ცარიელი დარბაზი და უყურადღებოდ დატოვებული პანკისელი სტუმრები
ქუთაისის ოპერის თეატრში ვაინახური კულტურის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი, რომელსაც მხარდაჭერას მერია უწევდა, ნახევრად ცარიელ დარბაზში ჩატარდა. თუმცა, მაყურებელთა სიმცირე ერთადერთი პრობლემა არ ყოფილა. ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი გელა მთივლიშვილი მერიის კულტურის სამსახურს უყურადღებობაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მერია ფესტივალის შესახებ ინფორმირებული იყო და მას მხარდაჭერასაც უწევდა, ოპერაში მისულ ფესტივალის მონაწილეებს მერიის მხრიდან არავინ დახვდა. კონცერტის დაწყების არასწორად გაჟღერებულმა დრომ კი ორგანიზატორსა და თეატრის ადმინისტრაციის წარმომადგენელს შორის დაპირისპირება გამოიწვია. მთივლიშვილის განცხადებით, ტექნიკური საკითხების მოგვარება მას საკუთარი ძალებით მოუხდა.
ბრალდებას მერიაში პასუხობენ და განმარტავენ, რომ თეატრის იჯარისა და აპარატურის თანხა მერიამ გადაიხადა, დანარჩენი ტექნიკური საკითხები თავად ორგანიზატორს უნდა მოეგვარებინა.
რაც შეეხება ვაინახური კულტურის ფესტივალს, ის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაციისა და ანსამბლი „პანკისის“ მიერ საქართველოს ოთხ ქალაქში იმართება.
ფესტივალის მიზანი ვაინახური კულტურის პოპულარიზაცია, პანკისის ხეობის და იქ მცხოვრები ეთნიკური ქისტების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების შემცირების ხელშეწყობაა. ამასთან, ბოლო პერიოდში პანკისის ხეობაში საფრთხე შეექმნა კულტურის წარმოჩენას. მუსლიმი თემის ერთი ნაწილისთვის, რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მიუღებელი გახდა მუსიკა, ცეკვა, რის გამოც ბევრმა ახალგაზრდამ, ვისაც ხეობის, თემის, კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენა შეეძლო, უარი თქვა საქმიანობის გაგრძელებაზე. ისინი კი, ვინც ამ დრომდე მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებში, მხარდაჭერის გარეშე არიან დარჩენილები.
ანსამბლ „პანკისის“ ხელმძღვანელის, ბელა მუთოშვილის განცხადებით, პანკისის და იქ მცხოვრები მოსახლეობის შესახებ არასწორი და გაზვიადებული ინფორმაციის გავრცელება ხდება, სწორედ ამიტომ ცდილობენ ამ ფესტივალით საზოგადოებას მათ შესახებ რეალური ინფორმაცია მიაწოდონ.
„პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტების შესახებ ბევრი და მცდარი სტერეოტიპია, არასწორი და გაზვიადებული ინფორმაცია ვრცელდება, რეალურად, ჩვენთან არაა ასეთი დაძაბული მდგომარეობა. საზოგადოებასთან ინტეგრაცია არ გვიჭირს. ჩვენი წინაპარი 200 წლის წინ ჩამოვიდა საქართველოში. აქ ვცხოვრობთ და ვსაუბრობთ ქართულად, მაგრამ მითებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, ამიტომ ხალხს ჩვენ კულტურას ვაცნობთ, რომ შეიცვალოს დამოკიდებულება“,- განაცხადა ბელა მუთოშვილმა. მისივე განმარტებით, ვაინახი ქართულად „ჩვენ ხალხს“ ნიშნავს, რაც არის განმარტება რამდენიმე გაერთიანებული ეთნიკური უმცირესობისა. ანასამბლის წევრებმა, როგორც ჩეჩნური, ასევე ქართული სიმღერები შეასრულეს.
ფესტივალის ორგანიზატორებმა პანკისში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრეს. ადასტურებენ, რომ სამოქალაქო განათლების პრობლემა არის, თუმცა რიგი პროექტები ხორციელდება. რაც შეეხება ქალთა მიმართ ძალადობასა და ნაადრევ ქორწინებას, მათი თქმით, მსგავსი შემთხევები იმაზე იშვიათად ხდება, ვიდრე სხვა რეგიონებში.
გელა მთივლიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში განვითარდა ე.წ ფუნდამენტური ისლამი „ვაჰაბიზმი“. ამ მიმდინარეობისთვის რელიგიური მოსაზრებებით მიუღებელია მუსიკა, სიმღერა და ცეკვა. ამის გამო, ვისაც შეეძლო ცეკვისა და სიმღერის სახით კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენა, რელიგიის გამო ამაზე უარი თქვა. ცოტანი დარჩნენ, ვინც მონაწილეობს ფესტივალში. მისივე განცხადებით, ეს ფესტივალი არის ერთ-ერთი მასტიმულირებელი მექანიზმი, რომ მოხდეს ახალგაზრდების დაინტერესება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















