ბელგიაში რუსთაველის საღამო გაიმართა
ბელგიის სამეფოში ქართული კულტურის საღამო გაიმართა, რომელიც შოთა რუსთაველის 850-ე წლისთავს მიეძღვნა. შეხვედრას, რომელიც საქართველოს საელჩოში გაიმართა, ქართველი და უცხოელი სტუდენტები, ასევე დაინტერესებული პროფესიონალები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობისთვის "ვეფხისტყაოსნის" მნიშვნელობაზე ევროკავშირში საქართველოს დესპანმა თეონა გიუაშვილმა ისაუბრა. სტუმრებს პოემის ძირითადი თემა და პერსონაჟები კი ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილემ თემურ კეკელიძემ გააცნო. აქვე გამოიფინა ქუთაისელი კალიგრაფის, ფიქრია ჭაბუკიანის ნამუშევრები, რომელიც "ვეფხისტყაოსნის" თემაზეა შექმნილი.
საღამო ბელგიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის იანა მაისურაძის ორგანიზებით გაიმართა. საღამო საქართველოს საელჩოში მიღებით დასრულდა, სადაც სტუმრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს.
ორგანიზატორებს ქუთაისიელი კალიგრაფის ნამუშევრები საქართველოს ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრმა მიაწოდა. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა, შალვა კამლაძემ "ნიუპრესს განუცხადა, რუსთაველის წლის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. "შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვით, რომ უცხოეთში ახალგაზრდა კალიგრაფის ნაშრომების გამოფენა მოგვეწყო, ვფიქრობ, ამით ქართული დამწერლობის პოპულარიზაციასაც მოვახდეთ,"-აღნიშნა კამლაძემ. მისი თქმით, ჭაბუკიანის ნაშრომების უცხოეთში გაგზავნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით მოხდა.

ავტორი: ნიუპრესი





13:50
21:51
11:02
16:29
















