„ჩვენი მიზანია ამომრჩეველს მაჟორიტარი დეპუტატის ზუსტი კომპეტენცია გავაგებინოთ“
„პატრიოტთა ალიანსს“ ქუთაისში ამ დროისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის ორი კანდიდატი ჰყავს წარდგენილი. #47-ე საარჩევნო ოლქში ნინო ონიანი იყრის კენჭს. როგორც თვითონ აცხადებს, წარმოშობით ქუთაისიდან არის, ამიტომ არჩევანი ქუთაისზე გააკეთა.
„თბილისზე არც მიფიქრია, ქუთაისი ჩემი მშობლიური ქალაქია. აქ დავიბადე და განსაკუთრებულად მიყვარს. სვანეთზე ვფიქრობდი, მაგრამ მაინც ქუთაისზე შევაჩერე არჩევანი. ქუთაისელები ძნელად პატიობენ შეცდომებს, კეთილ საქმეს კი არასოდეს ივიწყებენ“, - განაცხადა მან.
საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო, თუმცა დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ აგვისტო პოლიტიკურად მაინც არაა დატვირთული. აქტიურ კამპანიას სექტემბრიდან დაიწყებს. მთავარ მისიად ამომრჩევლებისთვის მაჟორიტარი დეპუტატის ფუნქციის ახსნასა და ამ ფუნქციის ფარგლებში ეფექტური სამუშაოების ჩატარებას თვლის.
„მთავარი მიზანია ამომრჩეველს მაჟორიტარი დეპუტატის კომპეტენციებში გავარკვიოთ, ავუხსნათ, რა ტიპის ამოცანების გადაჭრა შედის მის პირდაპირ მოვალეობაში. ინფორმირებული ამომრჩეველი არ მოტყუვდება და ბრმად არავის მიენდობა. მაჟორიტარი არის ამომეჩეველის ხმა პარლამენტში, მისი ინტერესის გამტარებელი“, - განაცხადა ონიანმა.
ონიანი ქუთაისში პარლამენტის დარჩენის და საპარლამენტო სტატუსის შენარჩუნების მომხრეა. ქუთაისში პარლამენტის სრული დატვირთვით ამოქმედება, მთელს დასავლეთ საქართველოს ქვეყნის პოლიტიკურ ცენტრთან დააახლოებს და გაზრდის ინვესტირების შესაძლებლობებს ქალაქის ეკონომიკაში.
თუმცა, დეპუტატობის კანდიდატის აზრით ერთი რომელიმე სტატუსი ქალაქის განვითარებისთვის საკმარისი არ არის, თუნდაც, საუნივერსიტეტო ქალაქად მისი გადაქცევა.
„ამ მხრივ უნდა ითქვას, ნებისმიერი სასწავლო დაწესებულება, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, მაღალ სტანდარტებს უნდა პასუხობდეს და სწავლების მაღალ ხარისხს ფლობდეს, ამას განსაკუთრებული ფუნქციონალური დატვირთვა არ სჭირდება, ხოლო მთელი ქალაქის პოტენციალის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე გადასროლა, დიდი შეცდომაა, ამ მიზნის განხორციელებას მრავალი ათწლეულები დასჭირდება, უნივერსიტეტის მშენებლობა გაცილებით რთულია, ვიდრე პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრა. ეს კონკრეტული ქალაქის საზრუნავი და სამუშაო კი არა, მთელი ქვეყნის პოლიტიკური ამოცანაა, რისთვისაც აუცილებელია მთელი ქვეყნის ინტელექტუალური რესურსის მობილიზება. ასეთი მიდგომა: „მოდით, ავაშენოთ საუნივერსიტეტო ქალაქი“, ცოტა არ იყოს, სასაცილოა. ბევრი პროექტი უნდა იყოს, მთავარია ხალხმა აირჩიოს, რა კუთხით სურს განვითარება. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი ტურიზმია, თუნდაც იმიტომ, რომ ქუთაისი არის ტურისტული ბანაკი. აუცილებლად უნდა მოხდეს ამ რესურსის სრულად გამოყენება.
მოკლედ, ქალაქისთვის მთავარია არა რომელიმე სტატუსი, არამედ იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც ადამიანებს საარსებო გარემოს გაუუმჯობესებს და დასაქმების შესაძლებლობებს გაზრდის“, - განაცხადა ონიანმა.
მას შენიშვნები მაჟორიტარის ბიუროს მუშაობასთან დაკავშირებითაც აქვს. ამბობს, რომ ბიუროს მუშაობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ დეპუტატი 52 ათას ამომრჩეველს მოემსახუროს. ყველა ყველა უბანში უნდა გაიხსნას მაჟორიტარი დეპუტატის წარმომადგენლობა, რომელიც მუდმივი კონტაქტში იქნება მოქალაქეებთან.
ონიანი თვლის, რომ მაჟორიტარობის ახალი სისტემა გაცილებით ხელსაყრელია ქუთაისისთვის. სამი მაჟორიტარის დახმარებით ქალაქი კეთილდღეობის მეტ შესაძლებლობებს გამოკვეთს. კონკურენტების შეფასებისგან თავს იკავებს.
„არავის შევაფასებ, არჩევანს ხალხი გააკეთებს, მთავარია რაც შეიძლება მეტი ხალხი მივიდეს არჩევნებზე. ადამიანებს უნდა დავუბრუნოთ საკუთარი რჩეულისადმი ნდობა. ჩვენ არ ვებრძვით პიროვნებებს, ვებრძვით პრობლემებს, რომლებიც ჩვენს ამომრჩეველს აწუხებს. ჩვენი მთავარი დაპირება და სლოგანია: „თქვენს მოთხოვნას ვაქცევთ მიზნად, მიზანს კანონად და კანონს ცხოვრების წესად“ - განაცხადა ონიანმა.
ამ დროისთვის 47-ე ოლქში „ქართული ოცნებიდან“ გენადი მარგველაშვილი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ გია თევდორაძე და „თავისუფალი დემოკრატებიდან“ გიორგი ხაზარაძე არიან დასახელებული. „პარტიოტებს“ ქუთაისში ამ დროისათვის ოთხი შტაბი აქვთ გახსნილი, იგეგმება დამატებითი შტაბების გახსნა შემოერთებულ სოფლებში.
"ნიუპრესი" აგრძელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მოსახლეობისათვის გაცნობას.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















