"მოგენატრებით"- ბიძინა ივანიშვილი ტელევიზიების ჟურნალისტებს შეხვდა
თუ საზოგადოება ჩათვლის, რომ აღარ ვარ საინტერესო, სიამოვნებით წავალ და მოგენატრებით, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"გარწმუნებთ, რომ, როგორც კი ამას ვიგრძნობ, არც ერთ შემთხვევაში თავს არ შევაწყენ საზოგადოებას და სიამოვნებით წავალ, საპენსიო ასაკიც ახლოს მაქვს, უამრავი ჰობი მაქვს და კარგად ვიცხოვრებ“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, საზოგადოების განწყობის ყველაზე კარგი საზომი არჩევნები იქნება. „თუ არჩევნებში დაფიქსირდა აბსოლუტურად განსხვავებული შედეგი, აი, გარწმუნებთ, რომ მოგენატრებით, ვეღარ მნახავთ ტელევიზიებში“, - დასძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილა და განაცხადა, რომ ამ ყველაფრის მიმართ მას პირადული გეგმები, გარდა ერთისა, არ გააჩნია. "მე არავითარი პირადული არ გამჩნია, გარდა საერთოსი - და რა შეიძლება ამაზე მეტი პირადული იყოს, რომ შენს ქვეყანაში შენს საყვარელ ხალხთან ბედნიერად გეცხოვრებოდეს"-განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
მან ყურადღება ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ძალიან რთულია დემოკრატიულ ღირებულებებზე ესაუბრო ადამიანს, რომელიც ეკონომიკურ სიდუხჭირეში ცხოვრობს. მისი განმარტებით, ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებობს საფრთხე ქვეყანაში ტოტალიტარული მმართველობა დაბრუნდეს.
„მაგრამ, ეს კვირიკაშვილს ხომ არ უნდა მივაწეროთ ან დღევანდელ მთავრობას დავაბრალოთ და დავუწყოთ მას ჭიდაობა? - ვისაც არ მოეწყინება დღეს, ნებისმიერ ბრუნვაში აკრიტიკებენ, ლანძღავენ და მთავრობის ძალიან ბევრი წევრი ხათრით არის იქ შერჩენილი, რომ იცოდეთ და მხოლოდ იმ ენთუზიაზმით, რომ საკუთარ ქვეყანას დაეხმაროს. წინა ხელისუფლებას რომ მოეგო არჩევნები, დღეს იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსი. იმ მოდელით რომ გაგრძელებულიყო მმართველობა, დღეს პენსიები ვეღარ დარიგდებოდა, ხელფასებს ვეღარ გადაუხდიდნენ საჯარო მოხელეებს - ამაზე შემიძლია ვესაუბრო სპეციალისტებს რამდენიც გინდათ“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, დღესდღეობით საქართველოს რეგიონში ყველაზე კარგი ეკონომიკური ზრდა აქვს და მთავრობა, რომელსაც უნიათოს ეძახიან, ეფექტიანობით და გამჭვირვალობით იტალიას, ესპანეთს, ესტონეთს, ლიტვას, ლატვიას და ევროპის სხვა ქვეყნებს უსწრებს.
„გაცილებით მეტი კეთდება, ვიდრე კეთდებოდა. მაგრამ 3-4 წელიწადში ვერ გააკეთებ 15 წლის გასაკეთებელს. რაც მთავარია, გაჩნდა იმედი, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება“, - დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















