|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უჩა ნანუაშვილი: "ბავშვთა სიკვდილიანობა მთავარ პრობლემად რჩება"

ბავშვის ძალადობისაგან დაცვის მიზნით კანონმდებლობაში ცვლილებები არ ასახულა - ამის შესახებ ლაპარაკია სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც ბავშვთა უფლებებს ეხება.

„ერთერთი მთავარი პრობლემა კვლავ რჩება 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის პრობლემა. ამ მხრივ აუცილებელია პრევენციისთვის გარკვეული ზომების მიღება. მათ შორის, სპეციალური სამოქმედო გეგმის და სტრატეგიის შემუშავება, რომ მოხდეს პრევენცია ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის. პრობლემები ხდება იგივე ძალადობის კუთხით, მათ შორის, ჩვენი წინადადება, რომ გამკაცრებულიყო ზოგადად კანონმდებლობა და უფრო დაცულიყო ბავშვი ძალადობისგან, ჯერჯერობით ეს რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული. არ არსებობს ნორმალური კოორდინაცია სახელმწიფო უწყებებს შორის, როდესაც ბავშვთა ძალადობაზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 
ანგარიშში ასევე საუბარია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ძალადობისგან დაცვის,  ინკლუზიური განათლების დანერგვის ხარვეზებსა და სხვა პრობლემურ საკითხებზე.
„ცალკე პრობლემა ეხება ქუჩაში მომუშავე და მცხოვრებ ბავშვებს, მათ მიმართაც რეალურად არ ტარდება ღონისძიებები, კონკრეტული ღონისძიებები და კონკრეტული პროგრამები იმისთვის, რომ მოხდეს ამ ადამიანების ინტეგრაცია საზოგადოებაში და სახელმწიფოს მხრიდან აუცილებლად უნდა გადაიდგას ნაბიჯები“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველი ბავშვთა მიმართ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასევე სექსუალური ძალადობის პრობლემებს ასახელებს. ნანუაშვილის თქმით, სახალხო დამცველმა უკვე გასცა არაერთი რეკომენდაცია, თუმცა რეკომენდაციების უმრავლესობა გათვალისწინებული არ არის.
სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე საუბარია, რომ პრობლემაა მაღალმთიან რეგიონებში განათლებასთან დაკავშირებით.


რაც შეეხება მედიაში ბავშვთა პრობლემების გაშუქების საკითხს, ნანუაშვილის თქმით, გასულ წელს იყო რამდენიმე სამწუხარო შემთხვევა და ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდებოდა, როცა ეთიკური წესების დარღვევით ხდებოდა ბავშვთა პრობლემების გაშუქება, რასაც შემდეგ სავალალო შედეგები მოყვებოდა.
დღესვე პრეზენტაციის დასასრულს, სახალხო დამცველის აპარატსა და საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

ავტორი: ნიუპრესი