ბზის ალურას საწინააღმდეგო შეწამლვა წელს სამჯერ ჩატარდა -სატყეო სააგენტო
იმერეთში ბზის ალურასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე "ნიუპრესს" ეროვნული სატყეო სააგენტოდან უპასუხეს. როგორც სააგენტოდან გვატყობინებენ, წელს სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ალურასაგან ბზის კორომების დაცვაა, რის გამოც შეწამლვა წელს სამჯერ მოხდა - შესაბამისი სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდა.
"არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებით, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლისათვის სპეციალურად შეირჩა ბიოლოგიური პრეპარატი, რომელიც დამზადებულია ბაქტერიის Bacillus thuringiensis ბაზაზე, რომლის ტოქსინებიც ზემოქმედებენ მავნებლის ადრეული ხნოვანების მატლებზე. ლეპიდინი - ეს არის პრეპარატი, რომელიც შეიცავს აღნიშნულ ბაქტერიას და მათ მიერ დაგროვებული ტოქსინების ბუნებაში გაფრქვევა ხდება სპეციალური აეროზოლური შემსხურებლის საშუალებით. აღსანიშნია, რომ ბზა საქართველოს ტყეებში უმეტესად ქმნის ქვეტყეს. აეროზოლური შესხურებისას ხდება ქარის მიმართულების გამოყენება და იქმნება ნისლი, რაც უზრუნველყოფს ხეობაში ან/და კორომში ბზით დაფარული ფართობების უფრო სრულყოფილად დამუშავებას.
2015 წელს უცხოელ ექსპერტებთან ერთად განხორციელდა საველე გასვლები მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლის ფარგლებში შესწავლილი იქნა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბუნებრივი წარმოშობის ბზის კორომები. ბზის ალურას გავრცელება დაფიქსირდა მხოლოდ სამ რეგიონში: იმერეთი, გურია და სამეგრელო-ზემო სვანეთი, სულ 400 ჰა ფართობზე. სწორედ მათ შორისაა თქვენს მიერ ნახსენები წყალწითელას ხეობა-მოწამეთას მიმდებარედ არსებული ბზის კორომები (იმერეთი).
ზემოთ ხსენებული კვლევის შედეგად გაიცა რეკომენდაციები და დაიგეგმა მომდევნო წელს განსახორციელებელი ბრძოლის ღონისძიებები, რაც შესულია ასევე კოლხური ბზის გადარჩენის მრავალწლიან ეროვნულ სამოქმედო გეგმაში. მიმდინარე წელს მავნებლის ბიოლოგიის გათვალისწინებით აღნიშნული შეწამლვითი ღონისძიება წლის მანძილზე სამჯერაა გათვალისწინებული, პირველი შეწამლვითი ეტაპი განხორციელდა მაისის ბოლოს ივნისის დასაწყისში. მეორე შეწამლვითი ღონისძიება განხორციელდა ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში.
ამჟამად ბზის კორომების გეგმით გათვალისწინებული ორი შეწამლვითი ეტაპია განხორციელებული, როგორც უკვე აღინიშნა, გამოყენებულია სპეციალურად შერჩეული ბიოლოგიური ინსექტიციდი, რომელიც ეფექტურია ადრეული ხნოვანების მატლებზე და არ მოქმედებს არც ფუტკრებზე ან რაიმე სხვა სასარგებლო მწერზე, არაა საზიანო არც ადამიანისთვის და არც შინაური ცხოველებისთვის.
იმერეთში ბზის ალურა გამოვლინდა ძევრის, ორპირის (გელათისა და მოწამეთას მიმდებარედ), ტყიბულისა და მუხურას ტერიტორიებზე. აღსანიშნია, რომ შეწამლვითი ღონისძიება ხორციელდება არა მხოლოდ ბზის ალურას გავრცელების კერებში, არამედ იმ სარისკო ფართობებზეც, სადაც დიდი ალბათობაა მისი გავრცელების. შესხურებასთან ერთად ხდება ყურადღების გამახვილება ბზის კორომების ახალ-დაუზიანებელ ფართობებზე მავნებლის გავრცელებასთან დაკავშირებით. ახალი ფართობები, მიუხედავად დროის სიმცირისა, აუცილებლად იქნება დამატებული მესამე შესხურებისთვის. ეროვნული სატყეო სააგენტო მუდმივ კავშირზეა რეგიონალურ სატყეო სამსახურებთან და ბზის ალურას ახალ ფართობებზე გამოჩენის შემთხვევაში მზადაა შესაბამისი რეაგირებისათვის", -ნათქვამია სააგენტოს პასუხში.
ჩვენს კითხვაზე, თუ რა არის მიზეზი იმისა, რომ სამუშაოების ჩატარების მიუხედავად, მან შედეგი ვერ გამოიღო, სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა ამგვარად განმარტება მოგვცეს: "მესამე შეწამლვითი ღონისძიების დასრულებისას, რომრრლიც სექტემბერ ოქტომბერში ჩატარდება, სპეციალისტები შეაფასებენ მიღებულ შედეგებს, პრეპარატის ეფექტურობას, რის საფუძველზეც მოხდება შემდგომი ბრძოლის ღონისძიებების დაგეგმვა. ამასთან დამატებით გაცნობებთ, რომ არსებობს ბზის ალურას წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოსაყენებელი ქიმიური პრეპარატები, რომელთა გამოყენებაც დროის მცირე მონაკვეთში იძლევა ეფექტს, თუმცა აღსანიშნია, რომ გარდა ბზის ალურისა, განადგურდება სხვა ბიომრავალფეროვნების წარმომადგენლები, როგორიცაა მაგალითად სასარგებლო მწერები-ფუტკრები, სხვა დამმტვერავი მწერები, შესაძლოა იმოქმედოს ფრინველებსა და ძუძუმწოვრებზეც, მოხდეს გრუნტის წყლებისა და მდინარეების დაბინძურება-მოწამლვა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კატასტროფა."
შეგახსენებთ, ბზის ალურასაგან წყალწითელას ხეობაში მწვანე საფარის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა, რის გამოც საზოგადოების წარმომადგენლებმა ბრალი უმოქმედებაში გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებს დასდეს.

(გიგა შუბითიძის ფოტოები)
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















