამდეც მიაღწია. როგორც ბაგა-ბაღების დამლაგებელი ფატი გიორბელიძე "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა ლორთქიფანიძე პირადი შურისძიების გამო სამსახურიდან გაშვებას უპირებს. მისი თქმით, ნანა ლორთქიფანიძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა, ვინაიდან ის ყოფილი მოადგილის, მაკა ნაცვლიშვილის რეკომენდაციით არის დანიშნული.
"დაწერე განცხადება და წადი, ვინც ჭკუა დაგარიგა, იმან დაგასაქმოს", – ამ ფრაზით მიმართა ლორთქიფანიძემ დამლაგებელს ფატი გიორბელიძეს, რომელიც დევნილი, ამავდროულად სოციალურად დაუცველია. გიორძელიძემ უარი განაცხადა განცხადების დაწერაზე, რაზედაც გაერთიანების ხელმძღვანელი დაემუქრა. ამის შესახებ გიორბელიძე "ნიუპრესთან" საუბრობს.
"მითხრა, დაწერე განცხადება და წადი, ვინც დაგარიგა ჭკუა, იმან დაგასაქმოსო. იცოდა, რომ მისი ყოფილი მეგობრის და მოადგილის, მაკა ნაცვლიშვილის მიერ ვიყავი მოყვანილი, ამის გამო გადაწყვიტა ჩემი გათავისუფლება. არ დავწერე განცხადება, რადგან ეს ჩემი ერთდაერთი შემოსავალია, შშმ პირი მყავს ძმა, მეუღლე რამდენიმე თვის წინ დამეღუპა, დაკრძალვისთვის ბანკის ვალი ავიღე, იცოდა ეს და მაინც გამომიშვა. ასე მითხრა, ჩემს უკან დიდი ხალხია, არ გამაკეთებინო ისეთი რამე, რომ მთელი ცხოვრება ვერ იმუშაო. რა უნდა გააკეთო, ქურდობას მაბრალებ თუ რას მეთქი?. მომხდარის გამო ცუდად გავხდი, გონება დამეკარა", –განაცხადა ფატი გიორბელიძემ.
ფატი გიორბელიძის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს ნანა ლორთქიფანიძე. მისი თქმით, გიორბელიძე ამ დრომდე გაერთიანების თანამშრომელია. თუმცა, მასსა და დამლაგებელს შორის არსებულ საუბარს ადასტურებს და მას "საქმიანს" უწოდებს.
"ამ ფაქტზე კომენტარს არ გავაკეთებ, ფატი გიორბელიძე ჩვენი თანამშრომელია ამ დრომდე. მე არ მომითხოვია განცხადების დაწერა, გუშინ საქმის შესახებ ვისაუბრეთ. არ ვიცი რას ამბობს, თუ მისი გჯერათ, მას დაეკითხეთ", –განაცხადა ლორთქიფანიძემ.
კითხვაზე, შეინარჩენებს თუ არა გიორბელიძე სამსახურს, ლორთქიფანიძე აცხადებს: "არ ვიცი მომავალში რა იქნება, თუ თანამშრომელი არ შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, დამსაქმებელს აქვს უფლება გაათავისუფლოს".
გათავისუფლების შემთხვევაში ნაზი გიორბელიძე აპირებს საკუთარი უფლება სასამართლოში დაიცვას. ის მეშვიდე თანამშრომელი იქნება, რომლის დავაც გაერთიანების წინააღმდეგ სასამართლოში გაგრძელდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















