|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩვენ ვდგავართ ქართული ჯარის გვერდით!

  თავდაცვის სამინისტროში 2 თვის წინ გადაწყდა : შეიარაღებული ძალების 25წლის იუბილე უნდა ყოფილიყო უპრეცენდენტო დღესასწაული, რომელიც კიდევ ერთხელ გაუსვამდა ხაზს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის მნიშვნელობას და ყველა სტუმარზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენდა .

 როგორც კი ღონისძიების ყველა დეტალი დაიგეგმა, უკვე ცხადი იყო, რომ ღონისძიება გამორჩეულად საინტერესო და ემოციური ბავშვებისათვის იქნებოდა. ამიტომ, სკოლის მოსწავლეების ინფორმირება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა. სწორედ ამ მიზნით ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრები თბილისის ყველა საჯარო სკოლას ესტუმრნენ და ღონისძიების შესახებ ინფორმაცია მოსწავლეებს პირადად გააცნეს. ერთი შეხედვით ჩვეულებრივ პრე-კამპანიას ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, ისე სწრაფად აჭრელდა სოციალური ქსელები სამხედრო ჰამერებთან ჩაფხუტებითა და ჯავშანჟილეტებით გადაღებული ფოტოებით, რომ ბოლომდე გავაანალიზეთ საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობა: მათთვის იმედის გაცრუების უფლება არ გვქონდა!   “მხოლოდ 4 დღე დარჩაო” _ღონისძიებამდე დარჩენილ დროს ითვლიდნენ კადეტები და იგივე სიტუაციაში ვიყავით ყველა, 27 მაისს ველოდით მოუთმენლად, როგორც დიდ გამოწვევას, როგორც კიდევ ერთ დღეს, დღესასწაულს, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად გავატარებდით.

 27 მაისი გამოვიდა სანახაობრივი, მეგობრული და ემოციური...

 ღონისძიებების ფარგლებში ბრიტანელმა და ქართველმა სამხედროებმა საპარაშუტე შოუ მოაწყვეს, გამოიფინა “დელტას” მიერ წარმოებული სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სამხედრო შინაარსის თამაშებში ჩართულიყვნენ. სპეციალურად მათთვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების კონკრეტულმა ქვედანაყოფებმა წვრთნის და სხვა სამხედრო აქტივობების ადაპტირებული, გასართობი ხასიათის ვერსიები წარმოადგინეს.
ორგანიზატორებმა პატარების მხიარულ განწყობაზე სხვა მიმართულებითაც იზრუნეს _ მათ სახეები საქართველოს დროშებითა და სამხედრო სიმბოლოებით მოუხატეს. სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა იპოდრომის ტერიტორია თემატური ნახატებით გააფორმეს. ქართული ჯარისადმი დამოკიდებულება და მხარდაჭერა ასე გამოხატეს.
სპორტული ღონისძიებებისთვის მოწყობილი იყო რაგბის, ფრენბურთის, კალათბურთის, ჭადრაკის და მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო მოედნები. ასევე, AIR SOFT-ის სათამაშო მოედანი და სიმულაციური სასროლეთი. სპეციალურად გამოყოფილ ისტორიულ კუთხეში აგვისტოს ომის თემაზე გადაღებული ფოტოები გამოიფინა. ასევე გაიმართა იუნკრებისა და კადეტების ნახატების გამოფენა-გაყიდვა.
გაიმართა წარმოდგენა ქართული საბრძოლო ილეთების ჩვენებით და მოეწყო სამთო-სწავლება. შეიარაღებული ძალების იუბილეზე მოსულ სტუმრებს საკვებით და გამაგრილებელი სასმელით კვებითი უზრუნველყოფის კომპანია გაუმასპინძლდა.
   სამხედრო ჰოსპიტლის ექოსკოპიის კაბინეტში ნებისმიერ მსურველს, აბსოლუტურად უფასოდ რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარება და კონსულტაციის მიღება შეეძლო. ხოლო ლაბორატორიიაში ნებისმიერ მსურველს შეეძლო, სისხლის ჯგუფისა და სისხლში შაქრის შემცველობა დაედგინა. დაინტერესებულმა პირებმა პირველადი სამედიცინო დახმარების თემაზე ლექციაც მოისმინეს და რეანომობილის აპარატურა და სამედიცინო ჯავშანმანქანა დაათვალიერეს. გაიმართა კიბერუსაფრთხოების საბაზისო ექსპრესკურსი და სახალისო ცდები ჩატარდა ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიებში. ახალგაზრდა გამომგონებლებმა კი საკუთარი მიგნებების შესახებ დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციები მიაწოდეს.

“ჩვენ ვდგავართ ქართული ჯარის გვერდით!”_ ამ სიტყვებით დაიწყო შემაჯამებელი კონცერტი, რომელშიც ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო ორკესტრები, თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი და ქართული მუსიკალური ჯგუფები მონაწილეობდნენ.
27 მაისი შედგა! ამაზე მეტყველებს ემოციები, რომელიც ჯერ კიდევ არ განელებულა, ფოტოები, რომლებზეც კარგად ჩანს მონაწილეებისა და სტუმრების ბედნიერი სახეები და, რაც ყველაზე ძვირფასია, ბავშვების ნახატები, რომლებიც მოზღვავებულ შთაბეჭდილებებს ჯერ ვერ გაუმკლავდნენ და საკუთარ ნამუშევრებში ხან პარაშუტისტებს, ხანაც სამხედრო ტექნიკასა და აღჭურვილობას ხატავენ, ნამდვილ ჯარისკაცებთან მეგობრობაზე კი დღესაც უყვებიან თანატოლებს, “ქართული ჯარი 25” ყოველთვის ემახსოვრებათ და ყველა შესაძლო სიტუაციაში ეტყვიან სამხედრო მოსამსახურეებს: მადლობა სამსახურისთვის!
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი.

 

 

სტატია მომზადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ

ტელ: +995(32) 2 72 35 35

ელ-ფოსტა:  stratcom@mod.gov.ge

ვებ-გვერდი mod.gov.ge

 

ავტორი: