"ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას პარალიზება ემუქრება"
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო" ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ბაღდაღის გამგეობა ხელმძღვანელის გარეშეა დარჩენილი.
2016 წლის 25 აპრილს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი დააპატიმრა. მას ბრალი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვაში ედება. ამ ეტაპისათვის ირაკლი გეგეშიძეს წინასწარი პატიმრობაში იმყოფება. აღნიშნული გარემოება კი მისთვის გამგებლის უფლებამოსილების შეჩერება/შეწყვეტის საფუძველია.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაში წერია, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, გამგებლის უფლებამოსილების შეჩერება/შეწყვეტის შემთხვევაში, გამგებლის უფლებამოსილებას მისი პირველი მოადგილე ასრულებს, თუმცა საინტერესოა ის გარემოება, რომ ირაკლი გეგეშიძემ დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, მისი ერთადერთი მოადგილე, გელა მშვილდაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაუდასტურეს როგორც გელა მშვილდაძემ, ასევე გამგეობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
"ამ ეტაპისათვის ბაღდათის მუნიციპალიტეტს არც გამგებელი ჰყავს და არც ის თანამდებობის პირი, რომელსაც შესაძლოა, გამგებლის უფლებამოსილებების შესრულება დაეკისროს. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი გამგებლის უფლებამოსილებას მხოლოდ გამგებლის/მერის პირველ მოადგილეს აკისრებს.
გამგებლის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის არყოფნის შემთხვევაში კი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო ვერ შეძლებს ფუნქციონირებას",–წერია განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, აუცილებლია ცვლილებების დროულად მიღება-განხორციელება.
"გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი არ ითვალისწინებს ბაღდათის მუნიციპალიტეტში წარმოქმნილი სამართლებრივი ხარვეზის რეგულირების წესებს, მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს შესაბამისი ცვლილებება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, რათა თავიდან იქნას აცილებული მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი შტოს საქმიანობის შეფერხება",–წერია განცხადებაში.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















